ეს გზამკვლევი მოგაწვდით ინფორმაციას ქიმიოთერაპიის შესახებ. მასში იპოვით პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე. ასევე, გაიგებთ თუ როგორ შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩატარებამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდგომ.
ქიმიოთერაპია კიბოს მკურნალობის წამლისმიერი მეთოდია, რომლის დროსაც კიბოს უჯრედების გასანადგურებლად სხვადასხვა პრეპარატი გამოიყენება.
იმისათვის რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ქიმიოთერაპია, უნდა ვიცოდეთ რა არის კიბოს უჯრედი. ჩვენი სხეულის უჯრედები იზრდება და იყოფა კონტროლირებადი გზით. თითოეულ უჯრედს თავისი ფუნქცია აქვს, ის ასრულებს თავის მოვალეობას და კუთვნილი სიცოცხლის ხანგრძლივობის გასვლის შემდეგ კვდება. ჩვენი სხეული მუდმივად თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან.
ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით, უკვე კიბოდ გადაგვარებული უჯრედები:
- სწრაფად და უკონტროლოდ იზრდებიან და მრავლდებიან
- არიან "უხილავი" იმუნური სისტემისთვის, ამიტომ იმუნურ სისტემას არ შეუძლია მათი განადგურება
- ახერხებენ გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, რაც ზრდის სიმსივნეს მოცულობაში
- ჩნდება ახალი სისხლმომარაგება
ქიმიოთერაპია აჩერებს ან ანელებს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას. თუმცა მან შესაძლოა დააზიანოს ის ნორმალური უჯრედებიც, რომლებიც, ასევე, სწრაფად მრავლდებიან და იზრდებიან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პირის ღრუსა და ნაწლავის ლორწოვანი შრის ან თმის ფოლიკულის უჯრედები. ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გამო ვითარდება გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე.
კიბოს სახეობისა და მისი ადგილობრივი ან შორეული გავრცელების შესაბამისად, ქიმიოთერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას:
კიბოს განკურნებისათვის-როდესაც ქიმიოთერაპია ანადგურებს კიბოს უჯრედებს და დაავადება აღარ ვითარდება.
კიბოს კონტროლისათვის-როდესაც ქიმიოთერაპია ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას, ანელებს ზრდას ან კლავს მეტასტაზებს (კიბოს უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმის სხვა ნაწილებშია გავრცელებული).
კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად (პალიატიური ზრუნვა)-როდესაც ქიმიოთერაპია ამცირებს სიმსივნეს, რომელიც ტკივილს ან ზეწოლას იწვევდა.
ხშირად ქიმიოთერაპია გამოიყენება, როგორც კიბოს მკურნალობის ერთადერთი საშუალება. თუმცა, უფრო ხშირად ქიმიოთერაპია გამოიყენება კომბინაციაში ქირურგიულ, სხივურ, ტარგეტულ ან იმუნოთერაპიასთან ერთად.
ქიმიოთერაპიას შეუძლია:
- შეამციროს სიმსივნე ოპერაციამდე ან სხივური თერაპიის დაწყებამდე. ეს ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიაა.
- გაანადგუროს კიბოს უჯრედები, რომლებიც შესაძლოა დარჩნენ ორგანიზმში ოპერაციის ან სხივური თერაპიის შემდგომ. ეს ადიუვანტური ქიმიოთერაპიაა.
- დაეხმაროს სხივურ თერაპიას ან იმუნოთერაპიას, რათა მათ უკეთ იმუშაონ.
- გაანადგუროს კიბოს უჯრედები, რომლებიც ხელახლა გაჩნდა (რეციდივი), ან გავრცელდა ორგანიზმის სხვა ნაწილებში (მეტასტაზი).
ის, თუ რომელ კონკრეტულ მედიკამენტს შეარჩევს თქვენი კლინიკური ონკოლოგი ქიმიოთერაპიისთვის, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- კიბოს სახეობაზე: ზოგი მედიკამენტი გამოიყენება კიბოს სხვადასხვა, ზოგი კი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სახეობისთვის
- ჩაგიტარებიათ თუ არა ქიმიოთერაპია ადრე
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა თანმხლებ დაავადებაზე, როგორიცაა, დიაბეტი, გულის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სხვა
- ინიექცია: პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ
- ინტრაარტერიული (IA): პრეპარატის შეყვანა ხდება იმ არტერიაში, რომელიც კიბოს კვებავს
- ინტრაპერიტონეალური (IP): პრეპარატის შეყვანა ხდება პერიტონეუმის ღრუში (პერიტონეუმის ღრუს ორგანოებია: კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი, ელენთა)
- ინტრავენური (IV): პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში
- ადგილობრივი გამოყენების (Topical): მედიკამენტს აქვს კრემის ფორმა, რომელიც უნდა იქნას დატანილი კანზე
- ორალური: ტაბლეტი, კაფსულა ან სითხე, მიღება ხდება პირის ღრუდან
ქიმიოთერაპიით მკურნალობის რეჟიმი ძალიან განსხვავდება და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- რა სახეობის კიბოა და რამდენად გავრცელებულია ის
- რა არის მკურნალობის მიზანი
- როგორია ქიმიოთერაპიის სქემა
- როგორი იქნება ორგანიზმის რეაქცია, რომელიც ქიმიოთერაპიას მოჰყვება
როგორც წესი, ქიმიოთერაპია ციკლებად ტარდება. ციკლი ეს არის ქიმიოთერაპიით მკურნალობის პერიოდი, რომელსაც დასვენების პერიოდი მოსდევს. მაგალითად, თუ ქიმიოთერაპიით მკურნალობა ერთი კვირა გაგრძელდა, რასაც მოჰყვა სამკვირიანი დასვენება, ეს ოთხი კვირა შეადგენს ერთ ციკლს. დასვენების პერიოდში თქვენი ორგანიზმი უზრუნველყოფს ახალი, ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნას.
ქიმიოთერაპიით მკურნალობის შეჩერება სასურველი არ არის. თუმცა, არის შემთხვევები, რაც ძირითადად გვერდითი მოვლენების განვითარებას უკავშირდება, როცა კლინიკური ონკოლოგი იღებს ქიმიოთერაპიის შეჩერების ან დაგეგმილი განრიგის შეცვლის გადაწყვეტილებას.
ქიმიოთერაპია ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს. ის, თუ როგორ იგრძნობთ თავს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ: როგორი იყო თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის დაწყებამდე, რა სახეობის კიბოს მკურნალობთ, რამდენად გავრცელებულია დაავადება, რომელ პრეპარატს იღებთ ქიმიოთერაპიის დროს და რა დოზით, და ა.შ. კლინიკური ონკოლოგი აუცილებლად გაგაფრთხილებთ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ და მოგცემთ რეკომენდაციებს მათი მართვის მიზნით.
ბევრი ადამიანი აგრძელებს მუშაობას ქიმიოთერაპიით მკურნალობის პროცესში. გააჩნია, როგორ სამუშაოს ასრულებთ, გაქვთ თუ არა საშუალება, იმუშაოთ სახლიდან იმ დღეებში, როცა თავს კარგად არ გრძნობთ ან მოარგოთ სამუშაო გრაფიკი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღება, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ქიმიოთერაპიის დროს, აუცილებლად უნდა შეუთანხმოთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს. ეს ეხება ყველა რეგულარულად მიღებად მედიკამენტს, ასევე, სიმპტომურად გამოსაყენებელ პრეპარატებს, მაგ.: ტკივილგამაყუჩებლები, ვიტამინები, საკვები დანამატები.
თქვენი კლინიკური ონკოლოგი ჩაგიტარებთ კვლევებს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მკურნალობის შედეგი. თქვენ ვერ იმსჯელებთ, მუშაობს თუ არა ქიმიოთერაპია გვერდითი მოვლენების მიხედვით. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ გვერდითი მოვლენების არსებობა მკურნალობის დადებით, უკეთეს შედეგზე მეტყველებს. ეს ასე არ არის. ის, თუ როგორ გრძნობთ თავს ქიმიოთერაპიის დროს, არანაირად არ არის კავშირში თერაპიის გამოსავალთან.
ქიმიოთერაპიის პროცედურის ჩატარების შემდეგ თქვენ და თქვენმა ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვათ თავი თქვენივე სხეულის ორგანიზმის ცხოველქმედების გამონაყოფი პროდუქტებისაგან. ასეთი ექსკრემენტებია: შარდი, განავალი, ოფლი, ლორწო, სისხლი, ღებინების და სქესობრივი კავშირის თანმხლები გამონადენი. ამ მიზნით აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
- ტუალეტის მოხმარების შემდეგ ორჯერ ჩარეცხეთ წყალი და თავი დაახურეთ უნიტაზს;
- კაცებმა უნდა მოშარდონ დამჯდარ მდგომარეობაში;
- ტუალეტის შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით;
- ტუალეტში შხეფების გაჩენის შემთხვევაში, გაწმინდეთ ზედაპირები სადეზინფექციო ხსნარით ან სველი ხელსახოცით;
- სხეულის ნებისმიერ სითხესთან შეხებისას გამოიყენეთ ხელთათმანი და დაიბანეთ ხელები ხელთათმანის მოხსნის შემდგომ;
- შეუკავებლობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ საფენები და გამოცვლისას გამოიყენეთ ხელთათმანები;
- სხეულის სითხეებით დაბინძურებული თეთრეული ან ტანსაცმელი გარეცხეთ ცალკე;
- სქესობრივი ცხოვრების დროს გამოიყენეთ პრეზერვატივი.
უსაფრთხოების ზომების დაცვის პერიოდი დამოკიდებულია მიღებულ პრეპარატებსა და ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობაზე. თქვენი კლინიკური ონკოლოგი მოგცემთ დეტალურ რეკომენდაციას ამასთან დაკავშირებით.
ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები და როგორ გავუმკლავდეთ მათ
ქიმიოთერაპიას, როგორც წესი, თან ახლავს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, თმის ცვენა, პირის ღრუს წყლულები და ტკივილი და სხვა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქიმიოთერაპია კიბოს უჯრედებთან ერთად, ჯანმრთელ უჯრედებსაც აზიანებს.
გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება ქიმიოთერაპიის დამთავრებისთანავე. თუმცა, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს, რომლის გაქრობას რამდენიმე თვე ან წელი დასჭირდეს, ზოგიერთი კი, შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი თქვენს შემთხვევაში, თქვენი კლინიკური ონკოლოგი მოგაწვდით.
ქვემოთ განხილულია ქიმიოთერაპიის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები და მათი შემსუბუქების გზები - რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
სისხლის წითელ უჯრედებს სხეულში ჟანგბადი გადააქვთ. ანემია სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობაა, რის შედეგადაც ორგანიზმი საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს. ქიმიოთერაპიის ზოგიერთი ტიპი იწვევს ანემიას, რადგან ძვლის ტვინს ახალი წითელი უჯრედების წარმოქმნა უჭირს. ასეთ დროს გული უფრო სწრაფად მუშაობს. ამიტომ თქვენ შესაძლოა იგრძნოთ აჩქარებული გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან ძლიერი დაღლილობა.
როგორ გავუმკლავდეთ
დაისვენეთ: შეეცადეთ ღამით მინიმუმ 8 საათი გეძინოთ. სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ კიდევ ერთი საათით დაიძინოთ.
არ გადაიტვირთოთ: ეს არ გულისხმობს არაფრის კეთებას, მაგრამ გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, იარეთ სამსახურში, მაგრამ სახლს ნუ დაალაგებთ. მოერიდეთ გადაღლას, ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.
ნუ იტყვით უარს დახმარებაზე: თუ თქვენი ახლობლები დახმარებას გთავაზობენ, სთხოვეთ მათ დაგეხმარონ ისეთ აქტივობებში, რომელიც ყველაზე დამღლელია თქვენთვის.
თქვენი დიეტა დაბალანსებული უნდა იყოს: აუცილებელია მიიღოთ იმდენი კალორია და ცილა, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. კალორიები დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში, ხოლო ცილები იმ ქსოვილების აღდგენაში, რომელიც მკურნალობისას დაზიანდა.
ნელა წამოდექით ლოგინიდან: სწრაფად წამოდგომისას შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა. ამიტომ, ლოგინიდან წამოდგომამდე, ჯერ ერთი წუთით წამოჯექით და მხოლოდ ამის შემდეგ ადექით ფეხზე.
თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის გადასხმა: თქვენი კლინიკური ონკოლოგი რეგულარულად შეამოწმებს წითელი უჯრედების რაოდენობას თქვენს სისხლში. თუ მათი დონე ძალიან დაეცემა, შესაძლოა სისხლის გადასხმა დაგჭირდეთ.
როდის უნდა დაუკავშირდეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს
- თუ თქვენი დაღლილობა მკვეთრად გამძაფრდა და გაგიჭირდათ იმ აქტივობების შესრულება, რომელსაც მანამდე ასრულებდით;
- თუ გრძნობთ ძლიერ თავბრუსხვევას ან გაქვთ შეგრძნება, რომ გონებას კარგავთ;
- თუ გიჭირთ სუნთქვა;
- თუ გულისცემა ძალიან აჩქარებული გაქვთ.
ქიმიოთერაპიამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი მადა. ამის მიზეზია გულისრევა, პირის ღრუს პრობლემები (როცა ჭამა მტკივნეულია) ან გემოს შეგრძნების დაკარგვა. უმადობა შესაძლოა დაღლილობის შეგრძნებამაც გამოიწვიოს. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეც.
მიუხედავად უმადობისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სრულფასოვნად იკვებოთ და მიიღოთ საჭირო კალორიები, ცილები და ვიტამინები. კარგი კვება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დაავადებას და ქიმიოთერაპიის სხვა გვერდით მოვლენებს. ცუდი კვება კი წონის კლებას, სისუსტეს და დაღლილობას გამოიწვევს.
როგორ გავუმკლავდეთ
იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ: ბევრი ადამიანისთვის უფრო მარტივია დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფების მიღება, ვიდრე დღეში 3-ჯერ კვება.
მიირთვით ცილებითა და კალორიებით მდიდარი საკვები: ძროხის და ქათმის ხორცი, კვერცხი, ბარდა და ლობიო, ნაყინი, რძე და რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი, ნაყინი, იოგურტი, მაწონი, ნადუღი.
დააწესეთ კვების განრიგი: შეადგინეთ საათობრივი განრიგი და მიიღეთ საკვები ან წაიხემსეთ გაწერილ დროს და არა მაშინ, როცა მოგშივდებათ. შესაძლოა არ მოგშივდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ჭამოთ.
თუ გიჭირთ მყარი საკვების მიღება, მიიღეთ თხევადი საკვები: კრემ-სუპები, რძე, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, რძის კოქტეილები, ხილისა და ბოსტნეულის პიურეები, იოგურტები და სხვა. ასევე, არსებობს საკვების სპეციალური თხევადი შემცვლელები, რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.
გამოიყენეთ პლასტმასის დანა-ჩანგალი: ზოგიერთი პრეპარატი პირში რკინის გემოს ტოვებს, რის გამოც რკინის დანა-ჩანგლით კვება არასასიამოვნოა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის ან ხის დანა-ჩანგალი და კოვზი. ასევე, უმჯობესია საჭმელი მინის ან კერამიკულ ქვაბში მოამზადოთ.
იყავით აქტიური: ხანმოკლე გასეირნება სადილამდე ან ვახშმამდე დადებითად იმოქმედებს თქვენს მადაზე.
ცვალეთ კვების პროცესის გარემო: არ ჭამოთ სულ ერთსა და იმავე ადგილას. მიირთვით ოჯახის წევრებთან ერთად, თუ მარტო ხართ, შეიძლება დაგეხმაროთ ტელევიზორის ან ფილმის ყურება.
გახსოვდეთ, ყველა და ყველაფერი ინდივიდუალურია, შესაძლოა, თქვენ საერთოდ არ გქონდეთ უმადობა, ან კვებასთან დაკავშირებით გამოგივლინდეთ სულ რამდენიმე ჩივილი. ყველა ინდივიდი ერთსა და იმავე მკურნალობაზეც კი განსხვავებულად რეაგირებს. ამიტომ აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს ამ საკითხზე. თუ უმადობა ძალიან შემაწუხებელი იქნება თქვენთვის, კლინიკური ონკოლოგი იზრუნებს, რომ კონსილიუმის გუნდში შესაბამისი სპეციალისტები ჩაერთონ, რათა პრობლემა მაქსიმალურად შემსუბუქდეს.
თრომბოციტები სისხლის უჯრედებია, რომელიც მის შედედებას უზრუნველყოფს. ქიმიოთერაპიამ შესაძლოა შეამციროს თრომბოციტების დონე, რასაც თრომბოციტოპენია ეწოდება. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს, მაგალითად, სისხლჩაქცევები ფიზიკური ზემოქმედების, ტრავმის გარეშე; სისხლდენა ცხვირიდან ან პირის ღრუში, ასევე, პატარა წითელი წერტილების გაჩენა კანზე.
როგორ გავუმკლავდეთ
იმის გამო, რომ ქიმიოთერაპიის დროს არსებობს სისხლდენის რისკი, თქვენ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის გათვალისწინებით, შეძლებთ შეამციროთ ტრავმის და, შესაბამისად, სისხლდენის რისკი.
- გამოიხეხეთ კბილები რბილი ჯაგრისით. გამოხეხვამდე ჯაგრისი დამატებით დაარბილეთ ცხელი წყლით. ეს შეამცირებს ღრძილების დაზიანების რისკს;
- არ გამოიყენოთ ფლოსი ან კბილის ჩხირები კბილთაშუა სივრცის გასაწმენდად. ფლოსი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წყლის ირიგატორით;
- ცხვირი ყოველთვის მოიხოცეთ ძალიან ფრთხილად;
- გამოიჩინეთ სიფრთხილე მაკრატლის, დანის ან სხვა ბასრი ნივთების გამოყენებისას;
- გამოიყენეთ ელექტროსაპარსი სამართებლიანი საპარსის ნაცვლად;
- ნუ ივლით ფეხშიშველი, სახლშიც კი;
- ნუ დაკავდებით ისეთი სპორტული ან სხვა აქტივობებით, რომლის დროსაც შეიძლება მიიღოთ რაიმე სახის ტრავმა;
- არ გამოიყენოთ ტამპონები, ოყნა, სანთლები და რექტალური თერმომეტრი;
- არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანსაცმელი;
- არ მიიღოთ არანაირი ალკოჰოლი, ლუდიც კი, ექიმთან კონსულტაციის გარეშე;
- გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან უსაფრთხო სექსის თაობაზე.
თუ თრომბოციტების დონე ძალიან დაბალია, შესაძლოა დაგენიშნოთ დამატებითი მედიკამენტები ან თრომბოციტების მასის გადასხმა.
აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, თუ შეამჩნიეთ:
- სისხლჩაქცევა, მით უმეტეს თუ ეს ადგილი არ მიგირტყამთ;
- პატარა, წითელი ლაქები კანზე;
- წითელი ან ვარდისფერი შეფერილობის შარდი;
- სისხლიანი ან შავი ფერის განავალი;
- სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან;
- ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან პერიოდის გახანგრძლივება;
- სისხლდენა საშოდან, რაც არ უკავშირდება მენსტრუაციას;
- თავის ტკივილი ან მხედველობის გაუარესება;
- სითბოს ან სიცხის შეგრძნება კიდურებში;
- მკვეთრად მომატებული ძილიანობა.
დაღლილობა ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება მრავალნაირი იყოს, დაწყებული ოდნავი დაღლილობიდან, მის ძალიან ძლიერ შეგრძნებამდე. ეს შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე დღე, კვირა ან თვე, თუმცა მკურნალობის დასრულების შემდეგ, მეტწილად სრულად გაივლის. დაღლილობის შეგრძნებას იწვევს როგორც ქიმიოთერაპიის დროს მიღებული პრეპარატები, ისე ამ პროცესთან დაკავშირებული სტრესი, შფოთვა და დეპრესია.
როგორ გავუმკლავდეთ
განიტვირთეთ: განტვირთვასა და სტრესის დაძლევაში შეიძლება დაგეხმაროთ ლოცვა, მედიტაცია, იოგა და სხვა აქტივობები.
მიიღეთ საკმარისი სითხე: დალიეთ 8 ჭიქა სითხე (წყალი, უგაზო მინერალური წყალი ან წვენი) ყოველდღე.
იკვებეთ კარგად: კარგი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესია ჭამოთ დღეში 5-6-ჯერ უფრო მცირე ულუფებით, ვიდრე დღეში 3-ჯერ.
დაისვენეთ დღის მანძილზე და დაიძინეთ ღამით: დღისით დასვენება ან ცოტა ხნით დაძინება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ისინი ბევრად უკეთ გრძნობენ თავს, როცა დღისით 10-15 წუთით ჩათვლემენ, ვიდრე მაშინ, როცა დიდი ხნით იძინებენ. დღისით ეცადეთ არ დაიძინოთ ერთ საათზე მეტხანს, რაც დაგეხმარებათ, უკეთ დაიძინოთ ღამით. ღამით აუცილებელია მინიმუმ 8 საათი უნდა გეძინოთ.
იყავით აქტიური: ვარჯიში და სხვა აქტივობები დაგეხმარებათ დაღლილობასთან გამკლავებაში. შეგიძლიათ გაისეირნოთ, გააკეთოთ იოგას ვარჯიშები ან სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ძალიან არ დაგტვირთავთ. ეცადეთ, ივარჯიშოთ იმ დროს, როცა თავს ყველაზე აქტიურად გრძნობთ. დაეკითხეთ თქვენს კლინიკური ონკოლოგს, კიდევ როგორ შეიძლება იყოთ აქტიური ქიმიოთერაპიის დროს.
არ დაიტვირთოთ ზედმეტად: როცა დაღლილობა გაწუხებთ, თავს ძალას ნუ დაატანთ და ნუ ეცდებით გააკეთოთ იმდენივე საქმე, რასაც ჩვეულებრივ მოიმოქმედებდით. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ და მიიღეთ დახმარება ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან. გადააბარეთ სხვას ის საქმეები, რომელთა შესრულებაც ყველაზე მეტად გიჭირთ და გღლით.
