მელანომა

რა არის მელანომა
 

მელანომა ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მეტად აგრესიულია კანის სიმსივნეთა შორის. იგი ვითარდება კანში არსებული პიგმენტური უჯრედების-მელანოციტების არაკონტროლირებადი გამრავლებით. მელანოციტი გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს, რომელიც პასუხიმგებელია ადამიანის კანის, თვალისა და თმის შეფერილობაზე. ცნობილია, აგრეთვე, პირისა და ცხვირის ღრუს, თვალის, კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო სისტემათა ორგანოების მელანომა.                         

რა იწვევს მელანომას
 

მზის ან სოლარიუმის ულტრაიისფერი დასხივება ახდენს მელანოციტების მიერ მელანინის გამომუშავების სტიმულაციას, რაც იძლევა გარუჯვის ეფექტს. ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე იწვევს მელანოციტების უჯრედების მუტაციას. აღნიშნულმა მუტაციამ შეიძლება თავისთავად უბიძგოს უჯრედების არაკონტროლირებად ზრდას, რაც ნიშნავს სიმსივნის განვითარებას. მელანომის შემთხვევათა 50%-ში დგინდება BRAF  გენის მუტაცია, რაც თავის მხრივ სიგნალს გადასცემს უჯრედის ბირთვს და იწყება უჯრედის განუწყვეტელი პათოლოგიური გამრავლება მელანომის წარმოქმნით.

მელანომის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

ღია შეფერილობის კანი

თუ კანი შეიცავს ნაკლებ პიგმენტს - მელანინს, ის უფრო დაუცველია მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. ქერა ან ჟღალი თმის, ჭორფლების, ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები მელანომის განვითარების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე შავგრემნები. 

მზის სხივებისგან მიღებული დამწვრობა

ცხოვრების განმავლობაში ერთი ან რამდენიმე ეპიზოდი მზით ძლიერი დამწვრობისა, ზრდის მელანომის განვითარების ალბათობას. 

მზის ან სოლარიუმის ულტრაიისფერი დასხივება

მზის ან სოლარიუმის ულტრაიისფერი დასხივება ზრდის კანის სიმსივნეების, მათ შორის მელანომის განვითარების რისკს. 

ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ეკვატორთან ახლოს, ან მაღალმთიან ადგილებში

სადაც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება მომატებულია, მელანომით დაავადების რისკი მეტია.

ტანზე დიდი რადენობით ხალების არსებობა

ტანზე დიდი რადენობით ხალების არსებობა (50-ზე მეტი ხალი) ზრდის მელანომის განვითარების რისკს. ასევე, დისპლაზიური ხალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნორმალურ ხალთან შედარებით დიდი ზომა, უსწორმასწორო კონტური, სხვადასხვა შეფერილობა, მიუთითებს მელანომის განვითარების მაღალ ალბათობაზე. 

ოჯახური ანამნეზი

თუ მშობელს, და-ძმას ან შვილს აქვს მელანომის დიაგნოზი, იზრდება მელანომის განვითარების რისკი. 

დასუსტებული იმუნიტეტი

სიმპტომები
 

მელანომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა ყველაზე ხშირად გვევლინება კანის იმ ნაწილებში, რომელსაც ჭარბად ხვდება მზის სხივები: ზურგი, ფეხები, ხელები, სახე. მელანომა, ასევე, შესაძლებელია განვითარდეს კანის იმ არეშიც, რომელსაც ნაკლებად ხვდება მზე: ხელის და ფეხის გულები, ფრჩხილები. ასეთი "ფარული მელანომა"  უფრო ხშირად გვხვდება მუქი კანის მქონე ადამიანებში.

მელანომის პირველი ნიშნები და სიმპტომებია: 

  • არსებული ხალის ცვლილება;
  • ახალი პიგმენტური ლაქა ან წანაზარდი კანზე.

მელანომის განვითარება ყოველთვის არ ხდება უკვე არსებული ხალიდან. ის შესაძლებელია აღმოცენდეს კანის არაპიგმენტირებული ნაწილიდან. 

ნორმალური ხალი 
 

ნორმალური ხალები ერთგვაროვანი შეფერილობისაა ღია ყავისფერიდან - შავამდე; გააჩნიათ კარგად გამოყოფილი საზღვრები; არის ძირითადად მრგვალი ან ოვალური ფორმის და უმეტესად 6მმ-ზე ნაკლები ზომისაა. 

ხალების უმრავლესობა ჩნდება ბავშვობაში, და ეს პროცესი გრძელდება 40 წლამდე. მოზრდილ ასაკში ადამიანს 10-40-მდე ხალი აქვს. ხალების შესახედაობა  შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, ზოგი მათგანი კი საერთოდ გაქრეს. 

