რა არის ენდოპროტეზირება და ვისთვის არის განკუთვნილი
სახსრის ენდოპროტეზირება (ტოტალური ართროპლასტიკა) ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დაზიანებული სახსრის ზედაპირები ძვლის ნაწილებთან ერთად ამოიკვეთება და ჩანაცვლდება ხელოვნური სახსრით (პროთეზით), რომელიც დამზადებულია ლითონის, კერამიკის ან პლასტმასისგან. პროთეზი იმეორებს ჯანმრთელი სახსრის ბუნებრივ მოძრაობას. ყველაზე ხშირად კეთდება მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრებზე, თუმცა შესაძლებელია ჩატარდეს ტერფის, მაჯის, მხრისა და იდაყვის სახსრებზეც.
მენჯ-ბარძაყის და მუხლის ქრონიკული ტკივილისა და ფუნქციური შეზღუდვის ყველაზე ხშირი მიზეზი ართრიტია — უპირატესად ოსტეოართრიტი (ასაკთან დაკავშირებული ტიპის ართრიტი), თუმცა შესაძლოა ასევე რევმატოიდული ართრიტი და პოსტტრავმული ართრიტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მძიმე ტრავმის ან მოტეხილობის შემდეგ. მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების დამატებით მიზეზებს შორისაა ოსტეონეკროზი (ძვლის ნაწილის სისხლმომარაგების დარღვევა) და ბავშვობაში გადატანილი სახსრის განვითარების პრობლემები, რომლებმაც შეიძლება წლების შემდეგ იჩინოს თავი.
ოპერაციას ჩვეულებრივ ურჩევენ მაშინ, როდესაც კონსერვატიული (არა ოპერაციული) მკურნალობა — მედიკამენტები, ფიზიოთერაპია, აქტივობის კორექცია, ინექციები — აღარ ხსნის ტკივილს და შეზღუდვას საკმარისად. ოპერაციის მიმართვის საფუძველია: ტკივილი, რომელიც აფერხებს ყოველდღიურ საქმიანობას (სიარულს, კიბეზე ასვლას, სკამიდან წამოდგომას, პირადი ჰიგიენის გაძნელებას და სხვა); ტკივილი დასვენების დროსაც, დღისით თუ ღამით; სახსრის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა; როდესაც დგება საჭიროება, გამოვიყენოთ ხელჯოხი ან სხვა დამხმარე საშუალება. საბოლოო გადაწყვეტილებას სიმპტომებიდან და ანამნეზიდან გამომდინარე ერთად იღებს პაციენტი და ორთოპედ-ტრავმატოლოგი/ქირურგი.
არა, ასაკის ან წონის აბსოლუტური ზღვარი არ არსებობს — გადაწყვეტილება ეფუძნება ტკივილისა და ფუნქციური შეზღუდვის ხარისხს და არა მხოლოდ ასაკს; ოპერაცია წარმატებით კეთდება როგორც ახალგაზრდებში (მაგ., იუვენილური ართრიტის დროს), ისე ასაკოვან პაციენტებში. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ თუ სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40-ზე მეტია, ოპერაციის დროს და მის შემდეგ გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს წონის დაკლება ოპერაციამდე.
მზადება ოპერაციისთვის
ოპერაციამდე ქირურგი ატარებს სრულ ფიზიკურ გასინჯვას, რათა დარწმუნდეს, რომ პაციენტი საკმარისად ჯანმრთელია ოპერაციისთვის და შემდგომი რეაბილიტაციისთვის. წინასაოპერაციოდ საჭირო ინიშნება სისხლისა და შარდის ანალიზები, ეკგ და, ზოგჯერ, გულმკერდის რენტგენი. ქრონიკული დაავადებების (გულის, თირკმლის) მქონე პაციენტებს დამატებით სჭირდებათ შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია. ოპერაციამდე მნიშვნელოვანია ექიმისთვის ყველა მიღებული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სტომატოლოგიური პროცედურის დროს ბაქტერია შეიძლება სისხლში მოხვდეს და ოპერაციის შემდეგ გართულება გამოიწვიოს. ამიტომ დიდი სტომატოლოგიური ჩარევები — კბილის ამოღება, პაროდონტული მკურნალობა — სასურველია დასრულდეს ოპერაციამდე. ოპერაციის შემდეგ, სტომატოლოგიურ პროცედურებზე პროფილაქტიკური ანტიბიოტიკის საჭიროებას განსაზღვრავს ორთოპედი ქირურგი ინდივიდუალურად — ეს ავტომატურად არ ეხება ყველა პაციენტს.
სასურველია წინასწარ მოეწყოს: მყარი სახელური საშხაპეში ან აბაზანაში, ამაღლებული ტუალეტის სავარძელი, მყარი, მაღალზურგიანი და ორმკლავიანი სავარძელი, საიმედო სახელურები კიბეებზე, ხალიჩებისა და კაბელების მოცილება წაბორძიკების თავიდან ასაცილებლად. სასურველია, თუ შესაძლებელია, დროებითი საცხოვრებელი ერთ სართულზე მოეწყოს, რადგან პირველ კვირებში კიბეზე სიარული გაძნელდება. კარგია, წინასწარ იყოს მზადყოფნაში ხელჯოხი ან სხვა დამხმარე საშუალება, დანიშნული მედიკამენტები და ვინმეს დახმარება პირველი კვირების ისეთ საქმეებში, როგორიცაა საკვების მომზადება და საყიდლები.
ოპერაცია და ანესთეზია
ყველაზე ხშირად გამოიყენება ორი ტიპის ანესთეზია: ზოგადი (პაციენტს სძინავს მთელი ოპერაციის განმავლობაში) და სპინალური ანესთეზია (პაციენტს ღვიძავს, თუმცა სხეულის ქვედა ნაწილი დაბუჟებულია). არჩევანს ერთად განსაზღვრავენ ანესთეზიოლოგი და პაციენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩვეულებრივი სტანდარტული მენჯ-ბარძაყის ან მუხლის ენდოპროტეზირება გრძელდება დაახლოებით 1-დან 2 საათამდე. ამ დროის განმავლობაში ქირურგი აცილებს დაზიანებული ძვლის ნაწილებს და ანაცვლებს მას, ლითონის, პლასტმასის ან კერამიკის კომპონენტებით.
ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა: რეალურად დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებზე. დღეს პაციენტთა უმეტესობა საავადმყოფოში რჩება 4 ღამე. გადაწყვეტილებას იღებს ქირურგი პაციენტის ასაკის, თანმხლები დაავადებებისა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის მიხედვით.
რისკები და გართულებები
სერიოზული გართულებების სიხშირე დაბალია — ღრმა ინფექცია გვხვდება პაციენტთა 2%-ზე ნაკლებში, ხოლო ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, კიდევ უფრო იშვიათია. ქრონიკული დაავადებების არსებობა ზრდის გართულების რისკს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების ექიმთან წინასწარ განხილვა.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ მუდმივი ცხელება (38°C-ზე მეტი), შემცივნება, მზარდი სიწითლე, ტკივილი ან შეშუპება ჭრილობის ირგვლივ, გამონადენი ჭრილობიდან, ან სახსრის ტკივილის გაძლიერება როგორც აქტივობის, ისე დასვენების დროს.
ქვემო კიდურებში თრომბის განვითარების შესაძლო ნიშნებია: მზარდი ტკივილი წვივში, მტკივნეულობა ან სიწითლე მუხლისა თუ თეძოს ირგვლივ, აგრეთვე ახალი ან პროგრესირებადი შეშუპება წვივის, კოჭისა ან ტერფის მიდამოში. თუ თრომბი ფილტვში მოხვდება (ფილტვის არტერიის ემბოლია), შესაძლოა განვითარდეს უეცარი სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის ტკივილი ან ლოკალიზებული ტკივილი ხველის დროს -ეს წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას. რისკის შესამცირებლად ინიშნება ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები), კომპრესიული წინდები და პაციენტის ადრეული მობილიზაცია.
დისლოკაცია არის მდგომარეობა, როცა ბარძაყის პროთეზის თავი ტაბუხის ფოსოდან ამოვარდება. ეს იშვიათია, და ყველაზე მაღალი რისკის პერიოდი ოპერაციის შემდეგ პირველი რამდენიმე თვეა, სანამ ქსოვილები არ შეხორცდება. ამ პერიოდში ექიმი და ფიზიოთერაპევტი გასწავლიან კონკრეტულ სიფრთხილის წესებს — მაგალითად, თავი ავარიდოთ მკვეთრად მოხრას, ფეხების გადაჯვარედინებას ან თეძოს გადაჭარბებულ შემობრუნებას — რომლებიც დამოკიდებულია გამოყენებულ ქირურგიულ მიდგომაზე. თუ დისლოკაცია მოხდა, ჩვეულებრივ შესაძლებელია მისი ადგილზე დაბრუნება დამატებითი ოპერაციის გარეშე (დახურული რეპოზიცია), თუმცა განმეორებითი შემთხვევების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ქირურგიული ჩარევა.
აღდგენა და რეაბილიტაცია
ოპერაციის შემდეგ გარკვეული ტკივილი ბუნებრივია და შეხორცების პროცესის ნაწილია. ტკივილის სამართავად გამოიყენება მედიკამენტების კომბინაცია — არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პარაცეტამოლი — რაც ამცირებს ოპიოიდების საჭიროებას. ოპიოიდები ნარკოტიკული საშუალებებია დამოკიდებულების რისკით, ამიტომ გამოიყენება მხოლოდ ექიმის მითითებით და მინიმალური დროით. თუ ტკივილი რამდენიმე დღეში არ უმჯობესდება, ეს აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს.
თანამედროვე პრაქტიკაში პაციენტთა უმეტესობა წამოდგომას და სიარულს იწყებს ოპერაციიდან რამდენიმე საათში ან პირველივე დღეს. დროული გააქტიურება ამცირებს გართულებების (თრომბები, ფილტვების ანთება) რისკს. ფიზიოთერაპია გრძელდება კვირების განმავლობაში როგორც სახლში, ისე, საჭიროების შემთხვევაში, სარეაბილიტაციო ცენტრში.
ნაკერები ჩვეულებრივ იხსნება ოპერაციიდან დაახლოებით 2 კვირაში. კანქვეშა ნაკერს მოხსნა არ სჭირდება. ჭრილობა არ უნდა დასველდეს, სანამ სრულად არ შეხორცდება.
ავტომობილის მართვის განახლებას იწყებენ მას შემდეგ, რაც სახსარი საკმარისად იხრება მანქანაში ჯდომისთვის. ხოლო კუნთების კონტროლი უზრუნველყოფს დამუხრუჭებისთვის საკმარის რეაქციის დროს — ეს ჩვეულებრივ ხდება ოპერაციიდან 4-6 კვირის შემდეგ, თუმცა ზუსტ ვადას ინდივიდუალურად განსაზღვრავს თქვენი ქირურგი.
პაციენტთა უმეტესობა ჩვეულ, მსუბუქ ყოველდღიურ აქტივობებს უბრუნდება ოპერაციიდან 3-6 კვირის განმავლობაში, თუმცა გარკვეული დისკომფორტი აქტივობისა და ღამის საათებში კიდევ რამდენიმე კვირას შეიძლება გაგრძელდეს. სრული გამოჯანმრთელება ინდივიდუალურია — პაციენტთა უმეტესობა კარგად გრძნობს თავს ოპერაციიდან 3 თვეში, ხოლო შემდგომი გაუმჯობესება გრძელდება პირველი წლის განმავლობაში.
ცხოვრება ახალი სახსრით
ახალი სახსრით შესაძლებელია შეუზღუდავი სიარული, ცურვა, გოლფი, მანქანის ტარება, ლაშქრობა, ველოსიპედი და ცეკვა. ხოლო მაღალი დატვირთვის სპორტი — სირბილი, ხტომა და მსგავსი აქტივობები — ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი აჩქარებენ პროთეზის ცვეთას და ზრდიან მისი მორყევის რისკს. აქტივობის სწორი შერჩევით პროთეზმა შეიძლება მრავალი წელი გასტანოს.
ზოგჯერ დისკომფორტს იწვევს, მაგრამ ზიანს არ აყენებს ახალ სახსარს. ბევრი პაციენტი დროთა განმავლობაში ეჩვევა ამ შეგრძნებას; დისკომფორტის შემთხვევაში შესაძლებელია ბალიშის ან სხვა რბილი საფარის გამოყენება მუხლის ქვეშ.
ოპერაციიდან პირველი დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ახალი სახსარი არ ხასიათდება იმავე სტაბილურობით, რაც ინტაქტურ (დაუზიანებელ) სახსარს ახასიათებს. ამიტომ მკურნალი ექიმი პაციენტს აცნობს უსაფრთხოების კონკრეტულ წესებს ჯდომის, მოხრისა და ძილის დროს, რომლებიც დამოკიდებულია გამოყენებულ ქირურგიულ მიდგომაზე. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება ინტიმურ ცხოვრებაზეც: სქესობრივი კავშირის განახლება შესაძლებელია ოპერაციული ჭრილობის შეხორცებისა და ტკივილის სინდრომის შემცირების შემდეგ (კვლევების თანახმად, საშუალოდ ოპერაციიდან 6 კვირაში). თუმცა რეკომენდებულია თავის არიდება სახსრის მკვეთრი ექსკურსიისგან (მკვეთრი მოხრისგან) და ამ საკითხზე ქირურგთან წინასწარი კონსულტაცია, ვინაიდან უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს პროთეზის ამოვარდნილობა (დისლოკაცია).
ზოგიერთ პაციენტს, კონკრეტული რისკ-ფაქტორების არსებობისას, შეიძლება დასჭირდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკი სტომატოლოგიური ან სხვა ისეთი პროცედურების წინ, რომლის დახმარებითაც შესაძლოა ბაქტერია სისხლში მოხვდეს — ამის საჭიროებას განსაზღვრავს ქირურგი ინდივიდუალურად და ეს არ ეხება ყველა პაციენტს. რაც შეეხება მეტალოდეტექტორებს — დიახ, ახალმა სახსარმა შეიძლება გააქტიუროს აეროპორტისა და სხვა უსაფრთხოების სისტემების მეტალოდეტექტორი; საკმარისია უსაფრთხოების თანამშრომელს შეატყობინოთ ენდოპროთეზირების შესახებ.
თანამედროვე პროთეზების უმეტესობა კარგად ფუნქციონირებს მრავალი წლის განმავლობაში — მუხლის ენდოპროთეზების 90%-ზე მეტი გამართულად მუშაობს ოპერაციიდან 15 წლის შემდეგაც. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა და აქტიურ პაციენტებში, პროთეზმა შეიძლება ცვეთა ან მორყევა განიცადოს (ხშირად 15-20 წლის შემდეგ), რაც ტკივილს იწვევს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი ოპერაცია — რევიზია, რომლის დროსაც იცვლება ცალკეული ან ყველა კომპონენტი. რეგულარული საკონტროლო ვიზიტები ორთოპედთან ეხმარება ამ პრობლემის დროულად აღმოჩენას.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.