საყვარელი ადამიანების ვიზიტი, როგორც წესი, დადებითად აისახება პაციენტის ემოციურ მდგომარეობასა და გამოჯანმრთელების პროცესზე. თუმცა, მეორეს მხრივ, პაციენტის მონახულება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ პაციენტის მონახულებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ მოცემული რეკომენდაციები, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ვიზიტი ერთდროულად სასიამოვნოც იყოს და უსაფრთხოც:
აიღეთ ნებართვა ვიზიტის შესახებ პაციენტისგან
შესაძლოა არსებობდეს მრავალი მიზეზი, რატომაც თქვენს ახლობელს არ სურდეს, რომ ის კლინიკაში მოინახულოთ. აუცილებელია პაციენტის ნება-სურვილის პატივისცემა, ამიტომ აუცილებლად შეუთანხმეთ მას თქვენი ვიზიტის დრო და მიიღეთ მისი ნებართვა.
არ მიხვიდეთ კლინიკაში, თუ გაქვთ საფრთხის შემცველი სიმპტომები
კლინიკაში თქვენი ვიზიტი დაუშვებელია თუ გაქვთ გრიპისა და გაციების ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: სურდო, ხველა, სიცხე, სისუსტე და სხვა. ასევე, დაუშვებელია კლინიკაში ვიზიტი ფაღარათის დროს. იმ შემთხვევაში, თუ თავს სრულიად ჯანმრთელად არ გრძნობთ, აუცილებელია თავი შეიკავოთ კლინიკაში ვიზიტისგან, რითაც დაიცავთ თქვენს ახლობელს, კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებსა და კლინიკის პერსონალს.
ნუ წამოიყვანთ ბავშვებს
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" სტაციონარში ბავშვები არ დაიშვებიან.
დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექიო ხსნარით
პალატაში შესვლამდე თქვენ მიიღებთ რეკომენდაციას სტაციონარის პერსონალისგან, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვათ. ვიზიტისასა აუცილებელია გეკეთოთ პირბადე და პალატაში შესვლამდე ხელები კარგად დაიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით. ნუ შეეხებით პაციენტს და მის ნივთებს. დაიცავით მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია მთელი ვიზიტის მანძილზე.
შეარჩიეთ სწორი საჩუქარი
საჩუქარი, რომლითაც გსურთ თქვენი ახლობელი გაახაროთ, შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. სასურველია არ მიიტანოთ არანაირი საკვები, თუ ზუსტად არ გაქვთ ინფორმაცია ექიმისგან პაციენტისთვის ნებადართული საკვების შესახებ. მოერიდეთ ისეთი საჩუქრების მიტანას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ასეთია, მაგალითად, ყვავილები და ბუშტები. კარგი საჩუქარი შეიძლება იყოს წიგნი, ჟურნალი, მაისური ან საღამური და მსგავსი უსაფრთხო პროდუქცია.
მოარიდეთ პაციენტი მძაფრ სუნს
ოპერაციის შემდგომ პაციენტისთვის ნებისმიერი მძაფრი სუნი შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს. ამიტომ ვიზიტამდე არ დაისხათ სუნამო, არ მოწიოთ თამბაქო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი თავად მწეველია.
დარჩით ცოტა ხნით
შეეცადეთ თქვენი ვიზიტი ხანმოკლე იყოს. პაციენტს ოპერაციის შემდეგ ესაჭიროება დასვენება და სიმშვიდე. ხანგრძლივი ვიზიტი კი მისთვის დამღლელი იქნება. ამიტომ, ნუ დარჩებით მასთან 20-30 წუთზე მეტ ხანს.
"კონსილუმ მედულას" სტაციონარში ნახვის საათებია 17:00-19:00. დაიშვება მხოლოდ თითო მნახველი.
ახალი კორონავირუსით (COVID 19) გამოწვეული სიტუაციის გათვალისწინებით, კლინიკაში პაციენტის თანმხლები პირების გადაადგილება შეზღუდულია. კლინიკაში შესაძლოა მოქმედებდეს კარანტინი, ამიტომ წინასწარ გადაამოწმეთ, შეძლებთ თუ არა თქვენი ახლობლის მონახულებას.