უჩვეულო ხალები, რომლის არსებობა შეიძლება მელანომაზე მიუთითებდეს
 

მელანომის ამოცნობაში დაგეხმარებათ „ABCDE  წესის“ დამახსოვრება:

  • A-asymmetrical/ასიმეტრიული. გაამახვილეთ ყურადღება ასიმეტრიული ფორმის მქონე ხალებზე. 
  • B-border/საზღვრები. არ გამოგრჩეთ მხედველობიდან ხალები, რომლებსაც სხვებისგან განსხვავებით უსწორმასწორო საზღვრები აქვს. 
  • C-color/ფერი.  დააკვირდით ხალებს, რომელსაც არ აქვს ერთგვაროვანი შეფერილობა. 
  • D-diameter/დიამეტრი. ყურადღება მიაქციეთ ხალებს, რომელთა დიამეტრი აღემატება 6მმ-ს.  
  • E-evolving/ცვალებადობა. დააკვირდით ხალს, რომელიც  დროთა განმავლობაში იცვლის ფერს, ზომას, ფორმას, ხომ არ გაჩნდა ქავილი ან სისხლმდენია.  

საყურადღებოა, რომ ზემოჩამოთვლილიდან სიმსივნური ხალს შესაძლოა ჰქონდეს ერთდროულად  ყველა ან რამდენიმე ნიშანთაგანი. 
 

ფარული მელანომა

მელანომა შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ისეთ ადგილას, რომელსაც ნაკლებად ხვდება მზის სხივები, მაგალითად ხელის და ფეხის გულებზე, თითებს შორის სივრცეებში, სასქესო ორგანოებზე და ა.შ. ფარული მელანომის განვითარების რიკსი უფრო მაღალია მუქი კანის მქონე ადამიანებში. 

ფარულ მელანომას მიეკუთვნება:
 

აკრალური მელანომა

ფრჩხილის ქვეშ არსებული კანიდან განვითარებული მელანომა. ეს იშვიათი ფორმაა, რომელიც გვხვდება ფრჩხილის ქვეშ, ხელის და ფეხის გულებზე. უფრო ხშირია მუქი კანის მქონე ადამიანებში.

მუკოზური მელანომა

პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ლორწოვან გარსში განვითარებული მელანომა. 

ოკულარული მელანომა

თვალის მელანომა, რომელიც ვითარდება თვალის სხვადასხვა ნაწილში არსებული მელანოციტებიდან.  იწვევს მხედველობის ცვლილებას და მისი აღმოჩენა შესაძლებელია ოფთალმოლოგიური გასინჯვისას. 

დიაგნოსტირება
 

მელანომის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება შემდეგი ტესტები და პროცედურები:

  • ფიზიკალური გასინჯვა: ექიმი გამოიკითხავს თქვენს ანამნეზს და შეამოწმებს კანს დაზიანებების არსებობაზე. საეჭვო უბნის პოვნისას რეკომენდებულია ბიოფსიის ჩატარება.

სადიაგნოსტიკოდ შესაძლებელია ჩატარდეს:

  • ე.წ. "პანჩ ბიოფსია,"  რომლის დროსაც საეჭვო უბნის ირგვლივ სპეციალური მრგვალი მჭრელი ხელსაწყოს ზეწოლით ხდება კანის ჩაჭრა და მასალის მოპოვება; 
  • ექსციზიური ბიოფსია, რომლისთვისაც გამოიყენება სკალპელი, რათა კანიდან ამოიკვეთოს მელნომაზე  საეჭვო უბანი ირგვლივ მდებარე საღი ქსოვილითურთ. 

მელანომის გავრცელების დადგენა
 

თუ ბიოფსიური მასალის გამოკვლევისას დადგინდება მელანომის არსებობა, შემდგომ უნდა განისაზღვროს ადგილობრივად და მთლიანად ორგანიზმში მისი გავრცელების , რათა მოხდეს დაავადების სტადირება. ამისთვის საჭიროა განისაზღვროს:

