ზაფხულისთვის კანის მომზადება და კრიოთერაპია

თუ კანზე კეთილთვისებიანი  წარმონაქმნი გაქვთ, რომელიც არაესთეტიურად გამოიყურება, ზაფხულში კი ეს განსაკუთრებით ჩანს, უმჯობესია კრიოთერაპიით მათ მოცილებაზე გაზაფხულიდანვე იზრუნოთ.  ზაფხულში მათი მოშორება დისკომფორტთან და არასასურველ გართულებებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, კრიოთერაპიის შემდგომ არასასურველია მზის სხივების და აბაზანების მიღება, რადგან შესაძლოა პიგმენტური ლაქები გაჩნდეს.

რას წარმოადგენს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ?

კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია: პაპილომა, სებორეული კერატოზი, ანგიომა, ჰემანგიომა, დერმატოფიბრომა და სხვა. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა შესაძლებელია კრიოთერაპიით.

რა არის კრიოთერაპია ?

კრიოთერაპია არის პროცედურა, რომელის დროსაც ხდება ქსოვილის გაყინა თხევადი აზოტის მეშვეობით – 196 °C-მდე. მისი მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია დაბალი ტემპერატურების ხანმოკლე ზემოქმედებაზე, რომელიც კანზე არასასურველი წარმონაქმნების ქსოვილების სიკვდილს იწვევს. პროცედურა ხანმოკლე და მარტივია.

პაციენტი მსუბუქ ადგილობრივ ტკივილს გრძნობს, კრიოთერაპია, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე ტარდება.  პროცედურა გრძელდება წამების განმავლობაში, ზუსტი დრო დამოკიდებულია დაზიანების სისქესა და ზომაზე.

დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ერთზე მეტი პროცედურის ჩატარება და  მკურნალობა რეგულარული ინტერვალებით.

კრიოთერაპია უსაფრთხო მკურნალობაა, ის დაშვებულია ბავშვებშიც.

შეშუპება და სიწითლე – ეს არის ნორმალური რეაგირება კანის გაყინვაზე და გაივლის  ორ-სამ დღეში. თვალებთან ახლოს  კრიოთერაპიამ  შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ქუთუთოების  შეშუპება, რომელიც ასევე  რამდენიმე დღეში გაივლის.

განსაკუთრებით მუქი კანის მქონე პირებში შესაძლოა წარმოქმნას პიგმეტური ლაქა, ამიტომ  პროცედურის ჩატარება ზაფხულში რეკომენდებული არ არის.

კეთილთვისებიანი წარმონაქმნების სამკურნალოდ კრიოთერაპია მკურნალობის ყველაზე მარტივი, უსაფრთხო და შესაფერისი მეთოდია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კანის დაზიანება სწორად იყოს დიაგნოსტირებული. კრიოთერაპიის გამოყენება არ შეიძლება მელანომის, კანის სხვა ონკოლოგიური დაავადებების და პიგმენტურუჯრედოვანი წარმონაქმნების მოსაცილებლად. სადიაგნოსტიკოდ უნდა ჩატარდეს დერმატოსკოპული კვლევა და შემდეგ გადაწყდეს, შესაძლებელია თუ არა კრიოთერაპიის ჩატარება.

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” კანის წარმონაქმნების სკრინინგი დერმატოსკოპიის მეთოდის გამოყენებით ტარდება.

დერმატოსკოპია (კანის ეპილუმინესცენციური მიკროსკოპია) კანის არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავი კანის ეპიდერმისის, დერმო–ეპიდერმალური ზონის და პაპილარული დერმის მიკროსტრუქტურების დათვალიერება ხდება. თანამედროვე დერმატოსკოპებში პოლარიზებული და არაპოლარიზებული სინათლის სხივი ერთიანდება, რაც კანის ელემენტების უფრო ზუსტი და ამომწურავი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა.

 


ბლოგის ავტორი: ნელი ქეშელაშვილი, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დერმატოლოგი

გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.