3 ნაბიჯი ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. წელს გლობალური კამპანიის მთავარ აქცენტად დასახელდა ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში. 

ამ სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული რეკომენდაციები ძუძუს კიბოს მქონე ქალებისთვის.

რატომაა გადამწყვეტი ადრეული გამოვლენა?

როდესაც სარძევე ჯირკვლის კიბო ადრეულ ეტაპზე ვლინდება და ის ლოკალიზებულ სტადიაშია, 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი 99%-ია!

ადრეული გამოვლენა ნიშნავს კიბოს აღმოჩენას მის გავრცელებამდე. ადრეული გამოვლენა განკურნების დიდ შესაძლებლობებს იძლევა. 

ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლენაში ეს სამი ნაბიჯი დაგვეხმარება, მათი რეგულარულად დაცვით თქვენ შეგიძლიათ, გაზარდოთ ძუძუს კიბოს ადრეული აღმოჩენის შანსი:

  1. ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა
  2. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან
  3. ძუძუს კიბოს სკრინინგი
ნაბიჯი გამოკვლევა ასაკი სიხშირე
1 ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა 18+ ქალებისთვის თვეში ერთხელ
2 პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან 18-39 წლის ქალებისთვის 3 წელიწადში ერთხელ
3 ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის 2 წელიწადში ერთხელ

 

1. ძუძუს თვითგასინჯვა

ადრეული გამოვლენისთვის პირველი ნაბიჯი მკერდის დაკვირვება და შესწავლაა, იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყურება და როგორი მგრძნობელობა აქვს თქვენს მკერდს. დაკვირვება და შესწავლა დაგეხმარებათ, მყისიერად აღმოაჩინოთ ნებისმიერი ცვლილება ან პათოლოგია მკერდში, მათ შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. 

ძუძუს წარმონაქმნი

ძუძუს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცვლილება არის წარმონაქმნი. ეს შეიძლება იყოს მასა, ზრდა ან შეშუპება მკერდის ქსოვილში. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნი ხშირად იგრძნობა მკერდის ქსოვილში, მის გარშემო ან იღლიის არეში. მკერდის არეში წარმონაქმნი მეტად შესამჩნევია, ვიდრე მკერდის მიმდებარე ქსოვილში.

მკერდის წარმონაქმნები შეიძლება განსხვავდებოდეს ზომის, ფორმისა და შეგრძნების მიხედვით. ზოგიერთი ბარდის მარცვლის ზომისაა, ზოგი კი უფრო დიდი. წარმონაქმნები შეიძლება იყოს როგორც მრგვალი, გლუვი და მოძრავი, ისე მყარი, დაკბილული და უძრავი. მკერდის წარმონაქმნები შეიძლება გაჩნდეს ერთ ან ორივე მკერდში.

მკერდის ზოგიერთმა წარმონაქმნმა შესაძლოა ტკივილი ან დისკომფორტი გამოიწვიოს, თუმცა მტკივნეული წარმონაქმნი სულაც არ არის ძუძუს კიბოს ნიშანი, ეს ექიმმა უნდა შეაფასოს.

თუ აღმოაჩენთ წარმონაქმნს მკერდის არეში, დანიშნეთ შეხვედრა მამოლოგთან, მაგრამ არ ინერვიულოთ - წარმონაქმნების 60-80% კიბო არ არის. თუმცა მკერდში შესამჩნევი წარმონაქმნის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ძუძუს კიბო არ განვითარდება მომავალში ან უკვე არ განვითარდა.

თვითგასინჯვა

ყველა ქალს აქვს მკერდის უნიკალური "ნორმალური" შეგრძნება. ზოგიერთი ქალის მკერდი შეიძლება იყოს უფრო მკვრივი. მკერდის შეგრძნება იცვლება ყოველთვიური მენსტრუალური ციკლის მიხედვით.

მკერდის დაკვირვება და შესწავლა, იმის ცოდნა, თუ როგორია მისი ნორმალური შეგრძნება, ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია. ის დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად ამოიცნოთ მკერდის ნებისმიერი ცვლილება. 

მკერდის ნორმალური შეგრძნების გასაცნობად საუკეთესო გზა მკერდის ყოველთვიური თვითგასინჯვის ჩატარებაა. ყველა ასაკის ზრდასრულმა ქალმა  ყოველთვიურად უნდა ჩაიტაროს ძუძუს თვითგასინჯვა მკერდის ქსოვილში რაიმე ცვლილების აღმოსაჩენად, იქნება ეს წარმონაქმნები თუ სხვა დარღვევები, როგორიცაა, მაგალითად, მკერდის კანის ცვლილებები. 

პრემენოპაუზალურ პერიოდში თვითგასინჯვის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუაციის დაწყებიდან მე-7-12 დღეების შუალედში, ხოლო მენოპაუზაში მყოფი ქალებისთვის - ნებისმიერ დღეს ყოველთვიურად. 

ძუძუს კიბოს  ნიშნები და სიმპტომები, რომელთა გამოვლენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს:

  • ახალი წარმონაქმნი ან გასქელება მკერდში ან მკლავის მიდამოში;
  • მკერდის ზომის ან ფორმის ნებისმიერი აუხსნელი ცვლილება, მათ შორის შეშუპება ან შეკუმშვა (განსაკუთრებით მხოლოდ ერთ მხარეს);
  • მკერდის ჩაღრმავება;
  • ძუძუს თავის ჩაბრუნება;
  • გამონადენი (სითხე) ძუძუს თავიდან (განსაკუთრებით გამჭვირვალე ან სისხლიანი გამონადენი);
  • კანის ტექსტურის ცვლილება, გაუფერულება, შეშუპება ან ფორების გაფართოება (ზოგი ამას აღწერს, როგორც ფორთოხლის ქერქის ტექსტურას);
  • ქერცლიანი, წითელი ან შეშუპებული კანი; 
  • მკერდის ბოლოდროინდელი ასიმეტრია (სხვადასხვა ზომა ან ერთგვაროვნების ნაკლებობა).

მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძუძუს თვითგასინჯვა სასარგებლო ინსტრუმენტია ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის, თუმცა ის არ ანაცვლებს პროფილაქტიკურ ვიზიტს მამოლოგთან და სკრინინგს!

ძუძუს თვითგასინჯვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე ან ნახეთ ვიდეო.

ძუძუს თვითგასინჯვა

2. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან

ქალებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან და მამოლოგთან. გარდა რუტინული გინეკოლოგიური კვლევებისა, წელიწადში ერთხელ მკერდის კლინიკური გამოკვლევაც აუცილებელია. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან, ასევე, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ექიმთან განიხილოთ ნებისმიერი შეკითხვა ან წუხილი, რომელიც გაქვთ მკერდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 

რას მოიცავს კლინიკური გამოკლვევა

მკერდის კლინიკური გამოკვლევა მოიცავს ვიზუალურ შემოწმებას და ფიზიკალურ გასინჯვას. ექიმი შეამოწმებს თქვენი მკერდის კანს და ქსოვილს, შეაფასებს განსხვავებებს მკერდებს შორის ზომისა და ფორმის მიხედვით. კანი შემოწმდება ნებისმიერი გამონაყარის, ჩაღრმავების ან სხვა პათოლოგიურ ნიშანზე. შეიძლება შემოწმდეს ძუძუს თავები იმის დასადგენად, არის თუ არა გამონადენი მსუბუქად მოჭერისას.

ფიზიკალური შემოწმებისთვის ექიმი გამოიყენებს თითების ბალიშებს მკერდის, იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვედა მიდამოებში ნებისმიერი წარმონაქმნისა და დარღვევის გამოსავლენად. თუ წარმონაქმნი აღმოჩნდება, ექიმი აფასებს მის ზომას, ფორმას და ტექსტურას. ასევე, ამოწმებს, მოძრაობს თუ არა წარმონაქმნი ადვილად. კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) წარმონაქმნები ხშირად განსხვავდებიან სიმსივნურისგან, ნებისმიერი აღმოჩენილი წარმონაქმნი საჭიროებს შემდგომ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, როგორიცაა მამოგრაფია, ულტრაბგერით კვლევა ან ბიოფსია.

3. ძუძუს კიბოს სკრინინგი

საქართველოში მოქმედებს ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომელში ჩართვაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის. უფასო სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.

რას მოიცავს ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევები:

  • მამოლოგის გასინჯვა;
  • მამოგრაფიული გამოკვლევა;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში: ძუძუს ექოსკოპია და წარმონაქმნის ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.
რა არის მამოგრაფია

მამოგრაფია არის  ძუძუს ხანმოკლე, მარტივი და უსაფრთხო რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ძუძუს მამოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე, ლაქტაციის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვე, მამოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული.

გაიგეთ მეტი მამოლოგიური კვლევის შესახებ ბმულზე.

ვიცოდეთ განსხვავება მამოგრაფიის ტიპებს შორის

მამოგრაფია, რომელიც ტარდება სკრინინგის დროს ქალებში, რომელთაც დაავადების აშკარა სიმპტომები არ გააჩნიათ, განსხვავდება დიაგნოსტიკური მამოგრაფიისგან.

დიაგნოსტიკური მამოგრაფია უფრო სიღრმისეულია კვლევაა და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგისას მამოგრამაზე საეჭვო შედეგებია ნაპოვნი ან თუ თქვენ ან თქვენი ექიმი აღმოაჩენთ რაიმე პათოლოგიურ ნიშანს.

კიდევ რა შემთხვევაში გამოიყენება მამოგრაფია

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს რეგულარულ სკრინინგში ჩართვა მოწოდებულია 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, თუ თქვენ გაქვთ ძუძუს კიბოს შემთხვევა პირველი რიგის ნათესავებში (დედა, დეიდა, ბებია), შესაძლოა მამოგრაფიული კვლევის დაწყება 40 წელზე ადრეულ ასაკში იყოს საჭირო. 

თქვენი ნათესავის დიაგნოზის ასაკს უნდა გამოაკლოთ 10 წელი, რაც მოგცემთ იმ სავარაუდო ასაკს, როდესაც უნდა დაიწყოთ რეგულარული შემოწმება. მაგალითად, თუ პირველი რიგის ნათესავს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 45 წლის ასაკში დაუსვეს, თქვენ ექიმთან ერთად უნდა დაგეგმოთ ყოველწლიური მამოლოგიური კვლევის დაწყება 35 წლის ასაკიდან.

რეკომენდაციები ძუძუს კიბოს მქონე ქალთათვის

ძუძუს კიბოს მქონე ქალებმა, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, უნდა გააგრძელონ დაავადების რეციდივის ადრეული გამოვლენის პრაქტიკა. ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციის შემდეგ რჩება მკერდის ქსოვილის დიდი ნაწილი, რომელიც რეგულარულად უნდა შემოწმდეს. მასტექტომიის დროს მკერდის ქსოვილის ყველა უჯრედის ამოღება შეუძლებელია, რაც ნიშნავს, რომ ძუძუს კიბოს განმეორების ან ხელახალი განვითარების რისკი არასდროს არის 0%-ის ტოლი.

ადრეული გამოვლენისთვის საჭირო სამი ნაბიჯი ძუძუს კიბოს გადარჩენილი ქალებისათვის იგივეა, მაგრამ სპეციფიკური.

1. თვითგასინჯვა 

თუ თქვენ გაიკეთეთ ძუძუს ოპერაცია, ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია ან მასტექტომია (სრული მოკვეთა) იმპლანტანტებით ან რეკონსტრუქციით, ან მის გარეშე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ჩაიტაროთ მკერდის თვითგასინჯვა. გახსოვდეთ: ძუძუს რეგიონში შედის ორივე მკერდი, იღლიის არე, ლავიწის ძვლის მიდამო, ამიტომ ეს ადგილებიც სრულად უნდა შემოწმდეს.

თუ თქვენ გაკეთებული გაქვთ ძუძუს ოპერაცია კიბოს ან სხვა მიზეზის გამო, მოგიწევთ ხელახლა შეისწავლოთ მკერდის ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება შეცვალოს ის შეგრძნებები, რაც ადრე ნორმალური იყო თქვენთვის.

თვითგასინჯვა ძუძუს ოპერაციის შემდეგ მოიცავს:

  • იმპლანტის მქონე ქალებისთვის: მკერდის გარშემო იმპლანტის კიდეების შემოწმებას შესაძლო წარმონაქმნის ან სხვა ანომალიების აღმოსაჩენად იმპლანტის ქვეშ და მის გარშემო;
  • ქალებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ნაწიბურები წინა ოპერაციებიდან: მნიშვნელოვანია შეამოწმონ სიმსივნის არსებობა ნაწიბურის ირგვლივ. ნებისმიერი ახალი სიმსივნე ან ცვლილება უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.

სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს:

  • ზურგის ან კისრის უჩვეულო ან მუდმივი ტკივილი, რომელიც არ აიხსნება ტრავმით ან ვარჯიშით;
  • ტკივილი ძვლებში;
  • აუხსნელი ქოშინი; 
  • დაღლილობა ან სისუსტე (ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება);
  • თავის ტკივილი ან გულყრა;
  • კანის ფერის ცვლილება;
  • განწყობის ცვლილება;
  • მეტყველების გაძნელება;
  • მხედველობის ცვლილებები;
  • დისკომფორტი/ტკივილი მუცლის არეში.


2. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან ძუძუს კიბოს მქონე ქალებისათვის 

ძუძუს კიბოს გადარჩენილ ქალებს კვლავ სჭირდებათ, რეგულარულად გაიარონ კონსულტაცია მამოლოგთან და ჩაიტარონ გამოკვლევები. ვიზიტების განრიგს განსაზღვრავს ექიმი თავდაპირველი დიაგნოზის, ჩატარებული მკურნალობისა და ასაკის მიხედვით.

3. სკრინინგი ძუძუს კიბოს გადარჩენილი ქალებისათვის 

ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა დაავადებას გადარჩენილ ქალებსაც შეუძლიათ. 

თუ ძუძუს კიბოს წარმატებული მკურნალობის შემდეგ კვლავ გაქვთ ძუძუს ქსოვილი, მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ კვლევები, რომელთა რეგულარულობას თქვენი კლინიკური ონკოლოგი განსაზღვრავს.