კლინიკური ონკოლოგი არის ექიმი-ონკოლოგი, რომელიც განსაზღვრავს ონკოპაციენტისათვის საჭირო გამოკვლევებს, დაადგენს სწორ დიაგნოზს კლინიკური სტადიით, მართავს მკურნალობის პროცესს და მკურნალობის შემდგომ მუდმივად მეთვალყურეობს პაციენტს.
კლინიკური ონკოლოგის ფუნქციაა, აგრეთვე, წამლისმიერი მკურნალობის ჩატარება და მართვა ქიმიო, ჰორმონო, იმუნო და ტარგეტული თერაპიის პრეპარატებით. კლინიკური ონკოლოგი ის პირველი ექიმი-ონკოლოგია, რომელთანაც ვიზიტს საჭიროებს პაციენტი ეჭვით ონკოლოგიურ პროცესზე ან უკვე დადგენილი ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზით.
კლინიკური ონკოლოგი კრებს პაციენტის მონაცემებს, კონსილიუმზე მოიწვევს ყველა საჭირო პროფილის ექიმს, რათა მიღებულ იქნას დამატებითი გამოკვლევების აუცილებლობის და/ან მკურნალობის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება დაავადების არსებულ ეტაპზე.
გახსოვდეთ, ამ გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი თქვენ თავად ხართ! თქვენი თანამშრომლობა და მზაობა, აქტიურად იყოთ ჩართული, მისდიოთ ექიმების რჩევებსა და რეკომენდაციებს, სრულად და დროულად მიაწოდოთ მათ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენი მკურნალობის პროცესში.
ყოველი შეხვედრა თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრებისას ორივე მხარემ, როგორც თქვენ, ასევე თქვენმა კლინიკურმა ონკოლოგმა, ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თქვენი საუკეთესო თანამშრომლობისათვის, გირჩევთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
ზოგ ადამიანს სურს, იცოდეს მაქსიმალურად ბევრი თავისი ონკოლოგიური დააავადების შესახებ, ზოგს კი მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის მიღება ურჩევნია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა. თქვენი არჩევანის შესახებ კლინიკურ ონკოლოგს უნდა აცნობოთ და ის შეეცდება, მოგაწოდოთ იმდენი ინფორმაცია და იმ ფორმით, როგორც ეს თქვენთვის იქნება კომფორტული და მისაღები.
მკურნალობის დაწყებამდე თქვენი კლინიკური ონკოლოგი გაგაცნობთ მკურნალობის სტრატეგიას და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას მისი ეტაპებისა და ხანგრძლივობის შესახებ. თუმცა, თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარი დარჩა, აუცილებლად დასვით შეკითხვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სრულად გესმოდეთ, რა სახის მკურნალობა შეირჩა და რატომაა ის საუკეთესო თქვენთვის. ამიტომ დასვით შეკითხვები მკურნალობის ალტერნატიული გზების შესახებ, ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ, რათა დარწმუნდეთ, რომ შემოთავაზებული მკურნალობა საუკეთესოა თქვენთვის და იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ მის ყოველ ეტაპზე.
ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პროცესში შესაძლოა მოგიწიოთ ცხოვრების წესის შეცვლა. აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს და მოისმინეთ მისი რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შეძლებთ თუ არა მუშაობის გაგრძელებას, მოგიწევთ თუ არა კვების რეჟიმის შეცვლა, შეგიძლიათ თუ არა განაგრძოთ ვარჯიში ან სხვა აქტივობები და ა.შ.