გამელოტება ანუ ალოპეცია არის თმის ნაწილობრივი ან სრული გაცვენა. ამ დროს თმა ცვივა არა მხოლოდ თავზე, არამედ მთელ სხეულზე. ბევრი ადამიანისთვის თმის ცვენა ძალიან არასიამოვნოა და მას ქიმიოთერაპიის ყველაზე რთულ გვერდით მოვლენადაც კი აღიქვამენ.
ქიმიოთერაპიის ზოგიერთი ტიპი აზიანებს უჯრედებს, რომელიც თმის ზრდას უზრუნველყოფს. ამიტომ იწყება თმის ცვენა, როგორც წესი, ქიმიოთერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. თმის ცვენის დაწყებამდე შესაძლოა თავის ქალის კანის ტკივილიც. თმის სრული დაცვენა დაახლოებით ერთ კვირაში შეიძლება მოხდეს. თუმცა, ქიმიოთერაპიის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში თმა, უმეტეს შემთხვევაში, კვლავ იწყებს ზრდას, ხანდახან ქიმიოთერაპიის დასრულებამდეც.
თქვენი ახალი თმა ჩვეულებრივი იქნება. თუმცა შეიძლება შეიცვალოს თმის ფერი და სტრუქტურა. მაგალითად, თუ მანამდე გქონდათ სწორი თმა, შეიძლება ხუჭუჭა ამოგივიდეთ, შესაძლოა უფრო ღია ან მუქი ფერის თმის ამოსვლაც.
როგორ გავუმკლავდეთ
პირველ რიგში დაეკითხეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, შესაძლოა ქიმიოთერაპიას, რომელსაც თქვენ იტარებთ, მეტწილად არ ჰქონდეს მსგავსი გვერდითი მოვლენა. ხოლო თუ თმის დაკარგვის ალბათობა დიდია, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
შეიჭერით თმა მოკლედ: უმჯობესია ქიმიოთერაპიის დაწყებამდე მოკლედ შეიჭრათ თმა ან გადაიპარსოთ. ეს მნიშვნელოვნად გააიოლებს თმის ცვენის პროცესს.
წინასწარ შეარჩიეთ პარიკი ან თავსაბურავი: თქვენ შეგიძლიათ მანამ, სანამ დაიწყება თმის ცვენა შეარჩიოთ პარიკი, მოირგოთ, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს დალაქს, პარიკი მაქსიმალურად მიამსაგვსოს თქვენს ჩვეულ ვარცხნილობას ან შეარჩიეთ თავსაბურავი და მოირგეთ. ასე თქვენ მზად იქნებით და თმის დაცვენის დაწყებისთანავე შეძლებთ შეიმოსოთ თავი.
ფრთხილად დაიბანეთ და შეიშრეთ თავი: სანამ თმის ცვენა დაიწყება, მნიშვნელოვანია, რომ თავი რბილი, მაგალითად საბავშვო შამპუნით დაიბანოთ. ასევე, ნაზად და ფრთხილად შეიმშრალოთ.
არ გამოიყენოთ ისეთი ნივთები, რამაც შეიძლება დააზიანოს თქვენი თავის კანი: არ გამოიყენოთ: თმის გასასწორებელი ან დასახვევი უთო, უხეში სავარცხელი, თმის საშრობი, თმის სამაგრი, თმის საღებავი და სპრეი და სხვა ნივთები თუ პროდუქტები, რასაც შეუძლია დააზიანოს თავის კანი.
დაიცავით თავის კანი: თმის დაცვენის შემდეგ თქვენს თავის კანს დამატებითი დაცვა დასჭირდება. გარეთ გასვლისას აუცილებლად დაიხურეთ თავსაბურავი - ქუდი ან თავსაფარი. მოერიდეთ ისეთ ადილას ყოფნას, სადაც ზედმეტად ცხელა ან ცივა, მათ შორის გარეთ გასვლას ძალიან ცხელ ან ცივ ამინდში. თუ არ იყენებთ თავსაბურავს, მაშინ ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება.
იყავით თბილად: თმის დაკარგვის შემდეგ, შესაძლოა, უფრო მეტად იგრძნოთ სიცივე. ამიტომ ატარეთ თავსაბურავი, თავზე რომ არ შეგცივდეთ.
გამოიყენეთ ატლასის თეთრეული: ატლასის თეთრეული ნაკლებ ხახუნს წარმოქმნის, ბამბის თეთრეულთან შედარებით. ამიტომ ატლასის ბალიშის პირზე თავის დადება ბევრად კომფორტულია თქვენთვის.
ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე: თუ თმის ცვენა ძალიან გაწუხებთ და ეს იწვევს ბრაზს, შფოთვას ან დეპრესიას, ამის შესახებ გაესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და აუცილებლად აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.
ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი იწვევს გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას, ან ორივეს ერთად. ყველაზე ხშირად გულისრევა და ღებინება ქიმიოპრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება გქონდეთ. თუმცა, უმეტესწილად ეს შეგრძნებები რამდენიმე დღეში ქრება.
უკვე შესაძლებელია გულისრევის პრევენციაც. არსებობს არაერთი პრეპარატი, რომელიც მოხსნის ან შეამსუბუქებს გულისრევასა და ღებინებას. ამ მედიკამანტების მიღება, როგორც წესი, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ხდება და რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება. პრეპარატს და მისი მიღების ხანგრძლივობას თქვენი კლინიკური ონკოლოგი განსაზღვრავს.
როგორ გავუმკლავდეთ
დაგეგმეთ კვება, როგორც გირჩევნიათ: დააკვირდით, როგორ გირჩევნიათ - ზოგი თავს უკეთ გრძნობს, როცა ქიმიოთერაპიის პროცედურამდე წაიხემსებს, ზოგი უკეთ გრძნობს თავს, როცა უზმოდაა. არ არის სასურველი კვება ქიმიოთერაპიის პროცედურის დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში.
იკვებეთ ხშირად და წაიხემსეთ: დღეში სამჯერ კვების ნაცვლად, უმჯობესია დღეში 5-6-ჯერ, უფრო პატარა ულუფებით იკვებოთ, შუალედებში კი წაიხემოსთ.
არ მიირთვათ ძალიან ცივი ან ცხელი საკვები და სასმელი: ღებინების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია არ მიირთვათ არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი საკვები და სასმელი. ასევე, მიირთვით მხოლოდ გაზგასული გაზიანი სასმელები.
მოერიდეთ მძაფრ სუნს: მოერიდეთ იმ საკვებსა და სასმელს, რომელიც მძაფრი სუნით გამოირჩევა, როგორიცაა ყავა, ნიორი, ხახვი, თევზი, ტყემალი. ასევე, მოერიდეთ ადგილს, სადაც საჭმელი მზადდება.
მოწუწნეთ გაყინული ხილი ან უშაქრო კანფეტები: შესაძლოა გულისრევის შეგრძნება გაყინული ხილის ან უშაქრო, მენთოლიანი ან სხვა მყარი კანფეტების წუწვნამ შეგიმსუბუქოთ. არ მიმართოთ ამ ხერხს, თუ პირის ღრუში გაქვთ ჭრილობები ან რაიმე სახის გაღიზიანება.
გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები: გულისრევის შეგრძნებისას დაგეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები - ისუნთქეთ ნელა და ღრმად, სასურველია გახვიდეთ სუფთა ჰაერზე.
გადაიტანეთ ყურადღება: გულისრევის შეგრძნებას, ასევე, შეგიმსუბუქებთ ყურადღების გადატანა - ამ დროს ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მოუსმინეთ მუსიკას, ან უყურეთ ფილმს.
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ერთ დღეზე მეტხანს გაგიგრძელდათ ღებინება, ან გული გერევათ სითხის მიღებისათანავე.
ქიმიოთერაპია და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ხშირად იწვევს ყაბზობას. ყაბზობა, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნაკლებად აქტიურმა ცხოვრების წესმა, საკვებმა, და არასაკმარისი სითხის მიღებამ.
როგორ გავუმკლავდეთ
ჩაინიშნეთ: ჩაინიშნეთ თქვენი კუჭის მოქმედების დრო და მონაცემები გაუზიარეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს. ასე ბევრად გაადვილდება დადგინდეს, ნამდვილად გაქვთ თუ არა ყაბზობა.
დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა სითხე დღეში: ეს შეიძლება იყოს წყალი, წვენი, კომპოტი, ასევე, თბილი ან ცხელი სითხეები, როგორიცაა ჩაი და ყავა.
იყავით აქტიური ყოველდღიურად: სეირნობა, იოგა, ვარჯიში, რომელიც თქვენთვის უფრო მოხერხებული და სასიამოვნოა, მთავარია იყოთ აქტიური ყოველდღე. თუ თქვენ გიჭირთ ადგომა, გაესაუბრეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, ის გირჩევთ, რა სახის ვარჯიშები შეიძლება შეასრულოთ სკამზე ან ლოგინში.
ჭამეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები: ბოჭკოთი მდიდარი საკვები და ბევრი სითხის მიღება დაგეხმარებათ ყაბზობასთან გამკლავებაში. ყოველდღიურად მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები: მარცვლეული და დაცეხვილი მარცვლეულის პური, ლობიო და ბარდა, უმი ბოსტნეული, ცოცხალი ხილი და ჩირი, თხილეული, პოპკორნი.
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ კუჭის მოქმედება არ გექნებათ ზედიზედ ორი ან მეტი დღე.
ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ფაღარათიც შეიძლება იყოს, რადგან მიღებული მედიკამენტები მოქმედებენ მსხვილი და წვრილი ნაწლავის უჯრედებზე. მათ, ასევე, შეუძლიათ ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება. თუმცა ფაღარათი შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციითაც, ასევე ყაბზობის საწინააღმდეგო მედიკამენტებით.
როგორ გავუმკლავდეთ
ჭამეთ ხშირად და ცოტა: ნაკლები ულუფების ჭამა 5-6-ჯერ დღეში ბევრ ადამიანს ეხმარება ფაღარათის დროს.
მიიღეთ ნატრიუმითა და კალიუმით მდიდარი საკვები: ფაღარათის დროს თქვენი ორგანიზმი კარგავს იონებს, ამიტომ მათი შევსება მნიშვნელოვანია. ნატრიუმით და კალიუმით მდიდარი საკვებია: ბანანი, ფორთოხალი, ატამი, გარგარი, მოხარუშლი კარტოფილი.
მიიღეთ 8-12 ჭიქა სითხე ყოველდღე: შეგიძლიათ დალიოთ წყალი, თხელი ბულიონი, გაზგასული მინერალური წყალი. სითხე მიიღეთ ნელა, სასურველია სითხე იყოს ოთახის ტემპერატურის.
მიირთვით საკვები, რომელიც ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს: ასეთია ბანანი, თეთრი ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, მაწონი.
არ მიიღოთ:
- ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი სასმელი;
- ლუდი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელი;
- რძე და რძის პროდუქტები: ნაყინი, რძიანი კოქტეილი, ყველი, არაჟანი;
- ცხარე საკვები;
- ცხიმიანი და შემწვარი საკვები, მაგალითად ბურგერი და შემწვარი კარტოფილი;
- კოფეინის შემცველი საკვები და სასმელი, როგორიცაა ყავა, ჩაი, კოლა, შოკოლადი;
- გაზიანი სასმელი;
- საკვები, რომელიც იწვევს აირების დაგროვებას, როგორიცაა: ლობიო, კომბოსტო, ბროკოლი, სოიოს პროდუქტები, გაზიანი სასმელი.
იყავით ფრთხილი ტუალეტის დროს: არ გამოიყენოთ ტუალეტის ქაღალდი, უმჯობესია გამოიყენოთ ბავშვის სველი ჰიგიენური ხელსახოცები ან დაიბანოთ. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ასევე, თუ გაქვთ ბუასილი.
აცნობეთ ექიმს, თუ ძლიერი ფაღარათი 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ან თუ მას ერთვის ტკივილი და კრუნჩხვა.
ზოგიერთი ქიმიოთერაპია სისხლში თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების - რაოდენობის შემცირებას იწვევს. ლეიკოციტები გვიცავს ინფექციისგან, ხოლო როცა მათი დონე დაბალია, ინფექციის რისკი იზრდება. ამ პერიოდში ინფექციისგან თავდაცვის ყოველი პირობა უნდა დავიცვათ და შევასრულოთ.
სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა ნეიტროფილებია. სისხლში მათ ნაკლებობას ნეიტროპენია ეწოდება. თქვენი კლინიკური ონკოლოგი სისხლის ანალიზით დაადგენს, გაქვთ თუ არა ნეიტროპენია. მან შესაძლოა დაგინიშნოთ დამატებითი მედიკამენტები, ნეიტროფილების დონის შენარჩუნების პროფილაქტიკის ან ნეიტროპენიის შემთხვევაში მკურნალობის მიზნით.
იმ შეთხვევაში თუ გაქვთ ნეიტროპენია, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ შესაძლო ინფექციის ნიშნებს და მაქსიმალურად დაიცვათ თავი ინფექციისგან.
როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან:
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და ცხელი წყლით;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ზედაპირებთან (კარის სახელური, ბანკომატი და სხვა) შეხებისას გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები ან ერთჯერადი ხელთათმანები;
- ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი ან დაიბანეთ წყლით;
- მოერიდეთ ადამიანებს, ვინც ავადაა გრიპის ან რაიმე სხვა ვირუსით;
- მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
- არ დაიზიანოთ კანი, ერიდეთ მიკროტრავმებს. იყავით უკიდურესად ფრთხილად, როცა იყენებთ დანას, მაკრატელს ან საპარსს. სჯობს გამოიყენოთ ელექტროსაპარსი;
- უკიდურესად მკაცრად დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა. ამისათვის: გამოიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ, ძალიან რბილი კბილის ჯაგრისით (ჯაგრისი შეგიძლიათ დამატებით დაარბილოთ ცხელი წყლით); არ გამოიყენოთ ფლოსი; გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები ალკოჰოლის შემცველობის გარეშე. თუ გჭირდებათ სტომატოლოგთან ვიზიტი, წინასწარ გაიარეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან.
- მაქსიმალურად კარგად მოუარეთ კანს - არ გაიღიზიანოთ მუწუკები, ან არ გამორწყათ მისი შიგთავსი. გამოიყენეთ დამანოტივებელი საშუალებები მშრალი ან დამსკდარი კანის დასარბილებლად, დაბანის შემდეგ ტანი ფრთხილად გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით.
- თუ კანი გაგეჭრათ, დაუყოვნებლივ გაისუფთავეთ ჭრილობა თბილი წყლით, საპნით და ანტისეპტიკური საშუალებით, გააგრძელეთ მისი დამუშავება ყოველდღე ფუფხის წარმოქმნამდე.
- იყავით ძალიან ფრთხილად შინაურ ცხოველებთან - არ შეეხოთ კატის ტუალეტს, არ აიღოთ ძაღლის განავალი, არ გაწმინდოთ ჩიტის გალია ან თევზების აკვარიუმი;
- ცხოველთან ყოველი შეხების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები.
- სანამ გაიკეთებთ გრიპის სეზონურ ან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან.
- არ დატოვოთ მორჩენილი საკვები მაცივრის გარეშე. როგორც კი დაასრულებთ ჭამას, საკვები შეინახეთ მაცივარში.
- ხილი და ბოსტნეული მირთმევამდე საგულდაგულოდ გარეცხეთ. თქვით უარი ისეთ ხილსა და ბოსტნეულზე, რომელსაც კარგად ვერ გარეცხავთ, მაგალითად ასეთია მაყვალი, ჟოლო და სხვ.
- არ ჭამოთ უმი თევზი, ზღვის პროდუქტები, ქათამი, ხორცი, კვერცხი. ისინი შეიძლება შეიცავდნენ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას.
- არ მიიღოთ ვადაგასული, ობიანი საკვები ან სასმელი.
- არ მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალება, სანამ არ გაივლით კონსუტლაციას თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან;
- აუცილებელია ყოველდღიურად გაისინჯოთ სიცხე. თუ სიცხე 38 გრადუსზე მეტია, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს;
- თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს. ინფექციის ნიშნებია: სხეულის 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ოფლიანობა, კანის სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი, ხველა, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, სისხლიანი ან მღვრიე შარდი, მტკივნეული ან ხშირი შარდვა, წნევა. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.
ზოგიერთმა ქიმიოპრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს :
- პირის სიმშრალე;
- გემოსა და ყრნოსვის ცვლილება, მაგალითად, როდესაც საჭმელს აქვს რკინის ან ცარცის გემო, ან არ აქვს ჩვეული გემო და სუნი;
- კბილების, ღრძილების და ენის ინფექციები პირის ღრუში, ლორწოვანის სიწითლე, გამონაყარი, წყლულების, თეთრი ნადების გაჩენა;
- გაზრდილი მგრძნობელობა ცივსა და ცხელზე;
- ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო;
- პირველადი დამუშავების პრობლემა პირის ღრუს ტკივილის გამო.
როგორ გავუმკლავდეთ
დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე. მოიწესრიგეთ ყველა პრობლემა მანამ, სანამ დაიწყებთ ქიმიოთერაპიას. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი ქიმიოთერაპიის დროს გახდა საჭირო, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან, ხოლო სტომატოლოგი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ იტარებთ ქიმიოთერაპიას.
შეიმოწმეთ პირის ღრუ და ენა ყოველდღიურად - ასე თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ ნადები, წყლულები, ინფექციის ადრეული ნიშნები. მსგავსი პრობლემის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.
შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჩვეული სისველე - ამისათვის შეგიძლიათ მუდმივად წრუპოთ სითხე, მოწუწნოთ ყინული ან მშრალი უშაქრო კანფეტი, დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი. თუ პირის სიმშრალე ძალიან შემაწუხებელია, ჰკითხეთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ნერწვის შემცვლელი საშუალება.
როგორ გავისუფთაოთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები და ენა?
- გამოიხეხეთ კბილები, ღრძილები და ენა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ;
- გამოიყენეთ რბილი კბილის ჯაგრისი, რომელიც მეტად გასარბილებლად მოხმარებამდე დაასველეთ ცხელ წყალში;
- თუ კბილების გახეხვა მტკივნეულია, ჯაგრისის ნაცვლად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი;
- გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა;
- არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი სავლები პირის ღრუსთვის;
- პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/4 ჩაის კოვზი სოდა და 1/8 ჩაის კოვზი მარილი. ხსნარი სასურველია გამოივლოთ პირის ღრუში 3-4-ჯერ დღეში;
- არ გამოიყენოთ ფლოსი ან კბილის ჩხირი;
- თუ თქვენ ატარებთ პროთეზს, დარწმუნდით, რომ ის კარგად ზის და არსად არ გაჭერთ ან გიღიზიანებთ კანს. რეგულარულად გაასუფთავეთ და შეინახეთ პროთეზი სუფთად. უმჯობესია შეზღუდოთ პროთეზის ტარების დრო და მოიხსნათ, როცა ეს შესაძლებელია.
როგორ ვიკვებოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?
- ეცადეთ მიირთვათ რბილი, თხევადი, დასაღეჭად და გადასაყლაპად მარტივი საკვები, როგორიცაა კრემ-სუპი ან კარტოფილის პიურე;
- კერძებისთვის შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, რაც საკვების მიღებას გააიოლებს;
- ჭამეთ პატარა ლუკმებით, დაღეჭეთ კარგად, მიაყოლეთ წყალი;
- დაარბილეთ საკვები სოუსებით, ბულიონით, მაწვნით ან სხვა სითხეებით;
- საკვები მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურის;
- შეარჩიეთ იოლად გადასამუშავებელი საკვები, როგორიცაა: კრემ-სუპები, ხილისა და ბოსტნეული პიურეები, ფაფები (ან ბავშვის მზა საკვები), ნაყინი, ჟელე და სხვა.
რომელ საკვები და სასმელი უმჯობესია არ მივიღოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?
- ბასრი და ხრაშუნა საკვები, როგორიცაა, მაგალითად, ჩიფსები და კრეკერები;
- ცხარე საკვები და ცხარე სოუსები;
- ციტრუსი;
- დიდი ოდენობით შაქრის შემცველი საკვები, როგორიცაა კანფეტები ან ტკბილი გაზიანი სასმელები;
- ლუდი, ღვინო და ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი.
პირის ღრუს პრობლემების არსებობის დროს უმჯობესია თავი შეიკავოთ მოწევისგან.
ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- ჩხვლეტის, წვის, სისუსტის ან დაბუჟების შეგრძნება ტერფებსა და ხელისგულებზე, ან სრულად ოთხივე კიდურზე;
- ჩვეულზე მეტი სიცივის შეგრძნება;
- ტკივილი სიარულისას;
- სისუსტის, დაღლილობის და ტკივილის შეგრძნება კუნთებში;
- კოორდინაციის და წონასწორობის დაკარგვა;
- ნივთების აღების და ტანსაცმლის შეკვრის სირთულე;
- კანკალი;
- სმენის დაქვეითება;
- დაღლილობის შეგრძნება;
- დაბნეულობა და მეხსიერების პრობლემები;
- თავბრუსხვევა;
- დეპრესია.
როგორ გავუმკლავდეთ
სიფრთხილით გამოიყენეთ დანა, მაკრატელი და სხვა ბასრი ნივთები. გაიკეთეთ ხელთათმანები დამატებითი დაცვისთვის, როცა ამზადებთ საჭმელს, ან მუშაობთ ბასრი ნივთებით.
მოერიდეთ დაცემას. ამისათვის იარეთ ნელა, კიბეებზე ხელი მოკიდეთ მოაჯირს, დარწმუნდით, რომ სახლში არცერთი ხალიჩა არ სრიალებს. ყოველთვის ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი, რეზინის ძირით, რომელიც მოხერხებულია და არ სრიალებს. თუ სიარულის დროს გიჭირთ წინასწორობის შენარჩუნება, იარეთ ხელჯოხით.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ცხელი წყლის გამოყენებისას. თქვენ შესაძლოა ვერ იგრძნოთ, რომ წყალი ზედმეტად ცხელია. ამიტომ წყლის ტემპერატურა შეამოწმეთ თერმომეტრით, ან სთხოვეთ სხვას, შეამოწმოს იგი. ჭურჭლის რეცხვისას გამოიყენეთ ხელთათმანი. სასურველია დაწიოთ წყლის ტემპერატურა გამათბობელში.
დაისვენეთ ყოველთვის, როცა იგრძნობთ, რომ ეს გჭირდებათ. საოჯახო საქმეებში დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.
ჩააყენეთ თქვენი კლინიკური ონკოლოგი საქმის კურსში. შეატყობინეთ მას, თუ ამჩნევთ რაიმე სახის ცვლილებას ნერვულ სისტემაში, გიჩნდებათ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, გრძნობთ დაბნეულობას ან ხართ დეპრესიული. ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს და მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ქიმიოთერაპიის ზოგიერთ ტიპს შეუძლია სხვადასხვა მტკივნეული გვერდითი მოვლენის გამოწვევა, როგორიცაა კიდურების ტკივილი და დაბუჟება, მტკივნეული წყლულები პირის ღრუში, თავის, კუნთების და მუცლის ტკივილი. გვერდით მოვლენებთან ერთად ტკივილს შესაძლოა თქვენი ძირითადი დაავადებაც იწვევდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ ტკივილის შესახებ:
- ტკივილის მართვა შესაძლებელია;
- ტკივილის კონტროლი კიბოს მკურნალობის ნაწილია;
- თქვენი კლინიკური ონკოლოგისთვის და თქვენს მკურნალობაში ჩართული სპეციალისტთა გუნდისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება თქვენი ტკივილის შესახებ მნიშვნელოვანია, ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო ეფექტიანად მართონ თქვენი ტკივილი. თუ თქვენ ჩაინიშნავთ ინფორმაციას თქვენი ტკივილის შესახებ, ამით დაეხმარებით მათ თქვენზე მორგებული ტკივილის მართვის სქემის შემუშავებაში;
- ტკივილის მართვის საუკეთესო საშუალება მისი დაწყების შეჩერება ან მისი გამწვავების თავიდან აცილებაა;
- ტკივილის მართვის ბევრი სხვადასხვა მედიკამენტი არსებობს. ტკივილის მართვის გეგმა ყველასთვის ინდივიდუალურია;
- მიიღეთ მედიკამენტი ზუსტად დანიშნულების შესაბამისად. არ გადაინახოთ სხვა დროისთვის და არ შეცვალოთ დანიშნული დოზა.
როგორ აღვწეროთ ტკივილი
ქვემოთ მოცემული შეკითხვები დაგეხმარებათ აღწეროთ თქვენი ტკივილი:
- სად გრძნობთ ტკივილს? სხეულის რომელიმე ერთ ნაწილში თუ მთელ სხეულში?
- როგორია თქვენი ტკივილი: მკვეთრად ძლიერი, ყრუ თუ პულსირებადი? ტკივილი გარდამავალია თუ მუდმივი ხასიათისაა?
- რამდენად ძლიერია ტკივილი? შეაფასეთ 0-დან 10-მდე 10- ქულიანი შკალით;
- რამდენ ხანს გრძელდება ტკივილი? რამდენიმე წუთი, საათი თუ უფრო მეტხანს?
- რა გიმსუბუქებთ ტკივილს? მაგალითად, ცივი საფენი გშველით?
- რა გიძლიერებთ ტკივილს? მაგალითად, მოძრაობის დროს ტკივილი მძაფრდება?
- რა მედიკამენტებს იღებთ ტკივილის დროს? გშველით? რამდენ ხანს გრძელდება მათი მოქმდება? რა დოზას იღებთ და რამდენად ხშირად?
ქიმიოთერაპიის დროს სავარაუდოა კანისა და ფრჩხილების სწრაფად მზარდი უჯრედების დაზიანება თანმხლები პრობლემებით. მათი უმეტესობა უმნიშვნელოა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მტკივნეული და მომაბეზრებელი იყოს.
პრობლემები შეიძლება იყოს:
- კანის ქავილი, სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი და აქერცვლა;
- მზის სხივებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა, რაც კანის პიგმენტაციის შეცვლას იწვევს;
- ჰიპერპიგმენტაცია, რაც კანზე მუქი ფერის ლაქების გაჩენით გამოიხატება;
- ფრჩხილების ფერის შეცვლა, ფრჩხილი შესაძლოა გამუქდეს ან მიიღოს ყვითელი ფერი, მათი სიმყიფე, მტვრევადობა, აქერცვლა. ასევე, შეიძლება ფრჩხილი მოგძვრეთ, მაგრამ ახალი მალევე ამოვა.
როგორ გავუმკლავდეთ
- მიიღეთ შხაპი სწრაფად, მოერიდეთ დიდხნიან ცხელ აბაზანას;
- დაბანის შემდეგ თმა გაიწურეთ, ძლიერი გამშრალების ნაცვლად;
- დაიბანეთ რბილი, დამანოტიოებელი საპნით;
- დამანოტიოებელი ლოსიონი წაისვით კანზე დაბანისთანავე;
- არ გამოიყენოთ ალკოჰლის შემცველი სუნამო, ოდეკოლონი ან პარსვის შემდგომი ლოსიონი;
- თუ გაქვთ აკნეს ტიპის გამონაყარი, შეინარჩუნეთ კანის სისუფთვე და დაეკითხეთ ექიმს, რა სამკურნალო საშუალების გამოყენება შეგიძლიათ;
- მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით ყველაზე აქტიურ პერიოდში, დილის 10-იდან 16 საათამდე;
- გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი 15 და მეტი ფაქტორით (SPF);
- ყოველთვის გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი;
- ატარეთ ღია ფერის სამოსი, გრძელმკლავიანი ბამბის მაისურები და თავსაბურავი;
- ფრჩხილების დაცვის მიზნით გამოიყენეთ ხელთათმანები ჭურჭლის რეცხვისას, სახლის დალაგებისას ან ბაღში მუშაობისას;
- თუ ფრჩხილები და ნუნები ძალიან გტკივათ და გაქვთ სიწითლე, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
ქიმიოთერაპიის ზოგიერთ ტიპს მსგავსი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, რაც შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით:
- წვა და ტკივილი შარდვის დაწყებისას ან შარდის ბუშტის დაცლის ბოლოს;
- გახშირებული შარდვა და შარდის შეკავების გაძნელება;
- შარდვის აქტის შეფერხება ან შეუძლებლობა;
- შარდის ნაკადის კონტროლის შეუძლებლობა;
- სისხლი შარდში;
- სიცხე და შემცივნება;
- სტაფილოსფერი, წითელი, მწვანე ან მუქი ყვითელი შარდი, მედიკამენტების მძაფრი სუნით.
მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.
როგორ გავუმკლავდეთ
- თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ კვლევები, რომლითაც განხორციელდება თქვენი თირკმელების და შარდის ბუშტის ფუნქციის მონიტორინგი.
- დალიეთ საკმარისი ოდენობით სითხე. სითხე დაგეხმარებათ გამოდევნოთ ქიმიოთერაპიის დროს მიღებული პრეპარატები თირკმელიდან და შარდის ბუშტიდან.
- მოერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს, როგორიცაა ყავა, ჩაი, კოლა.
ზოგიერთი ქიმიოპრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსზე, რის შედეგადაც შესაძლებელია სქესობრივი პრობლემების გაჩენა. თუმცა, ამავე დროს გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: ასაკი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ანამნეზში მსგავსი ეპიზოდის, სასქესო ორგანოების და სხვა თანმხლები დაავადებების არსებობა და ა. შ. ამიტომ უნდა გაესაუბროთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, რომელიც კონსილიუმზე განხილვის შემდეგ მოგცემთ სათანადო რეკომენდაციებს ან გირჩევთ სპეციალისტის კონსულტაციას.
ქალებში შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება:
- მენოპაუზის სიმპტომები, როგორიცაა: ადვილად აღგზნებადობა, ალები, დისკომფორტი საშოს არეში, სიმშრალე, ქავილი, წვა;
- მენსტრუაციის გაიშვიათება ან აკრეფა;
- შარდის ბუშტის და საშოს ინფექციები;
- უჩვეულო ჩამონაშალი საშოდან;
- სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება.
როგორ გავუმკლავდეთ
გაესაუბრეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, შეგიძლიათ თუ არა გქონდეთ სქესობრივი კავშირი. ქალების უმეტესობას ქიმიოთერაპიის პერიოდში შეუძლია ჰქონდეს სექსი, მაგრამ მაინც უმჯობესია, ჰკითხოთ ამის შესახებ ექიმს.
თავი უნდა დაიცვათ ორსულობისგან ქიმიოთერაპიის პერიოდში და მისი დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე. ქიმიოთერაპიის დროს მოსალოდნელია ემბრიონის, ნაყოფის დაზინება, ამიტომ აუცილებელია თავი დაიცვათ ორსულობისგან. ჰკითხეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს და ის შემოგთავაზებთ თავდაცვის იმ ფორმებს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მედიკამენტებს შეუძლია დაგეხმარონ გვერდითი მოვლენების გამკლავებაში. არსებობს მრავალი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ საშოს სიმშრალეს, რაც უზრუნველყოფს უმტკივნეულო სექსს და დაგიცავთ ინფექციისგან.
დაიცავით თავი ინფექციებისგან. ამისათვის:
- ატარეთ ბამბის თეთრეული;
- არ ატაროთ ძალიან ვიწრო თეთრეული და შარვალი;
- გამოიყენეთ წყალზე დამზადებული ვაგინალური საცხი.
თუ გაწუხებთ ალები:
- ჩაიცვით რამდენიმე სამოსი, რათა შეძლოთ გაიხადოთ, როცა დაგცხებათ;
- იყავით აქტიური, იარეთ, ირბინეთ, ივარჯიშეთ ყოველდღიურად;
- შეამცირეთ სტრესი, დაკავდით ისეთი საქმიანობით რაც დაგეხმარებათ რელაქსაციაში.
მამაკაცების შემთხვევაში შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება:
- ორგაზმის გაძნელება ან შეუძლებლობა;
- ერექციის დაქვეითება ან იმპოტენცია;
- სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება.
როგორ გავუმკლავდეთ
გაესაუბრეთ თქვენს კლინიკური ონკოლოგს, შეგიძლიათ თუ არა გქონდეთ სქესობრივი კავშირი. კაცების უმეტესობას ქიმიოთერაპიის პროცესში შეუძლია დაკავდეს სექსით, თუმცა წინასწარ მიიღეთ რჩევა ექიმისგან, რომ დააზუსტოთ თავდაცვის საშუალების გამოყენების აუცილებლობა. ამით აირიდებთ ინფექციას, პარტნიორის არასასურველ ორსულობას. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა ქიმიოთერაპიის ზოგიერთი მედიკამენტის კვალი იყოს სპერმაში.
თქვენი პარტნიორი არ უნდა დაორსულდეს ქიმიოთერაპიის პროცესში. ქიმიოთერაპია აზიანებს სპერმას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სხვადასხვა თანდაყოლილი დეფექტი და სიმახინჯე.
ბევრი ადამიანი გრძნობს სტრესს და შფოთვას სექსუალური ცხოვრების გამო ქიმიოთერაპიის დროს. ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიოლოგიური და ემოციური ცვლილებები, რამაც, თავისთავად, შესაძლოა იქონიოს გავლენა თქვენს სექსუალობაზე და სქესობრივ ცხოვრებაზე. ამ პრობლემების დასაძლევად გულწრფელად დაელაპარაკეთ თქვენს მეუღლეს ან პარტნიორს, გაუზიარეთ თქვენი შეგრძნებები და ემოციები, შეინარჩუნეთ მასთან სიახლოვე.
ზოგიერთმა ქიმიოპრეპარატმა შესაძლოა უშვილობა გამოიწვიოს, ეს ნიშნავს, რომ ქალი ვეღარ დაორსულდება, ხოლო კაცი ვერ გახდება მამა. მოსალოდნელია თუ არა უშვილობა თქვენს შემთხვევაში, დამოკიდებულია ქიმიოპრეპარატზე, თქვენს ასაკზე, ასევე, სხვა თანმხლებ დაავადებებზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ იყოლიოთ შვილი მომავალში, უთხარით ამის შესახებ ექიმს ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. ის აგიხსნით თქვენი კვერცხუჯრედის (ქალები) თუ სპერმის (კაცები) პრეზერვაციის რა ვარიანტები არსებობს და გირჩევთ, უნდა მიმართოთ თუ არა ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტს.
ზოგიერთმა ქიმიოპრეპარატმა შესაძლოა გრიპის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს. ეს უფრო ხშირად ხდება, როცა ქიმიოთერაპია იმუნოთერაპიასთან ერთად ტარდება.
ეს არის: კუნთების და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, სიცხე, შემცივნება, მადის დაკარგვა და, როგორც წესი, ერთიდან სამ დღემდე გრძელდება. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მსგავსი სიმპტომების გამოწვევა ინფექციასაც შეუძლია. დასაშვებია, რომ ისინი უკავშირდება თქვენს ძირითად დაავადებას. მსგავსი სიმპტომების გამოვლინებისა და გახანგრძლივების შემთხვევაში, უმჯობესია თქვენს კლინიკურ ონკოლოგს აცნობოთ.
სითხის შეკავება თქვენს ორგანიზმში შესაძლოა ქიმიოთერაპიით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებების შედეგი იყოს, ასევე, შესაძლოა გამოწვეული იყოს თავად კიბოს დაავადებით. სითხის შეკავებას შეუძლია გამოიწვიოს თქვენი სახის, ხელების, ფეხების ან მუცლის შეშუპება. ზოგჯერ სითხე გროვდება ფილტვების ან/და გულის მფარავი გარსებისგან შექმნილ ღრუებში, რაც იწვევს ხველას, სუნთქვის გაძნელებას, გულის რითმის დარღვევას. სითხე შესაძლოა დაგროვდეს მუცლისა და მცირე მენჯის ღრუებშიც, რაც იწვევს მუცლის ზომაში მატებას და მასთან დაკავშირებულ სიმპტომატიკას: შებერილობას, მოძრაობის გაძნელებას, სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილს და ზოგჯერ გაუვალობასაც კი.
როგორ გავუმკლავდეთ
- აიწონეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს და გაიზომეთ მუცლის გარშემოწერილობა. თუ შეამჩნევთ წონაში მნიშვნელოვან მატებას, აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს;
- შეეცადეთ ჭამოთ უმარილო ან ნაკლებად მარილიანი საკვები;
- დალიეთ ნაკლები სითხე;
- თუ სხეულში მნიშვნელოვანი ოდენობის სითხე გიგროვდებათ, თქვენი კლინკური ონკოლოგი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას და დამატებით მედიკამენტებს.
ზოგიერთი ქიმიოპრეპარატი მოქმედებს მხედველობაზე. მაგალითად, წამლისმიერი თვალის სიმშრალე იწვევს ბუნდოვან მხედველობას, ტკივილს ლინზების მოხმარებისას. თუ გაჩნდა თვალებთან დაკავშირებული ჩივილები, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.
"კონსილიუმ მედულაში" თქვენი მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისაგან შემდგარი გუნდია ჩართული. გახსოვდეთ, თქვენ ამ გუნდის ცენტრალური წევრი ხართ და თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯეროვნად იზრუნოთ საკუთარ თავზე, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები, იკვებოთ სრულფასოვნად, იყოთ აქტიური, დაისვენოთ და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.