  • დაზიანებული უბნის სიღრმე, რომელიც დგინდება მოპოვებული მასალის მიკროსკოპიული გამოკვლევით. გავრცელების სიღრმის მიხედვით ხდება  მკურნალობის მეთოდის შერჩევა. რაც უფრო ღრმადაა ჩაზრდილი მელანომა კანში, მით უფრო ცუდია პროგნოზი. მელანომის ზედაპირული გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა საკმარისი იყოს მისი მოშორება მხოლოდ ქირურგიულად. თუ მელანომა ღრმადაა ჩაზრდილი კანში, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა ინახოს, ხომ არ არის მელანომა გავრცელებული სხვა ორგანოებზე და დაიგეგმოს შესატყვისი მკურნალობა.
  • შესაძლოა მელანომის უჯრედები გავრცელებული იყოს მიმდებარე ლიმფურ კვანძებში. პროცესის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად რეკომენდებულია მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია: მელანომის ამოკვეთის ადგილას შეყავთ სპეციალური საღებავი, რომელიც შფერავს რა პირველივე ლიმფურ კვანძს-აგრეთვე ამოიკვეთება და მოხდება მისი შემოწმება მიკროსკოპიულად სიმსივნური უჯრედების არსებობაზე. თუ მოდარაჯე ლიმფურ კვანძში არ დადასტურდა სიმსივნური უჯრედების არსებობა,  მელანომის სხვა ორგანოებში გავრცელების ალბათობა ნაკლებსავარაუდოა.
  • მელანომის გავრცელების დასადგენად გამოიყენება რადიოლოგიური გამოკვლევები: რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, PET-CT. აღნიშნული კვლევები არა არის მოწოდებული გავრცელების დაბალი რისკის მქონე მელანომის არსებობისას. 

მკურნალობა
 

მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, დაავადების გავრცელების, პათომორფოლოგიური და კლინიკური სტადიის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალსიწინებით. 

დაავადების ადრეული ფორმის მკურნალობა
 

დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ქირურგიულია.  

დაავადების გავრცელებული ფორმის მკურნალობა

დაავადების გავრცელებული ფორმის დროს გამოიყენება მკურნალობის შემდეგი მეთოდები:

ქირურგიული

პირველადი კერის და მიმდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთა.

იმუნოთერაპია

ინოვაციური მეთოდი, რომელიც აძლიერებს ადამიანის იმუნური უჯრედის უნარს, შეებრძოლოს სიმსივნურ უჯრედს. იმუნოთერაპია რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებთანაც დაავადება გავრცელებულია მიმდებარე ლიმფურ კვანძებსა და სხვა შორეულ ორგანოებში. 

ტარგეტული თერაპია

როცა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით ხდება დათრგუნვა იმ სამიზნე პროცესისა, რაც ხელს უწყობს სიმსივნურ ზრდას. ტარგეტული თერაპია გამოიყენება, თუ დაავადება მოიცავს მიმდებარე ლიმფურ კვანძებსა და შორეულ ორგანოებს.

სხივური თერაპია

როცა სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად გამოიყენება მაღალი ენერგიის მატარებელი,  რენტგენის ან პროტონების სხივები.
შეიძლება დასხივდეს:

  • პირველადი კერა - თუ ვერ მოხდა მისი სრული ამოკვეთა;
  • ახლომდებარე ლიმფურ კვანძები - დაავადების გავრცელების შემთხვევაში;
  • შორეულ ორგანოებში არსებული მეტასტაზის კერა -სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ქიმიოთერაპია

მკურნალობა ციტოტოქსიკური პრეპარატით, რომელიც მოქმედებს სიმსივურ უჯრედებზე. იმ შემთხვევაში, თუ მელანომის პირველადი კერა მდებარეობს ზედა ან ქვედა კიდურზე, შესაძლებელია ჩატარდეს კიდურის იზოლირებული პერფუზია ქიმიოთერაპიული პრეპარატებით. ამ დროს ხელოვნურად იცვლება სისხლის ცირკულაცია ისე, რომ კიდურში არსებული სისხლი ვერ ხვდება ორგანიზმის სხვა ნაწილში. ამგვარად, ქიმიოთერაპიული პრეპარატის ცირკულაცია ხდება მხოლოდ დაზიანებულ კიდურში. 

პრევენცია
 

მელანომის განვითარების რისკი საგრძნობლად შემცირდება, თუ მიმართავთ პრევენციულ ზომებს:

  • მოერიდებით მზეს დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე;
  • შეამცირებთ ვიზიტების სიხშირეს სოლარიუმში;
  • გამოიყენებთ მზისგან დამცავ კრემს მინიმუმ SPF-30-იანი დაცვით, ღრუბლიან ამინდშიც კი;
  • საჭიროებისამებრ ატარებთ ულტრაიისფერი სხივების გაუმტარ მუქ სათვალეს; 
  • ხშირად შეამოწმებთ კანს ახალ ხალებსა და წარმონაქმნებზე. 

გახსოვდეთ
 

  • მელანომის განვითარების რისკის ჯგუფია 40 წლამდე ასაკი, განსაკუთრებით ქალებისთვის;
  • მელანომა განკურნებადია, თუ იგი აღმოჩენილია ადრეულ სტადიაზე;
  • კანზე ნებისმიერი საეჭვო ცვლილების ან უჩვეულო შესახედაობის წარმონაქმნის გაჩენის შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

ჩვენი ექიმები