ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, იმის მიუხედავად რომ ავთვისებიანი სიმსივნეა, ნელი პროგრესირება და კეთილსაიმედო პროგნოზი ახასიათებს. შემთხვევათა უმეტესობა პათომორფოლოგიურად პაპილარული კიბოა, რომელიც განსაკუთრებით ნელი პროგრესირებით გამოირჩევა. ძირითადად Მისი გავრცელება ხდება მხოლოდ ახლომდებარე, ე. Წ. რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ანუ არ სცილდება კისრის ლიმფურ კვანძებს.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობას კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სხვადასხვა სპეციალისტების: ენდოკრინოლოგის, კლინიკური ონკოლოგის, ონკოქირურგისა და რადიოლოგისაგან შემდგარი კონსილიუმი წარმართავს. გუნდურობის პრინციპი მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.
დიაგნოსტიკა
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით კვლევას. საეჭვო კვანძის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება მისი ასპირაციული ბიოფსია მასალის ციტოლოგიური კვლევით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ კვლევებს:
- ფარისებრი ჯირკვლისა და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
- ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში, თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა სისხლში
- კვანძის ასპირაციული ბიოფსია მასალის ციტოლოგიური კვლევით
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ჩართულია თბილისის მერიის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამაში. პროგრამაში ჩართვა უფასოდაა შესაძლებელი თბილისში რეგისტრირებული 25-70 წლის ასაკის ქალებისთვის. გაიგეთ მეტი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ
მკურნალობა
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკუნალობა ხშირად ქირურგიული გზით იწყება. ოპერაციის მასშტაბი დამოკიდებულია სიმსივნის პათომორფოლოგიურ ტიპზე, ზომაზე, ლიმფურ კვანძებში გავრცელებასა და მეზობელ ორგანოებში ჩაზრდაზე.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის დროს მიმდინარეობს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი. თანამედროვე გაიდლაინებით ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს ხორხის ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათი დაზიანების პრევენციას. შედეგად, მცირდება ისეთი ოპერაციული გართულებების განვითარების რისკი, როგორიცაა, ხმის ჩახლეჩა და ხმის დაკარგვა.
მკურნალობის შემდგომი ეტაპი შესაძლოა უკავშირდებოდეს რადიაქტიული იოდით მკურნალობას ან სუპრესიულ ჰორმონოჩანაცვლებით თერაპიას. პაციენტი მუდმივად რჩება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და გარკვეული პერიოდულობით უტარდება ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე, კისრის ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი და სხვა კვლევები, ასევე, კლინიკური ონკოლოგის კონსულტაცია.