გასტროსკოპია

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (ე.წ. გასტროსკოპია) ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც ხდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება, პაპილოსფინქტეროტომია.

ენდოსკოპია ნაკლებად ინვაზიური ინსტრუმენტალური კვლევაა, რომლის დროსაც ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევა ოპტიკური ხელსაწყოებით ხდება. პროცედურის დროს, ექიმი სპეციალური აპარატის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებს. საჭიროების შემთხვევაში, აკეთებს ორგანოს კედლის მცირე ზომის მასალის აღებას (ბიოფსიას) შემდგომი ციტოლოგიური ან/და პათომორფოლოგიური კვლევისთვის.

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია Olympus-ის ფირმის ვიდეო ენდოსკოპიური თანამედროვე სისტემით. პროცედურასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირების მიზნით ენდოსკოპიური კვლევები ტარდება გაუტკივარებით და სედაციის (ზედაპირული ძილის) პირობებში.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის
 

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის (გასტროსკოპიის) ჩატარებისთვის აუცილებელია კვლევის ჩატარებამდე 6-8 საათით ადრე შეწყვიტოთ საკვების მიღება, ასევე, არ მიიღოთ არანაირი სითხე კვლევის ჩატარებამდე 2-3 საათით ადრე. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ დამატებითი ინსტრუქციები კვლევისთვის მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
 

როგორ ტარდება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია)
 

კვლევის დაწყებამდე თქვენ მოგიწევთ კბილების პროთეზის, ლინზების, სათვალის, სმენის აპარატის მოხსნა. კვლევის დღეს სასურველია ჩაიცვათ მოხერხებული ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

კვლევის დაწყებამდე ხდება ადგილობრივი ანალგეზია (გაუტკივარება) ლიდოკაინის შესხურებით ყელში. ასევე, სურვილის შემთხვევაში გაგიკეთდებათ ინტრავენური ანესთეზია, რაც გამყოფებთ ზედაპირული ძილის პირობებში და პროცედურა სრულიად უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად ჩაივლის.

გაუტკივარების შემდეგ ექიმს შეჰყავს რბილი და მოქნილი მილი პირის ღრუში და ატარებს კვლევას. მილის ბოლოში განთავსებულია მცირე ზომის ნათურა და კამერა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება გამოკვლევა.

პროცედურა დაახლოებით 10 წუთი გრძელდება. თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, თქვენ ერთ საათამდე დროით დარჩებით კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

პროცედურის დასრულების შემდეგ შესაძლოა გქონდეთ უმნიშვნელო ყელის ტკივილი, მუცლის შებერილობა და გაზები. ეს სიმპტომები ნორმალურია, თუმცა, თუ ისინი ძალიან შემაწუხებელი გახდა, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.