როგორ მოვემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის

ექიმთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. იმისათვის, რომ თქვენი ვიზიტი მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს, უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ და დაგეგმოთ გარკვეული საკითხები. 

ჩვენ გირჩევთ, ექიმთან ვიზიტამდე:

ჩამოწერეთ თქვენი ჩივილები და შეკითხვები პრიორიტეტების მიხედვით
 

ექიმთან ვიზიტისას ყველა მეტ-ნაკლებად ღელავს. ამის გამო შესაძლოა ვიზიტი ისე დასრულდეს, რომ გამოგრჩეთ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი ან თქვენთვის საინტერესო შეკითხვის დასმა. ამიტომ წინასწარ ჩამოწერეთ ყველა ის ჩივილი, რომელიც გაწუხებთ პრიორიტეტულობის მიხედვით. ასევე, ჩამოწერეთ ყველა ის შეკითხვა, რომელიც ფიქრობთ, რომ ექიმს უნდა დაუსვათ. ექიმთან ვიზიტისას თან იქონიეთ თქვენი შეკითხვების სია, რომელიც დაგეხმარებათ ისაუბროთ თქვენთვის საჭირო ყველა საკითხზე. 

მოაგროვეთ და თან იქონიეთ თქვენი სამედიცინო ჩანაწერები
 

ექიმთან ვიზიტისას, განსაკუთრებით, თუ თქვენ პირველად ხვდებით ახალ ექიმს, შესაძლოა სასარგებლო იყოს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაკეთებული ადრეული ჩანაწერები - სხვადასხვა კვლევების პასუხები, მიღებული დანიშნულებები და სხვა.

თუ თქვენ რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს, სასურველია მოამზადოთ მათი სიაც: რომელ პრეპარატს იღებთ, რა დოზითა და რეგულარობით. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ ექიმთან ვიზიტისას არაფერი გამოგრჩათ და მას სწორ და სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შეუთანხმდით თქვენი ოჯახის წევრს ან მეგობარს, რომ წამოგყვეთ ექიმთან
 

ხშირად ოჯახის წევრის ან მეგობრის თანხლება ექიმთან ძალიან სასარგებლოა. ახლობელი ადამიანი არა მხოლოდ მოგიხსნით ვიზიტთან დაკავშირებულ შფოთვას, არამედ შეძლებს გაგიწიოთ დახმარებაც, მაგალითად, შეგახსენოთ საკითხი, რომელიც გამოგრჩათ, ან ვიზიტის შემდგომ შეგახსენოთ ექიმის ნათქვამი და მის მიერ მოცემული რჩევა. 

თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ვიზიტი თქვენსა და ექიმს შორის შეხვედრას და მხოლოდ თქვენ ორს შორის კომუნიკაციას გულისხმობს. ამიტომ, არ არის სასურველი თქვენს თანხმლებ პირს ჰქონდეს წამყვანი როლი ამ შეხვედრისას. თქვენ შესაძლოა გსურდეთ, ექიმს გაუზიაროთ გარკვეული პირადი ინფორმაცია. 

არ მოგერიდოთ სთხოვოთ თქვენს თანმხლებ პირს, დატოვოს შეხვედრა როცა ეს საჭიროა. შესაძლოა მას შეხვედრის დატოვება ექიმმაც სთხოვოს. ასევე, არის გარკვეული პროცედურები, რომლის დროსაც თანმხლები პირები არ დაიშვებიან, როგორიცაა მაგალითად ფიზიკალური გასინჯვა და სხვა. 

ამიტომ უმჯობესია, წინასწარ შეუთანხმდეთ თქვენი ოჯახის წევრსა თუ მეგობარს, კონკრეტულად რაში გჭირდებათ დახმარება და თანადგომა, ასევე, აუხსნათ, რომ შესაძლოა გარკვეული დროით ექიმთან ერთი-ერთზე საუბარი დაგჭირდეთ.

გაარკვიეთ კონსულტაციის ფასი, გადახდის ფორმები და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები
 

უმჯობესია  ეს საკითხები ვიზიტის დაჯავშნისას ჩვენი კლინიკის წარმომადგენელთან დააზუსტოთ. კერძოდ, რა ღირს ექიმის კონსულტაცია, როგორი ფორმით აპირებთ გადახდას და იქნება თუ არა ამის შესაძლებლობა, მოქმედებს თუ არა თქვენი დაზღვევა და ა.შ. 

დეტალური ინფორმაცია ამბულატორიული მომსახურების შესაძლო დაფინანსების წყაროების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.