ტარგეტული თერაპიის გზამკვლევი

ეს გზამკვლევი მოგაწვდით ინფორმაციას ტარგეტული თერაპიის შესახებ. მასში იპოვით პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე. ასევე, გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ მკურნალობის პერიოდში საკუთარ თავზე იზრუნოთ.

რა არის ტარგეტული თერაპია
 

ტარგეტული თერაპია ონკოლოგიაში არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც გამოყენებული სამკურნალო საშუალებები ამოიცნობს და ზემოქმედებას ახდენს იმ სპეციფიკურ მოლეკულებზე, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს უჯრედის ზრდასა და გავრცელებაში. ამგვარი მოლეკულები წარმოიქმნება კიბოს უჯრედის ზედაპირზე (უფრო მცირე რაოდენობით ნორმალურ უჯრედებზეც) და უჯრედის შიგნითაც. 

დღეისათვის ცნობილია ტარგეტული პრეპარატების ორი ჯგუფი: მონოკლონური ანტისხეულები (სახელწოდების დაბოლოებით "-მაბი") და დაბალმოლეკულური ნაერთები (დაბოლოებით "-იბი"). 

მონოკლონური ანტისხეულები მოქმედებს კიბოს უჯრედის  ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებზე ან  უჯრედგარე არსებულ ზრდის ფაქტორებზე. დაბალმოლეკულურ ნაერთებს უნარი აქვს, შეაღწიოს უჯრედში და იქ მოახდინოს მოლეკულისშიდა მექანიზმების ბლოკირება. ტარგეტული თერაპიის ზოგი პრეპარატი ისე "მონიშნავს" სიმსივნურ უჯრედს, რომ ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ ამოიცნოს და გაანადგუროს იგი. ზოგი პრეპარატი კი თვით იმუნური სისტემის გაძლიერებაზე მუშაობს, რომ ის შეებრძოლოს და დაამარცხოს კიბოს უჯრედი. ტარგეტული თერაპიის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიისათვის (მკურნალობა ერთი ჯგუფის მედიკამენტით), ასევე, მკურნალობის სხვა მეთოდთან - ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და სხივური მკურნალობით კომბინაციაში.

რა არის კიბოს უჯრედი
 

იმისათვის რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ტარგეტული თერაპია, სასარგებლოა ვიცოდეთ, რა არის კიბოს უჯრედი. ადამიანის სხეულის უჯრედები იზრდება და იყოფა კონტროლირებადი გზით. თითოეულ უჯრედს თავისი ფუნქცია აქვს, ის ასრულებს თავის საქმეს და სიცოცხლის ბუნებრივი ხანგრძლივობის დასრულების შემდეგ კვდება. ადამიანის სხეული მუდმივად თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან.

კიბოს უჯრედი ნორმალურისაგან  განსხვავებით:

  • სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება და მრავლდება;
  • არის "უხილავი" იმუნური სისტემისთვის, ამიტომ იმუნურ სისტემას არ შეუძლია მათი განადგურება;
  • ახერხებს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, რაც წარმოქმნის სიმსივნეს;
  • ქმნის ახალ სისხლძარღვებს, რომელიც კვებავს მათ.

როგორ მუშაობს ტარგეტული თერაპია
 

ტარგეტული თერაპია არ უტევს ყველა სწრაფად მზარდ უჯრედს. ტარგეტული თერაპია განასხვავებს კიბოს უჯრედებს, ამოიცნობს რა ჯანმრთელი უჯრედებისაგან განსხვავებულ მათ ქცევას. 

ტარგეტულ თერაპიას შეუძლია:

  • შეაჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა, გაყოფა და გამრავლება;
  • შეამოკლოს კიბოს უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა;
  • შეაჩეროს სიმსივნის სისხლმომარაგება;
  • დაეხმაროს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების განადგურებაში;
  • მიაწოდოს უჯრედებისთვის მომაკვდინებელი ნივთიერებები კიბოს უჯრედებს;
  • გამოიწვიოს კიბოს უჯრედების შიმშილი, მათთვის საჭირო საკვები ნივთიერებების არმიწოდების გზით.

ტარგეტული თერაპია არ მუშაობს კიბოს ყველა სახეობაზე, კიბოს ზოგიერთი ტიპი მკურნალობის ამ მეთოდს არ ექვემდებარება. ამიტომ, ტარგეტულ თერაპიას წინ უსწრებს სიმსივნის მოლეკულური გამოკვლევა. თქვენი კლინიკური ონკოლოგი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენადაა შესაძლებელი ტარგეტული თერაპიის გამოყენება თქვენს შემთხვევაში.

როგორ ხდება მედიკამენტების მიღება ტარგეტული თერაპიის დროს
 

ინიექცია: პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ;
ინტრავენური (IV): პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში;
ორალური: ტაბლეტის, კაფსულის ან სითხის სახით, მიღება ხდება პირის ღრუდან.

ტარგეტული თერაპიის ტიპები

კინაზას ინჰიბიტორები

ეს მცირე ზომის მოლეკულის შემცველი მედიკამენტებია, დაბალმოლეკულური ნაერთები, რომლებიც იოლად აღწევენ უჯრედში და იწვევენ კიბოს უჯრედშიდა მექანიზმის ბლოკირებას მოლეკულურ დონეზე. ეს მედიკამენტები გამოდის ტაბლეტირებული ფორმით და მიიღება ორალურად. 

