რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბო არის დაავადება, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ყელის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებით. საშვილოსნოს ყელი არის საშვილოსნოს ქვედა ვიწრო ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საშვილოსნოს და საშოს. საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება განვითარდეს როგორც ყელის საშოსმხრივ ნაწილში, ისე ყელის არხში.
დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა კავშირშია ადამიანის პაპილომა ვირუსთან (HPV), რომლის ზემოქმედების შედეგად საშვილოსნოს ყელის უჯრედები იწყებს არაკონტროლირებად გამრავლებას და საბოლოოდ სიმსივნურ უჯრედად გადაგვარდება.
ცნობილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომა ვირუსთან ასოცირებული დაავადებაა. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ავთვისებიანი დაავადებების 70% ვირუსის 16 და 18 ტიპითაა გამოწვეული. თუ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას ნორმალური იმუნოსისტემის შემთხვევაში 15-20 წელი სჭირდება, არანამკურნალები პაპილომა ვირუსის დროს ეს ვადა 5-10 წელია. HPV პაპილომა ვირუსი, ასევე, შეიძლება იყოს ანუსის, ვულვის, საშოს, ასოსა და ცხვირ-ხახის სიმსივნეთა განვითარების რისკ-ფაქტორი.
ხშირ შემთხვევაში HPV ინფექცია უსაფრთხოა და ალაგდება ჩივილისა და მკურნალობის გარეშეც. თუმცა, იშვიათად შესაძლოა ინფექციამ ქრონიკული ხასიათი მიიღოს და ამით სიმსივნური პროცესის განვითარებას შეუწყოს ხელი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO 2018 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა 90% დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში დაფიქსირდა, რაც ამ ქვეყნებში სკრინინგის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის დეფიციტით აიხსნება, შედეგად ხდება გვიანი დიაგნოსტიკა, ავადმყოფს აქვს მკურნალობის მწირი არჩევანი არასაიმედო შედეგით.
Მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციით:
- საქართველოში წელიწადში ყოველი 100 000 ქალიდან 17-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი უდგინდება. იმისათვის, რომ საშვილოსნოს კიბო აღმოფხვრილად ჩაითვალოს, ეს მაჩვენებელი 4-მდე უნდა შემცირდეს;
- საქართველოში ყოველწლიურად 100 000 ქალიდან 10 ქალი საშვილოსნოს კიბოს მიზეზით კვდება;
- საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში მე-5 ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები
საშვილოსნოს ყელის კიბო ადრეულ სტადიებზე, შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
- უჩვეულო სისხლდენა საშოდან სქესობრივი აქტის დროს ან შემდეგ, მენსტრუალურ ციკლებს შორის და/ან მენოპაუზაში;
- უჩვეულო ტკივილი/დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
- უჩვეულო გამონადენი საშოდან მძაფრი სუნით, რომელიც შეიძლება იყოს სისხლნარევი, ან "ხორცის ნახარშის" მსგავსი თხიერი ჩამონაშალი;
- დისკომფორტი, ტკივილი წელისა და მენჯის არეში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები
- თამბაქოს მოხმარება: მწეველი ქალები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გაორმაგებული რისკის ქვეშ არიან;
- დაქვეითებული იმუნიტეტი: დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ქალებში, HIV-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არსებობის ფონზე, HPV ინფექციამ შესაძლოა ქრონიკული ხასიათი მიიღოს, რაც ზრდის კიბოსწინარე მდგომარეობის/კიბოს განვითარების ალბათობას;
- 5 ან მეტი მშობიარობა, ასევე, მშობიარობა ადრეულ ასაკში (17 წლამდე).
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე პრევენცირებადი და განკურნებადი ონკოლოგიური დაავადებაა. ის არის ერთადერთი ონკოლოგიური დაავადება, რომლის პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი. რეგულარული სკრინინგი კი ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნების შესაძლებლობას იძლევა.
