კოლონოსკოპია

კოლონოსკოპია ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც ხდება სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილის დათვალიერება.

ენდოსკოპია ნაკლებად ინვაზიური ინსტრუმენტალური კვლევაა, რომლის დროსაც ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევა ოპტიკური ხელსაწყოებით ხდება. პროცედურის დროს, ექიმი სპეციალური აპარატის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებს. საჭიროების შემთხვევაში, აკეთებს ორგანოს კედლის მცირე ზომის მასალის აღებას (ბიოფსიას) შემდგომი ციტოლოგიური ან/და პათომორფოლოგიური კვლევისთვის.

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია Olympus-ის ფირმის ვიდეო ენდოსკოპიური თანამედროვე სისტემით. პროცედურასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირების მიზნით ენდოსკოპიური კვლევები ტარდება გაუტკივარებით და სედაციის (ზედაპირული ძილის) პირობებში.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

კოლონოსკოპიის ჩატარებისთვის აუცილებელია ნაწლავის დაცლა, რათა ნარჩენებმა არ დაფაროს მხედველობის არეალი და არ გაართულოს პროცედურის ჩატარება. პროცედურისთვის მოსამზადებლად საჭიროა მედიკამენტის მიღებაც. თქვენი მკურნალი ექიმი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას კოლონოსკოპიის კვლევისთვის მომზადებასთან დაკავშირებით თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ნაწლავის დასაცლელად უნდა შესარულოთ შემდეგი პროცედურები:

დიეტა

კოლონოსკოპიის ჩატარებამდე 3-4 დღით ადრე სასურველია დაიცვათ მსუბუქი დიეტა. ამ დღეებში უმჯობესია მიირთვათ პური, ბრინჯი, მოხარშული ბოსტნეული კანის გარეშე, კანგაცლილი ხილი, უცხიმო ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი. სასურველია თავი შეიკავოთ ისეთი პროდუქტების მოხმარებისაგან, როგორიცაა: ცხიმიანი საკვები, თხილეული, პოპკორნი, უმი ბოსტნეული, კანგაუცლელი ხილი, სიმინდი, ბროკოლი, კომბოსტო, ლობიო და მარცვლეული.

კოლონოსკოპიის ჩატარების წინა დღეს სასურველია მიიღოთ მხოლოდ თხევადი საკვები. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში მიიღოთ საკმარისი ოდენობის წყალი.

საკვებისა და სასმელის მიღება უნდა შეწყვიტოთ პროცედურის ჩატარებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე.

 

სხვა მედიკამენტების მიღება

თუ თქვენ რეგულარულად იღებთ რაიმე პრეპარატს, კითხეთ ექიმს, შეიძლება თუ არა მისი მიღება კვლევამდე.

ნაწლავების წმენდა საფაღარათო საშუალებით

კოლონოსკოპიის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე აუცილებელია ნაწლავების გასუფთავება საფაღარათო საშუალებით.  ამისათვის გამოიყენება პრეპარატი ფორტრანსი. სულ დაგჭირდებათ 4 პაკეტი ფორტრანსი.

ერთი პაკეტი გახსენით 1 ლიტრ წყალში (ჯამში 4 ლიტრი) და გამოკვლევის წინა საღამოს (დაახლოებით 20:00 საათამდე), 2-3 საათის განმავლობაში დალიეთ 2 ლიტრი მომზადებული ხსნარი. თუ გაგიჭირდათ ხსნარის მიღება, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ასევე, შეგიძლიათ ხსნარი საწრუპით დალიოთ.

პრეპარატის მიღების დაწყებიდან 30-60 წუთში დაგეწყებათ კუჭის მოქმედება, რომელიც გაგრძელდება ხსნარის დალევის დასრულებიდან კიდევ 1.5-2.5 საათი. ამ პერიოდში თქვენ გექნებათ ძლიერი ფაღარათი, ამიტომ ამ პერიოდში უმჯობესია დარჩეთ სახლში.

თუ გაწუხებთ ბუასილი, ის შეიძლება გაგიმწვავდეთ. შესაძლებელია ამ პროცესს, ასევე, თან დაერთოს სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა ან სისუსტე. ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში, უმჯობესია დაუკავშირეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა პროცედურის შეწყვეტა.

საბოლოოდ, თუკი ყველაფერი სწორად გააკეთეთ, განავალი იქნება შარდის ან სუფთა წყლის მაგვარი.

მეორე 2 ლიტრი ხსნარი უნდა მიიღოთ კვლევის ჩატარების დღეს, დაახლოებით დილის 9:00 სთ-ზე.

შესაძლებელია, პროცედურის დაწყებამდე, ჩატარდეს გამწმენდი ოყნა.

ეს პროცედურა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ის ზრდის ალბათობას, რომ კვლევა ჩატარდება სრულფასოვნად, ექიმი ყველა საჭირო არეალს სრულად და მარტივად დაინახავს და კვლევაც უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება.

როგორ ტარდება კოლონოსკოპია
 

კვლევის დაწყებამდე კეთდება ინტრავენური ანესთეზია, რაც გამყოფებთ ზედაპირული ძილის პირობებში და პროცედურა სრულიად უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად ჩაივლის, ექიმს კი სრულყოფილი დათვალიერების საშუალება ეძლევა.

კოლონოსკოპიის დროს პაციენტი თავსდება საწოლზე. ექიმი შედის მილით სწორ ნაწლავში და ატარებს კვლევას. პროცედურა 20-დან 60 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს.

პროცედურის დასრულების შემდეგ თქვენ 1-2 საათი დარჩებით კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და შესაძლებლობა გექნებათ მოისვენოთ პალატაში. კოლონოსკოპიის შემდეგ არ არის მიზანშეწონილი მანქანის მართვა.

პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი გექნებათ შებერილობა და აირების დაგროვება. სიარული დაგეხმარებათ ამ დისკომფორტის შემცირებაში. შეიძლება, ასევე, შეამჩნიოთ მცირე რაოდენობით სისხლი, გამოკვლევის შემდეგ ნაწლავის პირველი მოქმედების დროს. ეს მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში არ არის საგანგაშო. იმ შემთხვევაში, თუ სისხლიანი გამონადენი ან კოლტები გახანგრძლივდა, ან თუ გექნებათ მუდმივი მუცლის ტკივილი და სიცხე (≥ 37,8°C), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.