ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც პირველადი კერიდან ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში გავრცელება ახასიათებს.ფილტვის კიბო სიხშირით მეორე სიმსივნური დაავადებაა ქალებსა და კაცებში.
ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების: კლინიკური ონკოლოგის, პულმონოლოგის, მორფოლოგის, ქირურგის, რადიაციული ონკოლოგისა და რადიოლოგისგან შემდგარი კონსილიუმი წარმართავს. გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას.
დიაგნოსტიკა
ფილტვის კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევებია:
- გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT);
- Პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით (PET/CT);
- ბიოფსია (პროცედურა გულისხმობს ექიმის მიერ ნემსით ფილტვიდან სიმსივნური ქსოვილის მცირე ნაწილის აღებას);
- ბრონქოსკოპია (წვრილი, კამერიანი მილით პირის ღრუდან ხდება სასუნთქი გზების დათვალიერება და, საჭიროებისამებრ, ტარდება ბიოფსიაც);
- Სიმსივნის ბიოფსიური მასალის პათომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევები და გენეტიკური მუტაციების (EGFR, ALK, PD-l1) დადგენა.
ფილტვის კიბოს სკრინინგი
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" შესაძლებელია ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება. ფილტვის კიბოს სკრინინგით დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია ჩივილების გამოვლენამდე. დაავადების ადრეული სტადია კი საშუალებას იძლევა, სიმსივნე ქირურგიული მეთოდით რადიკალურად ამოიკვეთოს. სკრინინგი და ადრეულ სტადიაზე დაავადების აღმოჩენა განკურნების საწინდარია.
ფილტვის კიბოს სკრინინგში ერთადერთი რეკომენდებული გამოკვლევა დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიაა. აღნიშნული კვლევის დროს პაციენტი წევს მაგიდაზე და მოწყობილობა იყენებს გამოსხივების დაბალ დოზას ფილტვების გამოსახულების მისაღებად.
მკურნალობა
ფილტვის კიბოს წარმატებული მკურნალობის მეთოდებია:
- მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურები;
- ინტერვენციული პულმონოლოგია;
- პაციენტზე მორგებული ქიმიოთერაპია;
- ინოვაციური მკურნალობის სახეები, როგორიცაა იმუნოთერაპია და ტარგეტული თერაპია;
- დამიზნებითი სხივური თერაპია.
მკურნალობა "კონსილიუმ მედულაში"
ფილტვის კიბოს მკურნალობა განსხვავდება სიმსივნის ტიპისა და გავრცელების მიხედვით. ფილტვის არაწვრილუჯრედული ფორმის მკურნალობა, ძირითადად, მოიცავს ოპერაციულ ჩარევას, ქიმიო- და იმუნოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ტარგეტულ მკურნალობას; ასევე, შესაძლებელია ამ მეთოდების კომბინაციაში გამოყენებაც.
ფილტვის წვრილუჯრედოვანი ფორმის მკურნალობა ტარდება ქიმიო- და/ან იმუნოპრეპარატებით და სხივური თერაპიით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფილტვის სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდი,რომელიც განიხილავს კონკრეტული პაციენტის ძირითადი დაავადების მორფოლოგიურ ტიპს, გავრცელებას, ზოგად მდგომარეობას სიმსივნური და სხვა თანმხლები დაავადებების თანაარსებობასთან მიმართებაში, პაციენტის თანხმობას ან უარს მკურნალობაზე და სხვა. ამგვარი მუშაობა და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება მეტად ეფექტიანია პაციენტზე მორგებული მკურნალობის შესარჩევად და გვერდითი მოვლენების უკეთ მართვისათვის.
ყურადღების გარეშე არ რჩება, აგრეთვე, პაციენტის უარი მკურნალობაზე - მაგალითად, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გვერდითი მოვლენები აჭარბებს მკურნალობის ეფექტურობას, ასეთ შემთხვევაში სპეციალისტთა გუნდი ნიშნავს დამხმარე მედიკამენტებსა და სიმპტომური მკურნალობას.
ქირურგიული ჩარევისას ხდება ფილტვის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში. Სიმსივნის ტიპის, ზომის, მდებარეობისა და ფილტვის ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, არსებობს ქირურგიული მკურნალობის ოთხი ძირითადი ტიპი:
- კიდითი რეზექცია, როცა ხდება ფილტვის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში;
- სეგმენტური რეზექცია, რომლის დროსაც ხდება ფილტვის რომელიმე სეგმენტის ამოღება;
- ლობექტომია, რომლის დროსაც ხდება ფილტვის რომელიმე წილის სრული ამოკვეთა;
- პნევმონექტომია, რომლის დროსაც ხდება ერთი ფილტვის სრული ამოკვეთა.
ოპერაციული ჩარევისას ქირურგმა, ასევე, შეიძლება ამოკვეთოს რეგიონული ლიმფური კვანძებიც, რათა შეფასდეს მათში სიმსივნური უჯრედების არსებობა.
ქირურგიული მკურნალობა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა სიმსივნე მხოლოდ ფილტვშია. თუ სიმსივნე დიდი ზომისაა ან გავრცელებულია, დაზიანების შესამცირებლად ინიშნება ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია. ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ინიშნება ოპერაციის შემდეგ ადიუვანტური თერაპიის სახით, რათა გამყარდეს ოპერაციის შედეგი და შემცირდეს დაავადების გავრცელების რისკი.
სხივური თერაპიის დროს სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად გამოიყენება მაღალი ენერგიის მქონე რადიოაქტიური სხივები. მკურნალობის პროცესში პაციენტი წევს მაგიდაზე, ხოლო დამასხივებელი მოწყობილობა მოძრაობს მის გარშემო და მის სხეულზე ასხივებს ძალიან ზუსტად, მხოლოდ გარკვეულ წერტილებს.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ადგილობრივად გავრცელებული კიბო, სხივური თერაპია შესაძლოა დაინიშნოს ოპერაციამდე ან მის შემდეგაც. ასევე, ხშირად, სხივური თერაპია ინიშნება ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. გავრცელებული ფილტვის კიბოს დროს, სხივური თერაპია შესაძლებელია დაინიშნოს ტკივილის შესამსუბუქებლად.
ქიმიოთერაპიული პრეპარატები, აღწევს რა სიმსივნურ უჯრედში, ამცირებს პათოლოგიური გამრავლების პროცესს და შლის მის სტრუქტურას. სამკურნალოდ შესაძლოა ერთი ან რამდენიმე მედიკამენტი ერთად იქნას გამოყენებული, გადასხმა ხდება ინტრავენურად. არსებობს Ქიმიოპრეპარატები ტაბლეტური ფორმითაც. ქიმიოთერაპიული მკურნალობა, როგორც წესი, ტარდება გარკვეული დროის ინტერვალებით და შედგება ციკლებისგან. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე.
ქიმიოთერაპიული მკურნალობა ხშირად ინიშნება ოპერაციული ჩარევის შემდეგ, რათა მოხდეს ნარჩენი სიმსივნური უჯრედების განადგურება. ასევე, შეიძლება მისი გამოყენება ცალკეც ან სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. ზოგ შემთხვევაში, ქიმიოთერაპიული მკურნალობა ინიშნება ოპერაციამდე, რათა მოხდეს სიმსივნური ქსოვილის ზომაში შემცირება, რაც ხელსაყრელია ოპერაციის ჩატარებისა და მისი მასშტაბის შესამცირებლად.
იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვის კიბოს გავრცელებული ფორმა, ქიმიოთერაპიული მკურნალობა ინიშნება სიმპტომების შესამსუბუქებლად, ზოგადი მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სტერეოტაქსიური სხივური თერაპია, იგივე რადიოქირურგია, მოიცავს ინტენსიურ დასხივებას, რომელიც სიმსივნისაკენ მიმართავს მრავალ სხივს ბევრი კუთხიდან. სტერეოტაქსიური სხივური თერაპია, როგორც წესი, სრულდება ერთ ან რამდენიმე პროცედურაში.
მკურნალობის ეს მეთოდი შეიძლება იყოს არჩევითი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვის წვრილუჯრედული კიბო და ვერ ხერხდება ოპერაციული ჩარევა. ასევე, შესაძლოა მისი გამოყენება, თუკი დაავადება გავრცელებულია სხვა ორგანოებში, როგორიცაა თავის ტვინი.
ტარგეტული მკურნალობა მიმართულია უშუალოდ კიბოს უჯრედებისათვის დამახასიათებელი პროცესების წინააღმდეგ. ამ უჯრედშიდა მექანიზმზე ზემოქმედებით ტარგეტული პრეპარატი იწვევს მხოლოდ კიბოს უჯრედების კვდომას.
ფილტვის კიბოს მკურნალობაში მრავალი ტარგეტული მედიკამენტი არსებობს, თუმცა უმეტესობა გამოიყენება გავრცელებული ან რეკურენტული ფილტვის კიბოს დროს.
ზოგიერთი ტარგეტული მედიკამენტი მოქმედებს გარკვეული გენური მუტაციის მქონე სიმსივნეზე. ამ მუტაციების აღმოსაჩენად საჭიროა ფილტვის კიბოს უჯრედების მოლეკულური შესწავლა, რათა სწორად მოხდეს კონკრეტული მუტაციისთვის უფრო მეტად ეფექტური მედიკამენტების შერჩევა.
იმუნოთერაპია ახდენს პაციენტის საკუთარი იმუნური სისტემის უნარის გაძლიერებას სიმსივნის უჯრედების ამოცნობაში და ამით ეხმარება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. იმუნური სისტემა შესაძლოა ვერ ეწინააღმდეგებოდეს კიბოს უჯრედებს, რადგან მათ აქვთ უნარი გამოიმუშავონ ისეთი ცილები, რომლებითაც „ემალებიან“ იმუნურ სისტემას. იმუნოთერაპია მოქმედებს სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ. იმუნოთერაპიული მკურნალობა უპირატესად გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის კიბო.