ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, იმის მიუხედავად რომ ავთვისებიანი სიმსივნეა, ნელი პროგრესირება და კეთილსაიმედო პროგნოზი ახასიათებს. შემთხვევათა 80% პათომორფოლოგიურად პაპილარული კიბოა, რომელიც განსაკუთრებით ნელი პროგრესირებით გამოირჩევა. ძირითადად Მისი გავრცელება ხდება მხოლოდ ახლომდებარე, ე. Წ. რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ანუ არ სცილდება კისრის ლიმფურ კვანძებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით Საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის კიბო გავრცელებით მე-19 ადგილზეა სიმსივნურ დაავადებებს შორის და ის მეტწილად ქალებში გვხვდება.
ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, არ ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე და ხასიათდება 100%-იანი გადარჩენადობით, შედარებით გვიან სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაშიც კი.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- სქესი-დაავადება უფრო ხშირია ქალებში;
- გენეტიკური სინდრომები და ოჯახური ანამნეზის არსებობა;
- თამბაქოს მოხმარება;
- მაღალი რადიაციული ფონი.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ნიშნებია:
- კისრის კონფიგურაციის შეცვლა;
- ხმის ტემბრის შეცვლა (დისფონია);
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია);
- კისრის ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია).
ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები უკვე შორს წასულ დაავადებას ახასიათებს. აუცილებელია სკრინინგის რეგულარულად ჩატარება, რომ დაავადება გამოვლინდეს ადრეულ სტადიაზე, სიმპტომებისა და გავრცელების გარეშეც, როცა დროული მკურნალობა გამოჯანმრთელების ტოლფასია.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი
Სკრინინგი კიბოს დამარცხების იოლი და უტყუარი გზაა. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა დაავადების დიაგნოსტირება მოხდეს ადრეულ სტადიაზე, რასაც, თავისთავად, მოსდევს დროული, ეფექტური მკურნალობა გამოჯანმრთელებით.
თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა უფასოდ ემსახურება თბილისში რეგისტრირებულ 25-70 წლის ასაკის ქალებს, მათ შორის თბილისში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულებს.
გაიგეთ მეტი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა "კონსილიუმ მედულაში"
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით კვლევას. საეჭვო კვანძის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.
მკურნალობა
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკუნალობა ხშირად ქირურგიული გზით იწყება. ოპერაციის მასშტაბი დამოკიდებულია სიმსივნის პათომორფოლოგიურ ტიპზე, ზომაზე, ლიმფურ კვანძებში გავრცელებასა და მეზობელ ორგანოებში ჩაზრდაზე. კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის დროს მიმდინარეობს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი. თანამედროვე გაიდლაინებით ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს ხორხის ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათი დაზიანების პრევენციას. შედეგად, მცირდება ისეთი ოპერაციული გართულებების განვითარების რისკი, როგორიცაა ხმის ჩახლეჩა და ხმის დაკარგვა.
მკურნალობის შემდგომი ეტაპი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს რადიაქტიული იოდით მკურნალობას ან სუპრესიულ ჰორმონოჩანაცვლებით თერაპიას. პაციენტი მუდმივად რჩება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და გარკვეული პერიოდულობით უტარდება ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე, კისრის ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი და სხვა კვლევები, ასევე, კლინიკური ონკოლოგის კონსულტაცია.