2006 წლიდან არსებობს 2 ტიპის ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი HPV ვირუსისგან იცავს. ვაქცინა ამცირებს HPV ინფექციის განვითარების და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
დღეისათვის HPV-სთან ასოცირებული დაავადებების პრევენციის მიზნით სამი ვაქცინაა ხელმისაწვდომი:
- 9 ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს HPV ვაქცინის ცხრა გენოტიპს - 6,11,16,18,31,33,45,52,58;
- კვადრივალენტური ვაქცინა, რომელიც HPV ვაქცინის ოთხ გენოტიპს შეიცავს – 6,11,16,18;
- ბივალენტური ვაქცინა, რომელიც HPV ვაქცინის ორ გენოტიპს შეიცავს - 16,18.
HPV ვაქცინა მაღალეფექტიანია ახალგაზრდებში HPV ვირუსთან შეხებამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გოგონები უნდა აიცრან 9-14 წლის ასაკის პერიოდში. ვაქცინაცია რეკომენდებულია სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე, თუმცა თუ ქალი ინფიცირებული არ არის, ვაქცინაცია ნებისმიერ ასაკში მისაღებია.
საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ტარდება 9-12 წლის ასაკის გოგონებში. ვაქცინაცია სამ ეტაპიანია, კეთდება 2-თვიანი შუალედით პირველ და მეორე დოზებს შორის და 6-თვიანი შუალედით პირველ და მესამე დოზებს შორის.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო გეგმიური აცრის გარდა 2022 წლის 12 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით (#4) ქვეყანაში დაიგეგმა 13-18 წლის ასაკის გოგონებში "გაწმენდის" რაუნდის ჩატარება შემდეგი სქემით:
- 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
- 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ვაქცინაცია არ ცვლის სკრინინგს; ვაქცინაციის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივ გრძელდება.
საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ადრეულად აღმოჩენის შემთხვევაში, კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალება კი რეგულარული სკრინინგია. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას წლები სჭირდება. კიბოს განვითარებამდე საშვილოსნოს ყელში აღინიშნება ცვლილებები, რაც შესაძლებელს ხდის, წინასწარ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ მათ, არ მივცეთ კიბოში გადაზრდის შესაძლებლობა.
ვიდეორგოლს
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში"
დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
სკრინინგის პროგრამა მოიცავს:
- Pap ტესტს
- გინეკოლოგის კონსულტაციას
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში:
- კოლპოსკოპიას
- საჭიროების შემთხვევაში:
- კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.
გაიგეთ მეტი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.
მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ადგილობრივ და შორეულ გავრცელებაზე, მის სტადიასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობა ოპერაციულია, ზოგ შემთხვევაში ტარდება სხივური თერაპია +/- ქიმიოთერაპია ოპერაციის შემდგომ.
სიმსივნის შორსწასულ შემთხვევაში, უმეტესწილად ტარდება სხივური თერაპია ქიმიოთერაპიასთან ერთად. ზოგჯერ, ასევე, მიზანშეწონილია ქირურგიული მკურნალობაც. საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას გარდაუვალია საშვილოსნოს ამოკვეთა, რასაც თან სდევს ნაადრევი მენოპაუზა და უშვილობა.
იმ შემთხვევაში, თუ საშვილოსნოს ყელის კიბო განკურნებას არ ექვემდებარება, არსებობს გზები, რომელიც შეაფერხებს დაავადების პროგრესირებას, შეამცირებს ტკივილს და გააუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.
როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში"
"კონსილიუმ მედულაში" მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება კონსილიუმის წესით. კონსილიუმში მონაწილეობს კლინიკური ონკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ონკოქირურგი, უროლოგი, რადიოლოგი, პათომორფოლოგი და, საჭიროებისამებრ, სხვა სპეციალისტიც.
დაავადების ადრეულ სტადიაზე მოწოდებულია ქირურგიული მკურნალობა, რაც სრულდება როგორც მუცელკვეთით, ასევე, ლაპაროსკოპიით. ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს ტარდება კომბინირებული ქიმიო-სხივური თერაპია, ხოლო შორსწასული ფორმების დროს ტარდება სისტემური ქიმიოთერაპია. ბოლო წლებში წამლისმიერ მკურნალობას დაემატა ტარგეტული, ე.წ. სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია, რამაც გააუმჯობესა მკურნალობის ეფექტურობა.