მამოგრაფია

მამოგრაფია რადიოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც უსაფრთხო, დაბალი დოზის რენტგენული სხივების საშუალებით, ხდება სარძევე ჯირკვლების  ვიზუალიზაცია. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის დაავადებების ადრეული დეტექცია და დიაგნოსტირება. 

მამოგრაფიული კვლევა გამოიყენება ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ქალს სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება. მამოგრაფიული კვლევა, ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც სადიაგნოსტიკო მეთოდი ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ ძუძუს კიბოსთან ასოცირებული სიმპტომები, როგორებიცაა: წარმონაქმნის არსებობა ძუძუში, ტკივილი, კანის დეფორმაცია/ჩაღრმავება და ძუძუდან გამონადენი. 

ACR (American College of Radioloy) და NCCN (National Comprehensive Cancer Network) გაიდლაინების მიხედვით, მამოგრაფიით სკრინინგი ქალებში მოწოდებულია 40 წლის ასაკიდან ყოველწლიურად.

"კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია ამერიკული, General Electric-ის ფირმის უახლესი 3D მამოგრაფით (მოდელი: GE Senographe Essential with Senoclaire 3D Tomosynthesis). მამოგრაფის ამ თანამედროვე მოდელს შემდეგი უპირატესობები გააჩნია:

  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება;
  • კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა;
  • მინიმალური დასხივება;
  • 3D მამოგრაფია (ტომოსინთეზი), რომლის გადაღებისას გამოკვლევა ხდება სამ განზომილებიან სივრცეში და მიიღება ძუძუს შრეობრივი გამოსახულება. სტანდარტული მამოგრაფიისა და ტომოსინთეზის კომბინაცია ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და ამცირებს ძუძუს ქსოვილის ზედდებით გამოწვეულ დამატებითი კვლევების აუცილებლობას. ტომოსინთეზი საშუალებას გვაძლევს სრულად შეფასდეს წარმონაქმნის კონტურები სხვადასხვა შრეში, დადგინდეს მისი ზუსტი ზომები, გამოირიცხოს ძუძუს ქსოვილის ზედდებით გამოწვეული ცვლილებების არსებობა. აგრეთვე, აღმოვაჩინოთ დაზიანება, რომელიც შესაძლოა სტანდარტულ მამოგრამაზე არ დაფიქსირდეს;
  • ძლიერი HP-ს ვორქსთეიშენი მაღალი გარჩევადობის 5 MP Barco-ს მონიტორებით, რაც უმცირესი დეტალების დანახვის და შეფასების საშუალებას იძლევა.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

მამოგრაფია არ უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, მაშინ, როდესაც სარძევე ჯირკვლები განსაკუთრებით მგრძნობიარე, მტკივნეული და მკვრივია. მამოგრაფიის ჩატარებისთვის იდეალური დრო მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის ვადაა, ამიტომ კვლევა შესაბამის პერიოდში უნდა დაგეგმოთ. 

მამოგრაფიულ კვლევას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, თუმცა, სასურველია გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • მამოგრაფიული კვლევის დღეს ნუ გამოიყენებთ დეზოდორანტს, ტალკის შემცველ პუდრს ან ლოსიონს, რადგან მამოგრამაზე ისინი შესაძლოა გამოჩნდეს როგორც კაცლიუმის ჩანართები;
  • თუ მამოგრაფია ადრეც გაქვთ ჩატარებული სხვა დაწესებულებაში, შეეცადეთ მოიძიოთ ჩანაწერი, თან იქონიოთ ის კვლევისას და აჩვენოთ რადიოლოგს, რათა მან შეძლოს გამოკვლევის პასუხების ერთმანეთთან შედარება;
  • თუ ადრე მამოგრაფიული კვლევა თქვენთვის დისკომფორტის მომგვრელი იყო, შეგიძლიათ კვლევის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. უმჯობესია მისი მიღება შეუთანხმოთ ექიმს;
  • კვლევისას თქვენ მოგიწევთ წელზევით გახდა, ამიტომ ჩაიცვით სამოსი, რომლის გახდაც მარტივი იქნება;
  • უმჯობესია ჩაიცვათ უქუსლო, მოხერხებული ფეხსაცმელი, რადგან მამოგრაფიული კვლევა მდგომარე პოზიციაში ჩაგიტარდებათ;
  • კვლევის დღეს ნუ გაიკეთებთ სამკაულს ყელზე, რადგან კვლევისას მისი მოხსნა მოგიწევთ;
  • სასურველია მამოგრაფიის ჩატარებამდე 3-4 დღით ადრე შეამციროთ ან საერთოდ შეწყვიტოთ კოფეინის შემცველი საკვების და სასმელის მიღება, როგორიცაა ყავა და შოკოლადი. კოფეინი ზრდის თქვენი სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობას.
     
როგორ ტარდება მამოგრაფიული კვლევა

ყურადღება! კვლევის დაწყებამდე:

  • თუ ხართ ორსულად, აუცილებლად უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს და რადიოლოგს;
  • რადიოლოგს აღუწერეთ ძუძუს პათოლოგიასთან ასოცირებული სიმპტომები.

კვლევის დაწყებამდე თქვენ გთხოვენ გაიხადოთ ტანსაცმელი წელზევით და მოიხსნათ სამკაული ყელიდან. 

პროცედურისას თქვენ დგებით აპარატის წინ. სამედიცინო გუნდის წარმომადგენელი ათავსებს თქვენს ერთ სარძევე ჯირკვალს პლატფორმაზე და აპარატს თქვენს სიმაღლეს მოარგებს. 

თქვენს მკერდს ნელ-ნელა დააწვება პლასტიკური ფირფიტა. ზეწოლა მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდება. პროცესი მტკივნეული არ არის, თუმცა ზოგი ქალი განიცდის გარკვეულ დისკომფორტს. თუ პროცედურით გამოწვეული დისკომფორტი ზედმეტად მოგეჩვენათ, უთხარით ამის შესახებ რადიოლოგს. ზეწოლა საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი სარძევე ჯირკვლების ქსოვილი გათანაბრდეს, ასევე, ის აღკვეთს მოძრაობას და შესაბამისად, შესაძლებელს ხდის რენტგენულ კვლევას. ხანმოკლე დასხივების დროს თქვენ მოგიწევთ სუნთქვის შეკავებაც. 

კვლევის დასრულების შემდეგ, თქვენ ცოტა ხნით მოცდა მოგიწევთ, იმისათვის, რომ რადიოლოგმა შეაფასოს მიღებული გამოსახულების ხარისხი. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია, ხარისხი არ იყოს დამაკმაყოფილებელი და თქვენ ტესტის ნაწილის განმეორება მოგიწიოთ. 
 

რა დრო სჭირდება მამოგრაფიულ კვლევას

მამოგრაფიულ კვლევას 15-დან 30 წუთამდე დრო სჭირდება.