მკურნალობის დაფინანსება

როგორ მივიღოთ მკურნალობის დაფინანსება

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა ფინანსდება როგორც საყოველთაო დაზღვევის პროგრამით  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე,  კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. დაფინანსების და თანადაფინანსების მოპოვება შესაძლებელია გამგეობიდან, მერიიდან, ან სხვა სახელმწიფო უწყებიდან. 

საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, სრულად ფინანსდება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია; ასევე, რადიოლოგიური და  ლაბორატორიული გამოკვლევები ქიმიოთერაპიის ან ჰორმონოთერაპიის სამი ციკლის ჩატარების შემდგომ. 

კლინიკაში ვიზიტისას პირადი მონაცემების საფუძველზე გაიგებთ, შეგიძლიათ თუ არა საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (საყოველთაო დაზღვევა)
  • მკურნალობის დასაფინანსებლად კლინიკა თქვენს ფორმა # 100 ატვირთავს სახელმწიფო საინფორმაციო პორტალზე. თავად თქვენ არ მოგიწევთ დოკუმენტაციის ჩაბარება.
  • დაფინანსების თაობაზე თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) ტელეფონის იმ ნომერზე, რომელიც მითითებულია კლინიკაში რეგისტრაციისას. ნომრის შეცვლის შემთხვევაში მიაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის რეგისტრატურას.
  • დაფინანსების მიღების შესახებ აცნობეთ ექიმის ასისტენტს და კლინიკაში ვიზიტისას თან იქონიეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული კოდი. 
  • თუ გექნებათ სურვილი, დარჩენილი თანხის დაფინანსებაზე წარადგინოთ ფორმა # 100 კერძო სადაზღვევო კომპანიაში, გამგეობაში ან მერიაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმის ასისტენტს, ან ფინანსურ მენეჯერს. მოგიმზადებთ საჭირო დოკუმენტაციას, ასევე, მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ქმედებების შესახებ. 
რეფერალური პროგრამა
  • რეფერალური პროგრამით სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად, კლინიკიდან აიტვირთება ფორმა #100 და კალკულაცია;  ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. .
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ივსება განაცხადი, რომელსაც თან ერთვის  კლინიკიდან მიმართვების ადმინისტრირების მოდულზე ატვირთული  მოთხოვნის ფურცელი.
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
კერძო სადაზღვევო კომპანია
  • დაფინანსების მიღებისთვის ზოგიერთ კერძო სადაზღვევო კომპანიებში კლინიკიდან ელექტრონულად გადაიგზავნება ფორმა # 100 და კალკულაცია, ზოგიერთში კი აუცილებელია უშუალოდ პაციენტის მიერ წარდგენა (მაგ.ირაო, არდი). 
  • დაფინანსების მიღების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი სადაზღვევო კომპანია, რიგ შემთხვევაში, ექიმის ასისტენტიც.
  • კლინიკაში ვიზიტამდე სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოაგზავნოს საგარანტიო წერილი კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე.
თბილისის მერია

შენიშვნა: თბილისის მერიიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე მეტი ღირებულების სერვისებზე.

 

  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება თბილისის მერიიდან, კლინიკიდან აიტვირთება ფორმა # 100 და კალკულაცია, თქვენ თავად არ მოგიწევთ დოკუმენტების წარდგენა;
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
თბილისის გამგეობა

შენიშვნა: თბილისის გამგეობიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე ნაკლები ღირებულების  სერვისებზე.

 

  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება თბილისის გამგეობიდან, კლინიკიდან აიტვირთება ფორმა # 100 და კალკულაცია,   ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ გამგეობაში;
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
რაიონული მუნიციპალიტეტის მერია
  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება რაიონული მუნიციპალიტეტის მერიიდან (იურიდიული მისამართის მიხედვით), კლინიკიდან მიგაქვთ ფორმა # 100 და კალკულაცია, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ მუნიციპალიტეტის მერიაში.
  • დაფინანსების მიღების შემთხვევაში, უნდა მიხვიდეთ მუნიციპალიტეტის მერიაში და აიღოთ დაფინანსების საგარანტიო წერილი, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში.