თუ ძვირფას ადამიანს კიბოსთან ბრძოლის გზის გავლაში ეხმარებით, თქვენ მომვლელი ხართ. შესაძლოა თქვენ საკუთარ თავს ასე არ არქმევდეთ და თვლიდეთ, რომ ის, რასაც აკეთებთ, სრულიად ბუნებრივია, რომ თქვენ უბრალოდ ზრუნავთ საყვარელ ადამიანზე-ოჯახის წევრზე ან მეგობარზე.
ეს ახალი, მომვლელის როლი, როგორც წესი, დიდ სტრესს უკავშირდება. ამას ემატება ისიც, რომ სხვაზე ზრუნვის დროს საკუთარი საჭიროებებისა და გრძნობების გვერდით გადადება გიწევთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ისწავლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა იმიტომ, რომ თუ საკუთარ თავზე სათანადოდ არ ზრუნავთ, სხვაზეც ვერ იზრუნებთ.
თქვენი გრძნობები
ონკოლოგიური პაციენტის მომვლელისთვის სტრესის და გადატვირთულობის შეგრძნება ბუნებრივია. საყვარელი ადამიანის მსგავსად, თქვენ შესაძლოა ხშირად გაბრაზებული, მოწყენილი ან შეშფოთებული იყოთ.
ავადმყოფზე ზრუნვისას ერთმანეთს ბევრი გრძნობა ერევა. თითოეული ადამიანი განსხვავებულია, ასევე, განსხვავებულად გრძნობენ ისინი თავს სტრესულ სიტუაციებში. მნიშვნელოვანია, შეძლოთ თქვენი გრძნობების სწორი იდენტიფიცირება. პირველი ნაბიჯი ამისკენ კი იმის ცოდნაა, რომ ყველა გრძნობა, რომელიც გეუფლებათ, ნორმალურია. მიეცით საკუთარ თავს გარკვეული დრო ამ შეგრძნებების გასააზრებლად.
დროდადრო შესაძლოა დაგეუფლოთ:
- სევდა - ამ დროს სევდის შეგრძნება ბუნებრივი და ნორმალურია, მაგრამ თუ ეს მდგომაროება ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება და ხელს გიშლით ნორმალურად ფუნქციონირებაში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
- ბრაზი - თქვენ შესაძლოა ბრაზობდეთ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, იმ ადამიანზეც კი, რომელზეც ზრუნავთ. იცოდეთ, რომ ბრაზის მიზეზი ხშირად შიში, პანიკა ან სტრესია. შეეცადეთ გაიგოთ, რა არის თქვენი ბრაზის მიღმა.
- მწუხარება - შესაძლოა თქვენ იყოთ დამწუხრებული იმის დაკარგვის შიშით, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობა, ან თქვენი ჩვეული ყოველდღიური ცხოვრება. ნება მიეცით საკუთარ თავს, შეეგუოთ ამ ცვლილებებს.
- დანაშაულის გრძნობა - თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ საყვარელ ადამიანს სათანადოდ ვერ ეხმარებით, ან შესაძლოა თავს დამნაშავედ გრძნობთ, რომ ჯანმრთელი ხართ. დანაშაულის გრძნობას მომვლელები ძალიან ხშირად განიცდიან.
- მარტოობა - თქვენ შესაძლოა გქონდეთ მარტოობის განცდა მაშინაც კი, როცა თქვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია. შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი პრობლემები არავის ესმის. შედეგად, ბუნებრივია, რომ ნაკლები დროის გატარება გსურთ სხვებთან ერთად.
რა დაგეხმარებათ
პირველ რიგში იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხართ. თუ თქვენი გრძნობები ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებლად ისაუბრეთ ამის შესახებ. ესაუბრეთ ოჯახის წევრს, მეგობარს, ფსიქოლოგს, ექიმს, მოძღვარს ან სულიერ წინამძღოლს. გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი შვებას მოგგვრით.
ასევე, შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი რჩევები:
- ნუ დაადანაშულებთ საკუთარ თავს, თუ ფიქრობთ, რომ საკმარისად ვერ ზრუნავთ ავადმყოფზე. აპატიეთ საკუთარ თავს. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, სრულყოფილი არავინაა. თქვენ ამ მომენტში აკეთებთ ყველაფერს, რაც შეგიძლიათ.
- იტირეთ და გამოხატეთ თქვენი გრძნობები. ნუ ეცდებით, სხვებს თავი მხიარულად მოაჩვენოთ. ის, რომ მოწყენილი ან სევდიანი ხართ, ბუნებრივი და ნორმალურია.
- კონცენტრირდით იმაზე, რაც თქვენს დროსა და ენერგიას იმსახურებს. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. მაგალითად, ნუ გააუთოვებთ ტანსაცმელს, თუ დაღლილი ხართ.
- ნუ მიიღებთ თქვენი საყვარელი ადამიანის ბრაზს პერსონალურად. ხშირია, როდესაც ადამიანები კრიტიკულ სიტუაციაში თავიანთ ნეგატიურ გრძნობებს მათთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებისკენ მიმართავენ. მათი სტრესები და შიშები შესაძლოა სიბრაზედ გამოვლინდეს.
- იყავით იმედიანად. ყოველთვის უნდა გქონდეთ სიმშვიდის, სიხარულის, მიმღებლობის იმედი.
ითხოვეთ დახმარება
როგორც წესი, პაციენტის მომვლელი ყველაფერს თავის თავზე იღებს და ცდილობს დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს.
