ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსია (Stereotactic Needle Biopsy) არის პროცედურა, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვლის ქსოვილიდან ბიოფსიური მასალის აღება ხორციელდება მამოგრაფიული კონტროლით.
ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსიის ჩატარების მიზანია მამოგრაფიული კვლევით გამოვლენილი, ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების, ძუძუს ქსოვილში აღმოჩენილი არქიტექტურული დეზორგანიზაციის უბნების, ასევე, მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა, კერძოდ, სარძევე ჯირკვლის იმ დაზიანებების გამოკვლევა, რომლებიც ვერ იდენტიფიცირდება ულტრაბგერითი კვლევით.
ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსიის ტექნოლოგია პირველად საქართველოში კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დაინერგა, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა ძუძუს კიბოსა და სარძევე ჯირკვლის სხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკაში.
მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ევროპასა და აშშ-ში, ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამების დანერგვამ სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი და მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევათა გამოვლენის რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ყველა გამოვლენილი შემთხვევის ჰისტომორფოლოგიური დიაგნოსტიკისათვის ექციზიური ბიოფსიის ჩატარება. ამ ქირურგიული ოპერაციის პარალელურად, უკვე 1981 წლიდან დაინერგა ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსიის მეთოდი და დღეისათვის მან სადიაგნოსტიკო ექციზიური ბიოფსიები თითქმის სრულად ჩაანაცვლა.
ძუძუს სტერეტაქტური ბიოფსიის სახეები
- სტერეოტაქტური COR-ბიოფსია (მსხვილნემსიანი ბიოფსია)
- სტერეოტაქტური VAB-ბიოფსია (ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია)
ეს პროცედურა არის:
- ნაკლებად ტრავმული
- კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით
- ტარდება ამბულატორიულ პირობებში
პროცედურისას, პათოლოგიურ კერაში შესაძლებელია ჩაიდგას კლიპ მარკერი ან მიმმართველი – მეტალის ღუზა სარძევე ჯირკვლის დაზიანებული უბნის მოსანიშნად და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია.
ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსია, ისევე როგორც კლინიკაში დანერგილი 3D მამოგრაფიული კვლევა, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
კვლევას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, თუმცა, სასურველია გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
- კვლევის დღეს ნუ გამოიყენებთ დეზოდორანტს, ტალკის შემცველ პუდრს ან ლოსიონს, რადგან ისინი შესაძლოა გამოჩნდეს, როგორც კალციუმის ჩანართები;
- კვლევის დაწყებამდე აუცილებლად შეტყობინეთ ექიმს, თუ არსებობს ორსულობის ალბათობა;
- გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურამდე აუცილებელია ალერგიული ფონის შეფასება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე;
- თუ თქვენ რეგულარულად იღებთ რაიმე სახის მედიკამენტს, აუცილებლად წინასწარ შეტყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს და ის მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციას მედიკამენტების მიღების გაგრძელებასა ან დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით;
- კვლევისას თქვენ მოგიწვეთ წელზევით გახდა, ამიტომ ჩაიცვით სამოსი, რომლის გახდაც მარტივი იქნება;
- ნუ გაიკეთებთ სამკაულს, რადგან კვლევისას მისი მოხსნა მოგიწევთ.
პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, პაციენტს არ მოუწევს კლინიკაში დარჩენა.
პროცედურის დროს პაციენტი არის მწოლიარე მდგომარეობაში.
მას უკეთდება ადგილობრივი ანესთეზია, პროცედურა თითქმის უმტკივნეულოა.
პროცედურა 30- 60 წუთს გრძელდება. ის უფრო ხანგრძლივია, თუ ბიოფსიასთან ერთად ხდება კლიპირება ან ღუზის ჩადგმა.
პროცედურის ჩატარების შემდეგ უნდა მოერიდოთ გადატვირთვას და ინტენსიურ აქტივობებს.
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ:
- მკერდის მნიშვნელოვან შეშუპებას, სიწითლეს
- სისხლჟონვას ბიოფსიის არიდან
- ტემპერატურულ რეაქციას
ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსიის პროცედურის შემდეგ ქსოვილი იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ ლაბორატორიაში.
კვლევის პასუხს პაციენტი 10 დღეში მიიღებს.