კლინიკაში ვიზიტი
კლინიკაში მობრძანდით ზუსტად დათქმულ დროს. კლინიკაში, როგორც წესი, არაერთი ოპერაციაა დაგეგმილი. თქვენმა დაგვიანებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ოპერაციების დაგეგმილ გრაფიკზე, ამიტომ დაგვიანების გამო შესაძლოა თქვენი ოპერაციის დაწყება დაგვიანდეს ან საერთოდ გადაიდოს. თქვენი ოპერაციის დაწყების დრო, ასევე, შეიძლება შეიცვალოს წინა ოპერაციების დაგვიანების ან გახანგრძლივების გამო. მსგავსი შემთხვევა იშვიათია, თუმცა შესაძლოა, ამან თქვენი ოპერაციის განრიგი შეცვალოს და ის ზუსტად დათქმულ დროს ვერ დაიწყოს, რის გამოც შესაძლოა მოგიწიოთ კლინიკაში დაყოვნება.
როგორ ჩავიცვათ ოპერაციის დღეს
ოპერაციის დღეს დილით მიიღეთ აბაზანა. არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი და თავისუფალი ტანსაცმელი. არ გაიკეთოთ კონტაქტური ლინზები და სამკაული. ოპერაციის დღეს თან უნდა იქონიოთ ვენების ელასტიური გეტრი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ანესთეზიოლოგი.
პროცედურები ოპერაციამდე
ოპერაციის დღეს კლინიკაში მოსვლისთანავე თქვენ გაივლით რეგისტრაციას და გაიხსნება თქვენი სტაციონარული ბარათი. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიგაცილებენ წინასაოპერაციო პალატაში. პირად ნივთებს ჩააბარებთ ექთანს. გამოიცვლით ტანსაცმელს და მოირგებთ კლინიკის თეთრეულს (ხალათს, ჩუსტებს).
ოპერაციის დაწყებამდე ექიმის ასისტენტი გაგაცნობთ ინფორმირებული თანხმობის ფორმას ოპერაციაზე და სისხლის გადასხმის პროცედურაზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით მოცემულ ტექსტს. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია, ექიმი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ამის შემდეგ, თუ ყველა პირობა მისაღები იქნება თქვენთვის, თანხმობას დაადასტურებთ ხელმოწერით.
ოპერაციამდე ექთანი დაგიყენებთ ვენის კათეტერს და გადასხმის სისტემას. ოპერაციის დაწყების დრო დამოკიდებულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის გავლაზე.
თუ თქვენ გჭირდებათ თქვენს სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის (ე.წ. „ბიულეტენის“) წარდგენა, ამის შესახებ ინფორმაცია ოპერაციამდე მიაწოდეთ ექიმის ასისტენტს, რათა დროულად მოხდეს მისი გახსნა. მომდევნო დღეებში საავადმყოფო ფურცელი ვერ გაიხსნება.
რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია
ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოპერაციული ჩარევის მასშტაბსა და ტიპზე. თქვენი ოპერაციის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით ქირურგი.
რომელი ტიპის ანესთეზია გაგიკეთდებათ
ანესთეზიის ტიპი განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
- ოპერაციის ტიპი;
- ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა და ქირურგიული ჩარევის მიდამო;
- თქვენი ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა და ჯანმრთელობის სტატუსი;
- მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ.
ინფორმაციას ანესთეზიის ტიპის შესახებ მოგაწვდით ანესთეზიოლოგი და ქირურგი. ანესთეზიოლოგს შეხვდებით ოპერაციამდე. ის მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ანესთეზიის დადებითი მხარეების, გვერდითი ეფექტებისა და შესაძლო გართულებების შესახებ.