კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მიიღება ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება რენტგენის სხივების გამოყენებით. იგი ორგანიზმის სრულყოფილ გამოსახულებას იძლევა.

რადიოლოგი დეტალურად ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ანატომიურ ცვლილებებს და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის შემდეგ წერს შესაბამის დასკვნას. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია TOSHIBA  General Electric (GE)-ის 2024 წლის კომპიუტერული 128 შრიანი ტომოგრაფით. კლინიკა ყოველწლიურად 4000-ზე მეტ კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევას ატარებს. 

კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ღრუს, კიდურების კტ კვლევა, როგორც უკონტრასტოდ, ასევე, ინტრავენური და პერორალური კონტრასტირებით;
  • სხეულის ყველა რეგიონის კტ ანგიოგრაფია;
  • ფილტვის, შუასაყრის, თირკმელებისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების ბიოფსია კტ კონტროლით.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

როგორ მოვემზადოთ გამოკვლევისთვის

კტ გამოკვლევისთვის პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. სასურველია: 

  • არ მიიღოთ საკვები კტ კვლევის ჩატარებამდე 2-3 საათით ადრე;
  • კლინიკაში მოხვიდეთ სამკაულის გარეშე, რადგან მეტალის ნივთი გამოსაკვლევ მიდამოში კვლევის დროს უნდა მოიხსნათ;
  • არ ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომელიც შეიცავს მეტალის ელემენტებს. 

სპეციალურ მომზადებას საჭიროებენ მხოლოდ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ დაქვეითებული თირკმლის ფუნქციები და, იმავდროულად, კვლევის წარმოებისთვის ესაჭიროებათ ინტრავენური კონტრასტირება. ასეთ შემთხვევაში eGFR კალკულატორის საშუალებით მოწმდება თირკმლის ფუნქცია და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მომზადება ხდება კლინიკაში შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით.

როგორ ტარდება კტ გამოკვლევა

კტ გამოკვლევის დროს პაციენტი წვება მაგიდაზე, რომელიც გვირაბის მსგავს აპარატში შედის, ამ დროს რენტგენის სხივების მეშვეობით ასკანირებს სხეულს და მიღებულ გამოსახულებებს ამუშავებს სპეციალური მძლავრი კომპიუტერი. 

გამოკვლევის დაწყებამდე ჩვენი სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას დანიშნული კვლევის შესახებ: გაგაცნობენ ინფორმაციას გამოკვლევის მიმდინარეობის, ხანგრძლივობის შესახებ; კონტრასტის გამოყენების შემთხვევაში მოგაწდვიან ინფორმაციას მოსალოდნელი შესაძლო შეგრძნებებისა და გართულებების შესახებ. 

უკონტრასტო კვლევა საშუალოდ 3-6 წთ გრძელდება, ხოლო კონტრასტული გამოკვლევა - 8-10 წთ. გამონაკლის შემთხვევებში, გამოვლევა შესაძლოა 15 წთ-მდე გაგრძელდეს (მაგ: თირკმელზედა ჯირკვლის კვანძის არსებობის შემთხვევაში).

რამდენ დასხივებას მივიღებ კტ გამოკვლევის დროს

უკონტრასტო გამოკვლევის ფარგლებში პაციენტი დაახლოებით 1-5 mSv დასხივებას იღებს, ხოლო კონტრასტული გამოკვლევისას  (3 ან 4 სისტემის გამოკვლევისას) - დაახლოებით 20-45 mSv. (დასხივების დოზა იცვლება საკვლევი სისტემების რაოდენობის მიხედვით).
 

ვისთვის არ არის რეკომენდებული კტ გამოკვლევა

კტ გამოკვლევის ჩატარებას აბსოლუტური უკუჩვენება არ აქვს. გამოკვლევა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევით მიღებული ინფორმაციის ფასეულობა აჭარბებს დასხივებით მიღებულ რისკს. 

კტ გამოკვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის.  

კტ კგამოვლევის ჩატარება კონტრასტით არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის, აგრეთვე, პოლიორგანული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

როდის მივიღებ კტ გამოკვლევის პასუხს

უმეტეს შემთხვევაში, კტ გამოკვლევის პასუხს პაციენტი იღებს კვლევის ჩატარებიდან მეორე დღეს. 

გამონაკლის და სასწრაფო აუცილებლობის შემთხვევაში, პასუხი გაიცემა იმავე დღეს, მაგ: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს.