არსებობს მითი, რომ ავთვისებიანი სიმსივნის დაავადების დროს დეპრესია და სხვა ფსიქო-ემოციური პრობლემები ჩვეულებრივი რამაა და ონკოპაციენტი ამ მდგომარეობას უნდა შეეგუოს. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა რომ კიბოს დიაგნოზის გაგების და მკურნალობის საწყის ეტაპზე განვითარებული შფოთვა, სტრესი, მოწყენილობა ნორმალური და ბუნებრივია, ეს გრძნობები თანდათან გადის. თუ ასე არ ხდება, თუ სევდის ან უიმედობის გრძნობა გრძელდება რამდენიმე კვირა და გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეს შეიძლება დეპრესიის ნიშანი იყოს და სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია.
რაც უფრო ადრე მიხვდება პაციენტი, რომ დეპრესია აქვს, მით უფრო სწრაფად შეძლებს ძალების მობილიზაციას კიბოს დასამარცხებლად. ონკოპაციენტებში განვითარებული დეპრესია თანმხლები დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა გაართულოს ონკოლოგიური პათოლოგია. დეპრესიის მკურნალობა აუცილებელია, ეს ეხმარება პაციენტს, უკეთ გაუმკლავდეს ორივე დაავადებას, როგორც სიმსივნეს, ასევე დეპრესიას. ამიტომაც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მოიცავს არა მხოლოდ სიმსივნის მკურნალობას, არამედ დეპრესიის თერაპიასაც.
ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებში დეპრესია პაციენტთა 13-32%-ს უვითარდება. ნორმალურია ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების შემდეგ ქალს დროდადრო მოწყენილობის განცდა ან დაღლილობის შეგრძნება დაეუფლოს. ასევე, ნორმალურია ფიქრი იმაზე, რომ გასავლელი გაქვთ ძუძუს კიბოს მკურნალობის რთული გზა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, ურთიერთობები, გარეგნობა. ეს გრძნობები, როგორც წესი, ქრება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
პაციენტთა უმრავლესობისათვის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მიღება, ქირურგიული და სხვა სახის მკურნალობა რთულად გასავლელი გზაა. ამ გზას ონკოპაციენტი ქალები აღწერენ, როგორც ბრძოლას, გამოჯანმრთლებულებს კი გადარჩენილ მეომრებს ადარებენ.
როდესაც სიმსივნის დიაგნოზს სვამენ, პაციენტები განსხვავებულად რეაგირებენ: ეს დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. კარგია, თუ ქალი თავს ძლიერ ადამიანად და მებრძოლად გრძნობს, მაგრამ, ასევე, ნორმალურია ნერვიულობის, შიშის, სევდის, მოწყენილობის და, პერიოდულად, უიმედობის განცდა.
ცალკე სირთულეა, ახლობლებისათვის დიაგნოზის შეტყობინება. გაზიარების შემდეგაც კი, პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს საუბარი იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, ხშირად ერიდება ახლობლებისათვის დახმარების თხოვნაც.
ონკოპაციენტი არ უნდა დარჩეს თავის მძიმე განცდებთან მარტო. მას აუცილებლად სჭირდება ოჯახის ყურადღება, ურთიერთობა, მოსმენა. აუცილებელია ასეთ პაციენტებში ოპტიმიზმის მხარდაჭერა, რწმენის კულტივირება, რომ შეძლებს დაძლიოს დაავადება. როდესაც პაციენტი გრძნობს, რომ მარტო არ არის დაავადების პირისპირ, ახდენს შინაგანი რეზერვების მობილიზებას და მკურნალობის გზასაც შედარებით ადვილად გადის.
მნიშვნელოვანია საუბარი: თუ ადამიანი არავის ესაუბრება თავის დიაგნოზზე, ეს მას ფიტავს, ძალას და ენერგიას ართმევს. თუმცა, აუცილებელია საზღვრების დაწესება. უცხო ადამიანებთან ამ თემაზე საუბარი არაა სასურველი, თუ შეკითხვას გისვამენ და არ გსურთ პასუხი, შეგიძლიათ უთხრათ, რომ აფასებთ მათ ინტერესს და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოთ.
დეპრესიის სიმპტომები
დეპრესიის სიმპტომები პაციენტმა შესაძლოა იგრძნოს ძუძუს კიბოს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, ან მკურნალობის დასრულების შემდეგ. სიმპტომები მოიცავს ისეთ შეგრძნებებს და გამოვლინებებს, როგორიცაა:
- ძლიერი სევდის შეგრძნება
- ხშირად ტირილი
- ინტერესის დაკარგვა ისეთი საქმიანობის მიმართ, რომელიც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ
- გაღიზიანების, ნერვიულობის ან მოუსვენრობის შემაწუხებელი გრძნობა
- საკუთარი თავის უსარგებლოდ და უმწეოდ შეგრძნება
- უიმედობის განცდა
- გარშემომყოფებისაგან იზოლირების სურვილი
- მოტივაციის ნაკლებობა ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში
- რთულდება ფოკუსირება რაიმე კონკრეტულზე
- ქვეითდება გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- გიჭირთ ახალი ინფორმაციის დამახსოვრება
- არ გაქვთ საკმარისი ენერგია, რომ ეფექტიანად იმკურნალოთ
დეპრესიამ, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს:
- უძილობა და/ან ზედმეტი ძილიანობა
- ძლიერად გამოხატული დაღლილობის შეგრძნება ან ენერგიის ნაკლებობა
- მადის დაკარგვა, ან პირიქით, გაძლიერებული მადა
- ლიბიდოს დაქვეითება
ონკოლოგიური დაავადების მართვის პროცესში გამოყენებულმა ზოგიერთმა მკურნალობამ, როგორიცაა: ქიმიოთერაპია, ჰორმონალური თერაპია, სტეროიდული მედიკამენტების მიღება, თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს და/ან გაზარდოს დეპრესიის რისკი მედიკამენტების პირდაპირი ან ირიბი გვერდითი ეფექტების გამო. შესაძლოა, გაჩნდეს ისეთი შეგრძნებები და სიმპტომები, როგორიცაა:
- დაღლილობა
- უძილობა
- სახსრების ტკივილი
- პერიფერიული ნეიროპათია
- ჰორმონალური ცვლილებები
არსებობს დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ზრდის დეპრესიის რისკს:
- დეპრესიის ან შფოთვის პირადი ან ოჯახური ისტორია
- ძუძუს კიბოს მეტასტაზური ან სამმაგი უარყოფითი ძუძუს კიბოს დიაგნოზი
- როდესაც პაციენტს არ აქვს მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერის ძლიერი სისტემა
- ფინანსური სირთულეები
- ძუძუს კიბოს გარდა, ჯანმრთელობის სხვა, თანმხლები პრობლემები
- ადრეული მენოპაუზა, რომელიც გამოწვეულია ძუძუს კიბოს მკურნალობით
- შვილოსნობის საკითხი
- ყოველდღიური ცხოვრებისეული სირთულეებით გამოწვეული სტრესფაქტორები
დეპრესიის მართვა
თუ თქვენ გაქვთ დეპრესიის სიმპტომები, რომლებიც გრძელდება კვირეების განმავლობაში გაუმჯობესების ნიშნების გარეშე, მნიშვნელოვანია ისაუბროთ ამის შესახებ თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან ან ოჯახის ექიმთან. თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, რას უკავშირდება სიმპტომები. ასევე, გირჩევთ როგორ დაძლიოთ უძილობა, დაღლილობა, ცხელი ციმციმები და მენოპაუზის სხვა გამოვლინებები.
შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ გადაგამისამართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ აკრედიტებულ პროფესიონალთან, რომელსაც აქვს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება-ონკოფსიქოლოგთან.
ზოგიერთისთვის დეპრესიის მკურნალობის ეფექტური გზა სხვადასხვა თერაპიის გაერთიანებაა, როგორიცაა ინდივიდუალური კონსულტაცია (ასევე, ცნობილია როგორც ქცევითი ან სასაუბრო თერაპია) და ანტიდეპრესანტებით მკურნალობა.
ფსიქიატრს ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს შეუძლია თქვენთან ერთად გაარკვიოს, რომელი წამალი ხსნის დეპრესიის სიმპტომებს მინიმალური გვერდითი ეფექტებით. ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობას, ამიტომ არ მიიღოთ ანტიდეპრესანტი ექიმის დანიშნულების გარეშე.
ძალიან ეფექტიანია ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერის ჯგუფებში გაწევრიანება, ფიზიკურ თუ ვირტუალურ შეკრებებში მონაწილეობა და გამოცდილების გაზიარება.
დაეხმარეთ საკუთარ თავს
თუ თქვენ გაქვთ დეპრესიის სიმპტომები, მომავლისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. კონცენტრირდით მოკლევადიან მიზნებზე. დეპრესიისგან გამოჯანმრთელება ეტაპობრივი პროცესია. მნიშვნელოვანია მოთმინება.
მსუბუქი და ზომიერი დეპრესიისას, განკურნებაში ზოგ ადამიანს შემდეგი სტრატეგიები ეხმარება:
- დასახეთ რეალისტური მიზნები, მნიშვნელოვანი საქმეები დაყავით ეტაპებად;
- დღეში მინიმუმ ერთი საათი გაატარეთ სხვა ადამიანებთან, ესაუბრეთ მათ პირადად ან ტელეფონით, მიიღეთ მათი დახმარების შეთავაზება;
- სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი საქმის კეთება: ხატვა, კითხვა, მუსიკის მოსმენა, დაკვრა, ლაშქრობა თუ ვარჯიში.
- იყავით ფიზიკურად აქტიური;
- დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ისეირნეთ;
- უარი თქვით ალკოჰოლსა და კოფეინზე.
რატომ არის აუცილებელი ონკოფსიქოლოგთან ვიზიტი
ონკოპაციენტებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ეტაპზე სჭირდებათ. ეს ეხმარება პაციენტებს და მათ ახლობლებს, სწორად მართონ ნეგატიური ემოციები, მონახონ სტრესის დაძლევის გზები. თუ დროული მკურნალობა არ ხდება, დეპრესიამ შესაძლოა შეამციროს სიმსივნის მკურნალობის პოზიტიური გამოსავალი.
ფსიქოთერაპიული მკურნალობა კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“
ფსიქოთერაპია ყველაზე შედეგიანი მეთოდია ონკოლოგიური დაავადების დროს სხვადასხვა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სამკურნალოდ, განსაკუთრებით დეპრესიისა და შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობების გასაუმჯობესებლად.
დეპრესიის სიმპტომებია:
- ფსიქო-ემოციური: სევდა, აპათია, უიმედობა, ადვილად გაღიზიანება, შინაგანი სიცარიელის და დანაშაულის განცდა (საკუთარი თავის ან სხვების წინაშე);
- კოგნიტური: კონცენტრაციის დაქვეითება, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, მეხსიერების დაქვეითება, ნეგატიური აზრები;
- ქცევითი: ხშირი ცრემლიანობა, მოტივაციის დაკარგვა;
- ფიზიკური: სისუტე, უმადობა, ან გაძლიერებული მადა; წონის კლება ან პირიქით წონის მატება; უძილობა ან ზედმეტი ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება.
თუ ამ სიმპტომებიდან ხუთი მაინც გაქვთ, თან ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს.
ძუძუს კიბოს დაავადების მქონე ქალებში დეპრესიას კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ თანამედროვე ფსიქო-ონკოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით მკურნალობენ.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.