ეცადეთ რეალისტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ის, თუ რამდენად დაკავებული ხართ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და სწორად შეაფასეთ, რისი გაკეთება შეგიძლია. დაფიქრდით, რა არის ისეთი, რისი გადაბარებაც სხვისთვის შეგიძლიათ. ეცადეთ არ გააკეთოთ ის საქმეები, რაც ამჟამად არცთუ ისე მნიშვნელოვანია.
ნუ მოგერიდებათ, ითხოვოთ დახმარება. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს.
თუ თქვენ დახმარებას მიიღებთ:
- იქნებით უფრო ჯანმრთელი და ენერგიული;
- თქვენს საყვარელ ადამიანს ექნება ნაკლები დანაშაულის გრძნობა თქვენს მიმართ;
- სხვა ადამიანებს შესაძლოა აღმოაჩნდეთ საკმარისი დრო ან უნარები, რომელიც თქვენ არ გაქვთ.
საკუთარ თავზე ზრუნვა
როდესაც ონკოლოგიურ პაციენტს უვლით, თვლით, რომ თქვენი საჭიროებები მეორეხარისხოვანია, ან ისე ხართ დაკავებული, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩებათ. საკუთარ თავზე ზრუნვა დაგეხმარებათ, უკეთესად მოუაროთ თქვენს საყვარელ ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ თავადაც გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.
- დაკავდით თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით, თუნდაც რამდენიმე წუთით, ეს ძალიან სასარგებლო იქნება. უყურეთ ტელევიზორს, დაურეკეთ მეგობარს, ან გააკეთეთ ის, რაც გიყვართ.
- იყავით აქტიური. მსუბუქი ვარჯიშიც კი, როგორიცაა სიარული ან გაწელვა, დაგეხმარებათ დაღლილობის მოხსნაში. ბავშვებთან ან ცხოველებთან თამაში, ან ეზოს სამუშაოები, ასევე, ძალიან დაგეხმარებათ.
- მოძებნეთ გზები მეგობრებთან კავშირისთვის. არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენს მეგობრებს? ან შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება ჩატით ან ტელეფონით?
- გამოძებნეთ დრო დასვენებისთვის. სთხოვეთ ახლობლებს, მცირე დროით დარჩნენ პაციენტთან და თქვენ დაისვენეთ.
- გააკეთეთ რაღაც საკუთარი თავისთვის ყოველდღიურად. თუნდაც მცირედი. მთავარია, არ დააიგნოროთ საკუთარი თავი და საჭიროებები.
ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე
გადატვირთულობის გამო, შესაძლოა საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმოთ. მომვლელებს ხშირად აწუხებთ უძილობა, თავის ტკივილი, შფოთვა, რაც ბუნებრივია. ამიტომ, საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია სტრესის შემცირებისათვის.
ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც გქონდათ, ვიდრე მომვლელი გახდებოდით? თუ ასეა, მაშინ საკუთარ თავზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დამატებითმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობის ახალი პრობლემებიც გამოიწვიოს. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაში რაიმე ცვლილებას შენიშნავთ.
არ უგულვებელყოთ თქვენი ჯანმრთელობის საჭიროებები და ეცადეთ, ჩაიტაროთ ყველა რეგულარული შემოწმება, არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება, იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ და ივარჯიშეთ. ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ არც ისე ადვილად შესასრულებელია. თუმცა როგორი რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებელია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას საკმარისი ყურადღება დაუთმოთ.
ზრუნვა სულიერ მდგომარეობაზე
კიბოსთან ბრძოლის პერიოდში ბევრი მომვლელი ახლებურად უყურებს ცხოვრებას და აფასებს ცხოვრების არსს. ასეთ დროს ადამიანები მეტწილად კონცენტრირდებიან იმაზე, რაც ყველაზე ფასეულია.
თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი შესაძლოა საკუთარ თავს უსვამდეთ ისეთ კითხვებს, თუ რატომ მოვიდა კიბო თქვენს ცხოვრებაში და ოცნებობდეთ იმ ცხოვრების დაბრუნებაზე, რომელიც ადრე გქონდათ. უნდა შეეცადოთ, დაინახოთ რაღაც დადებითიც ამ მდგომარეობაში, მაგალითად ის, რომ თქვენ შესაძლოა მეტ დროს ატარებდეთ ერთად. ავადმყოფობის ორივე კონტექსტში შეფასება სავსებით ნორმალურია.
კიბოს დიაგნოზი ბევრისთვის ცვლის მის დამოკიდებულებას რწმენის მიმართ. ზოგი თავის რწმენაში პოულობს შვებას, ზოგისთვის კი-რწმენა ირყევა. რწმენისადმი დამოკიდებულების შეცვლა ამ დროს ბუნებრივია. ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების არსის ძიება ასეთ დროს გადარჩენის საშუალებაა.
თქვენი სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:
- წაიკითხეთ საინფორმაციო ბროშურები ონკოლოგიური პაციენტების მოვლის შესახებ, მოისმინეთ მამოტივირებელი ვიდეორგოლები, გაეცანით სხვა პაციენტების კიბოსთან ბრძოლისა და გამარჯვების ისტორიებს
- ილოცეთ
- იმედიტირეთ
- ესაუბრეთ თქვენს მოძღვარს ან სხვა სულიერ წინამძღოლს
- ესაუბრეთ სხვა მომვლელებს
- წაიკითხეთ მომვლელებისათვის განკუთვნილი რჩევები, ბროშურები და სტატიები