სარძევე ჯირკვალში შესაძლებელია გაჩდეს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნე. ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. დაავადება უმეტესად 40-70 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. სტატისტიკურად, ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის.
რა სიმპტომები აქვს ძუძუს კიბოს:
- მკვრივი და მოძრაობაში შეზღუდული წარმონაქმნი ძუძუში, რომელიც უფრო ხშირად უმტკივნეულოა
- ძუძუს თავის ჩაბრუნება, დეფორმაცია
- ცვლილებები Ძუძუს კანზე: ფერის შეცვლა, ლიმონის ქერქის მსგავსი კანი, ასევე, შესაძლებელია იყოს სიწითლე
- იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება, გამკვრივება
ძუძუს კიბოს მკურნალობას კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სხვადასხვა სპეციალისტების: მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგის და რადიოლოგისგან შემდგარი კონსილიუმი წარმართავს. გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას.
დიაგნოსტიკა
ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ კვლევებს:
- ფიზიკალური გასინჯვა-პალპაცია (ხელით გასინჯვა)
- 2D მამოგრაფია
- 3D მამოგრაფია-ტომოსინთეზი
- სარძევე ჯირკვლისა და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა
- სარძევე ჯირკვლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია( ჩვენებისამებრ)
- სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში:
- წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია (COR-ბიოფსია)
- წარმონაქმნის/ლიმფური კვანძის ასპირაციული ბიოფსია (FNA-ბიოფსია)
- ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მოქმედებს ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამაში ჩართვა უფასოა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 40-70 წლის ასაკის ქალებისათვის. გაიგეთ მეტი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ
Მკურნალობა
ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, ძუძუს კიბო განკურნებადია. ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების და კლინიკური სტადიის დადგენის შემდეგ მკურნალობის გეგმას განსაზღვრავს და კონსილიუმზე განიხილავს კლინიკური ონკოლოგი.
ძუძუს კიბოს მკურნალობის სახეებია:
- ქირურგიული მკურნალობა
ოპერაციის მასშტაბი დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, მდებარეობაზე, პათომორფოლოგიურ და იმუნოჰისტოტიპზე, დაავადების გავრცელებაზე ლიმფურ კვანძებში, ასევე, პაციენტის სურვილზე შეინარჩუნოს ძუძუ;
ამ მონაცემების გათვალისწინებით, უმეტეს შემთხვევებში კეთდება ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია, რას მოიცავს მხოლოდ სიმსივნის და მასთან მიმდებარე საღი ქსოვილისა და/ან იმავე მხარეს ლიმფური კვანძების ამოკვეთას. ამ ოპერაციის შემდეგ ძუძუ შენარჩუნდება და მიიღწევა კოსმეტიკურად მისაღები შედეგი.
ასევე, ოპერაციის დასწყისშივე ხდება სიმსივნესთან ახლომდებარე, ე. წ. "მოდარაჯე ლიმფური კვანძების" მეტასტაზური დაზიანება-არდაზიანების გარკვევა, რათა არ გაიზარდოს ოპერაციის მასშტაბი საღი ლიმფური კვანძების ამოკვეთის ხარჯზე. Სრულ დისექციას (დაზიანებული ძუძუს მხარეს მდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთა) ახასიათებს თანამოსახელე ხელის ოპერაციის შემდგომი შეშუპება. Მოდარაჯე ლიმფური კვანძების წინასწარი შეფასებით კი, შესაძლებელია ასეთი ქრონიკული მდგომარეობის თავიდან აცილება.
- სხივური თერაპია
სხივური თერაპიის მიზანია დათრგუნოს სიმსივნური უჯრედების გაზრდა-გამრავლება. ის გამოიყენება როგორც ოპერაციის წინ, ასევე, ოპერაციის შემდეგ. ხშირად მას მოსდევს წამლისმიერი მკურნალობა.
- სისტემური ქიმიოთერაპია
ქიმიოთერაპიის მიზანია სიმსივნის ზომის შემცირება და მთელი ორგანიზმის დაცვა მეტასტაზების განვითარებისგან. არსებობს ქიმიოთერაპიის ორი ვარიანტი: ოპერაციის წინ (ნეოადიუვანტური) და ოპერაციის შემდეგ, პროფილაქტიკური (ადიუვანტური). ოპერაციისა და სხივური თერაპიის შემდეგ დაავადების რეციდივის და მეტასტაზირებისგან თავის დასაცავად, ასევე, ტარდება შემდეგი სახის მკურნალობა:
- ჰორმონოთერაპია
- იმუნოთერაპია
- მიზანმიმართული (ტარგეტული) თერაპია