კლინიკური კვლევები სამედიცინო მეცნიერების ნაწილია და უმთავრეს როლს ასრულებს მედიცინის სფეროში ნებისმიერი პროგრესის მიღწევის საქმეში. კლინიკური კვლევებისას დაავადების პრევენციის, დიაგნოსტირების ან მკურნალობის ახალ გზებს ეძებენ.
კლინიკური კვლევებისას შესაძლოა შეისწავლებოდეს:
- ახალი პრეპარატები ან პრეპარატების ახალი კომბინაციები;
- ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ახალი მეთოდები;
- ახალი სამედიცინო აპარატურა;
- მკურნალობის არსებული მეთოდების ახლებურად გამოყენების გზები;
- ქცევის შეცვლის ახალი საშუალებები ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
- მწვავე ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ახალი გზები.
კლინიკური კვლევები ერთადერთი გზაა, რომლითაც გაირკვევა, არის თუ არა ახალი პრეპარატი უსაფრთხო ან მეტად ეფექტიანი იმ პრეპარატებთან შედარებით, რაც მოცემულ ეტაპზე გამოიყენება.
კლინიკური კვლევების ფაზები
კლინიკური კვლევები იყოფა ეტაპებად:
- I ფაზის კვლევები: მკვლევრები თავდაპირველად გამოცდიან პრეპარატს ან მკურნალობის მეთოდს ადამიანების მცირე ჯგუფში (20-80). ამ ფაზის მიზანი პრეპარატის ან მკურნალობის მეთოდის კვლევაა, რათა შეისწავლონ მისი უსაფრთხოება და გამოავლინონ გვერდითი ეფექტები.
- II ფაზის კვლევები: ახალ პრეპარატს ან მკურნალობას გამოცდიან ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფზე (100-300), რათა დაადგინონ მისი ეფექტიანობა და უკეთ შეისწავლონ უსაფრთხოება.
- III ფაზის კვლევები: ახალ პრეპარატს ან მკურნალობას გამოცდიან ადამიანთა დიდ ჯგუფზე (1.000-3.000), რათა დაადასტურონ მისი შედეგიანობა, თვალყური ადევნონ გვერდით ეფექტებს, შეადარონ ის სტანდარტულ ან მსგავს მკურნალობის მეთოდებს და შეაგროვონ ინფორმაცია, რომელიც ახალი პრეპარატის ან მკურნალობის მეთოდის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.
- IV ფაზის კვლევები: მას შემდეგ რაც პრეპარატს დაამტკიცებს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (U.S. Food and Drug Administration) და მას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის, მკვლევრები თვალყურს ადევნებენ მედიკამენტის უსაფრთხოებას მთლიან მოსახლეობაში, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ პრეპარატის ან მკურნალობის მეთოდის სარგებლისა და ოპტიმალური გამოყენების შესახებ.
რატომ უნდა ჩავერთოთ კლინიკურ კვლევებში
ადამიანები კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა მიზეზით მონაწილეობენ.
- ჯანმრთელი მოხალისეების კვლევებში მონაწილეობის მოტივაცია სხვების დახმარება და მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანაა;
- ადამიანები, რომელთაც რაიმე დაავადება აწუხებთ, იმ შესაძლებლობასაც ითვალისწინებენ, რომ კვლევებში ჩართვის შემთხვევაში იმკურნალებენ უახლესი მეთოდებით;
- არის ბევრი დაავადება, რომელთათვისაც ამ ეტაპზე არ არსებობს მკურნალობის დამტკიცებული სტანდარტი. კლინიკური კვლევები უნიკალური შესაძლებლობაა ამ პაციენტებისთვის, რომ მიიღონ პოტენციურად ეფექტიანი მკურნალობა;
- კლინიკური კვლევები უამრავ ადამიანს აძლევს შანსს, დაეხმარონ მკვლევრებს სამომავლოდ უკეთესი მკურნალობის შემუშავებაში.