ექიმთან შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ხშირად თან გარკვეული შფოთვა ახლავს, რაც სრულიად ბუნებრივია. იმისათვის, რომ თქვენი ვიზიტი ექიმთან მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს, მასთან შეხვედრისას გირჩევთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
სასურველია კლინიკაში დროულად მოხვიდეთ
ექიმებს, როგორც წესი, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. იმისათვის, რომ თქვენთვის გამოყოფილი დრო ექიმმა სრულად გამოიყენოს, სასურველია კლინიკაში დათქმულ დროზე 10-15 წუთით ადრე მოხვიდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია ექიმთან შესვლამდე.
დასვით ყველა შეკითხვა და მიიღეთ პასუხი
გახსოვდეთ, არ არსებობს არასწორი ან უხერხული კითხვები. დასვით ყველა შეკითხვა, რომელიც გაინტერესებთ. თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია, არ მოგერიდოთ შეკითხვის ხელახლა დასმა. ექიმთან ვიზიტის შემდგომ თქვენთვის ყველა საკითხი გასაგები უნდა იყოს, ამიტომ დასვით კითხვები მანამ, სანამ თქვენთვის ყველაფერი ცხადი არ იქნება.
ჩაინიშნეთ
სასურველია ექიმთან შეხვედრისას თან იქონიოთ ბლოკნოტი და ჩაინიშნოთ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია. ეს ჩანაწერი დაგეხმარებათ, მომავალში აღიდგინოთ ექიმთან საუბრის მნიშვნელოვანი დეტალები.
დარწმუნდით, რომ კარგად ხედავთ და გესმით
ბევრი ხანდაზმული ადამიანი იყენებს სათვალეს ან სჭირდება სმენის დამხმარე საშუალებები. ასეთ შემთხვევაში, ექიმთან შეხვედრისას აუცილებელია თან იქონიოთ სათვალე და სმენის აპარატი. თუ თქვენ გიჭირთ რაიმეს დანახვა ან გაგონება, ამის შესახებ აუცილებლად უთხარით ექიმს, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად, ისაუბრებს უფრო ნელა და ხმამაღლა.
გაარკვიეთ ექიმთან შემდგომი კომუნიკაციის დეტალები
შეხვედრისას აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ და როდის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს დამატებითი კითხვების გაჩენის, ან მისი დამატებითი რჩევისა თუ რეკომენდაციის საჭიროების შემთხვევაში. ასევე, აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ უნდა მოიქცეთ საგანგებო სიტუაციაში, თუ დაგჭირდათ გადაუდებელი დახმარება, ვის მიმართოთ და როგორ, როდის ჩააყენოთ თქვენი ექიმი საქმის კურსში და ა.შ.
იყავით გულახდილი
გულახდილობა ექიმთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ექიმი იმისთვისაა, რომ დაგეხმაროთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ მასთან გულწრფელი, რათა მან მიიღოს სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეძლოს, სრულყოფილად შეაფასოს, თუ როგორ გრძნობთ თავს.