მონოკლონური ანტისხეულები

ეს მედიკამენტები დიდი ზომის მოლეკულებისგან შედგება. ამიტომ მათი შეღწევა კიბოს უჯრედში ვერ ხერხდება. ამის ნაცვლად, ისინი ემაგრებიან კიბოს უჯრედის ზედაპირზე არსებულ სამიზნე მოლეკულებს, ხდებიან "ხილული" ორგანიზმის იმუნური სისტემისთვის და იმუნური პასუხის შედეგად კიბოს უჯრედები ნადგურდება. ეს მედიკამენტები მიიღება კანქვეშა, კუნთშიდა ან ინტრავენური ინიექციის გზით. უკვე მიმდინარეობს მედიკამენტის კაპსულირებული ფორმის კლინიკური კვლევებიც. 

გვერდითი მოვლენები
 

ტარგეტული თერაპია ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელ უჯრედებს, ვიდრე ეს, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს ხდება. ამიტომ, გვერდითი მოვლენებიც უფრო ნაკლებია. 

შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი  გვერდითი მოვლენები: 

  • დაღლილობა
  • ტემპერატურის მომატება
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები
  • კანისა და თმის ცვლილებები: კანის სიმშრალე, აკნეს მსგავსი გამონაყარი, ფრჩხილების სტრუქტურის შეცვლა, თმის დეპიგმენტაცია
  • მზის სხივებზე და სინათლეზე მგრძნობელობის გაზრდა
  • სუნთქვის გაძნელება
  • არტერიული წნევის მატება
  • გულის კუნთის ცვლილებები და გულის  მუშაობის ფუნქციის დარღვევა
  • გავლენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე (პირი, საყლაპავი, კუჭი და ნაწლავები), დიარეა
  • ჰეპატოტოქსიურობა - ცვლილებები ღვიძლის ფერმენტების ანალიზში
  • ცვლილებები შარდის ანალიზში
  • ნერვული სისტემის ცვლილებები, დეპრესია
  • ცვლილებები სისხლში, სისხლის შედედების სისტემის მოშლა
  • წონის კლება ან მატება                                                                                                                                                                                                                                               

გვერდითი მოვლენები განსხვავებულია ტარგეტული თერაპიისთვის გამოყენებული მედიკამენტის მიხედვით. ასევე, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. თქვენი კლინიკური ონკოლოგი მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის დაწყებამდე, რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი თქვენს შემთხვევაში.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარება აუცილებელი არ არის, თქვენ შეიძლება რამდენიმე ან არცერთი მათგანი არ განგივითარდეთ. გვერდითი მოვლენების არარსებობა არ არის კავშირში ტარგეტული თერაპიის ეფექტიანობასთან და არ ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს. და პირიქით, მათი გამოვლენა არ ნიშნავს, რომ ტარგეტული თერაპია უკეთ მუშაობს. პაციენტების უმეტესობა ტარგეტული თერაპიის პერიოდში თავს კარგად გრძნობს და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

თუმცა, ვინაიდან ტარგეტული თერაპია მეცნიერებასა და პრაქტიკაში ახალი სიტყვაა, ყველა გვერდითი მოვლენა ჯერ, შესაძლოა, აღწერილი არც იყოს. თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო ან მოულოდნელ გვერდით მოვლენას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს. 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს
 

თქვენი კლინიკური ონკოლოგი გეტყვით, რა სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში უნდა აცნობოთ მას ამის შესახებ. ზოგადი სიმპტომები, რომლის დროსაც აუცილებელია მიმართოთ ექიმს, შემდეგია:

  • 38°C-ზე მაღალი სიცხე
  • ხშირი სისხლდენა და ჩალურჯება, რომელიც მცირე დაზიანების შემთხვევაში, ან მის გარეშე ჩნდება
  • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა მაღალი სიცხე, შემცივნება, ოფლიანობა, კისრის გაშეშება
  • წონის კლება ან მატება, რომელიც 5 კგ-ს აღემატება
  • სუნთქვის გაძნელება
  • პირის ღრუსა და ყელის ტკივილი
  • ფაღარათი
  • ინიექციის ადგილის ტკივილი
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • მკერდის ტკივილი
  • გულისცემის ცვლილება
  • დეპრესია

სხვა მედიკამენტები
 

არ მიიღოთ არანაირი მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს ეხება ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ტკივილგამაყუჩებელ და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს. თუ თქვენ გჭირდებათ რაიმე მედიკამენტის მიღება, არ მიიღოთ ის, ვიდრე არ გაივლით კონსულტაციას თქვენ კლინიკურ ონკოლოგთან.

საკუთარ თავზე ზრუნვა
 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" თქვენი მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალისტებისაგან შემდგარი გუნდია ჩართული. გახსოვდეთ, თქვენ ამ გუნდის ცენტრალური ფიგურა ხართ და თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. 

ტარგეტული თერაპიის დროს, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჯეროვნად იზრუნოთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ:

  • თქვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოთ ექიმის დანიშნულება
  • დანიშნული მედიკამენტები მიიღოთ ზუსტად იმ დროს და იმ ფორმით, როგორც ეს ექიმის მიერ არის მოწოდებული
  • უნდა იზრუნოთ ყველა მედიკამენტის სათანადო წესით შენახვაზე
  • უნდა იკვებოთ სრულფასოვნად და ჯანსაღად
  • უნდა დალიოთ საკმარისი რაოდენობის სითხე ყოველდღიურად
  • უნდა დაისვენოთ 
  • უნდა იზრუნოთ ჰიგიენაზე
  • უნდა დაიცვათ თავი ინფექციებისგან
  • უნდა შეასრულოთ ექიმის მიერ მოცემული ყველა რეკომენდაცია თქვენი ცხოვრების წესთან დაკავშირებით