ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. წელს გლობალური კამპანიის მთავარ აქცენტად დასახელდა ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში.
ამ სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული რეკომენდაციები ძუძუს კიბოს მქონე ქალებისთვის.
რატომაა გადამწყვეტი ადრეული გამოვლენა?
როდესაც სარძევე ჯირკვლის კიბო ადრეულ ეტაპზე ვლინდება და ის საწყის სტადიაშია, 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი 99%-ია!
ადრეული გამოვლენა ნიშნავს კიბოს აღმოჩენას მის გავრცელებამდე. ადრეული გამოვლენა განკურნების დიდ შესაძლებლობებს იძლევა.
ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლენაში ეს სამი ნაბიჯი დაგვეხმარება, მათი რეგულარულად დაცვით თქვენ შეგიძლიათ, გაზარდოთ ძუძუს კიბოს ადრეული აღმოჩენის შანსი:
- იცნობდეთ საკუთარ ნორმას
- პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან
- ძუძუს კიბოს სკრინინგი
| ნაბიჯი | გამოკვლევა | ასაკი | სიხშირე |
|---|---|---|---|
| 1 | იცნობდეთ საკუთარ ნორმას | 25+ ქალებისთვის | რეგულარულად |
| 2 | პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან | 25-39 წლის ქალებისთვის | 1-3 წელიწადში ერთხელ |
| 3 | ძუძუს კიბოს სკრინინგი | 40-70 წლის ქალებისთვის | 2 წელიწადში ერთხელ |
1. იცნობდეთ საკუთარ ნორმას
მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ გამოიყურება და როგორია თქვენი ძუძუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში - ეს დაგეხმარებათ დროულად შეამჩნიოთ ახალი ან უჩვეულო ცვლილება. პერიოდულად დააკვირდით ძუძუს ფორმასა და ზომას, კანისა და დვრილის მდგომარეობას.
რას მივაქციოთ ყურადღება:
- ახალი, მკვრივი წარმონაქმნი ან შესქელება ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
- დვრილის ჩაბრუნება, დეფორმაცია ან გამონადენი;
- კანის ფერისა და სტრუქტურის ცვლილება (ე.წ. „ფორთოხლის კანი“), სიწითლე, შეშუპება;
- ძუძუს ზომისა და ფორმის ცვლილება.
თუ შენიშნეთ ახალი ან თქვენთვის უჩვეულო ცვლილება, მიმართეთ ექიმს მის შესაფასებლად. ამასთან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძუძუში აღმოჩენილი ცვლილებების უმეტესობა კეთილთვისებიანია და ყოველთვის კიბოს არ ნიშნავს.
2. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან
ქალებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან და მამოლოგთან. გარდა რუტინული გინეკოლოგიური კვლევებისა, წელიწადში ერთხელ ძუძუს კლინიკური გამოკვლევაც აუცილებელია. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან, ასევე, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ექიმთან განიხილოთ ნებისმიერი შეკითხვა ან წუხილი, რომელიც გაქვთ ძუძუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
რას მოიცავს კლინიკური გამოკლვევა
ძუძუს კლინიკური გამოკვლევა მოიცავს ვიზუალურ შემოწმებას და ფიზიკალურ გასინჯვას. ექიმი შეამოწმებს თქვენი ძუძუს კანს და ქსოვილს, შეაფასებს განსხვავებებს მარჯვენა და მარცხენა ძუძუს შორის ზომისა და ფორმის მიხედვით. კანი შემოწმდება ნებისმიერი გამონაყარის, ჩაღრმავების ან სხვა პათოლოგიურ ნიშანზე. შეიძლება შემოწმდეს ძუძუს თავები იმის დასადგენად, არის თუ არა გამონადენი მსუბუქად მოჭერისას.
ფიზიკალური შემოწმებისთვის ექიმი გამოიყენებს თითების ბალიშებს ძუძუს, იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვედა მიდამოებში ნებისმიერი წარმონაქმნისა და დარღვევის გამოსავლენად. თუ წარმონაქმნი აღმოჩნდება, ექიმი აფასებს მის ზომას, ფორმას და ტექსტურას. ასევე, ამოწმებს, მოძრაობს თუ არა წარმონაქმნი ადვილად. კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) წარმონაქმნები ხშირად განსხვავდებიან სიმსივნურისგან, ნებისმიერი აღმოჩენილი წარმონაქმნი საჭიროებს შემდგომ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, როგორიცაა მამოგრაფია, ულტრაბგერით კვლევა ან ბიოფსია.
3. ძუძუს კიბოს სკრინინგი
საქართველოში მოქმედებს ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომელში ჩართვაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის. უფასო სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
რას მოიცავს ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა
ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევები:
- მამოლოგის გასინჯვა;
- მამოგრაფიული გამოკვლევა;
- საჭიროების შემთხვევაში - ექოსკოპიური გამოკვლევა;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - წარმონაქმნის წვრილნემსიანი ბიოფსია და მასალის ციტოლოგიური კვლევა.
მამოგრაფია არის ძუძუს ხანმოკლე, მარტივი და უსაფრთხო რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ძუძუს მამოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს. მამოგრაფია არ არის უკუნაჩვენები ორსულობისას და ლაქტაციის დროს, თუმცა გეგმიური გამოკველვების გადავადება შესაძლებელია. თუ რაიმე საეჭოა, აღნიშნული კვლევა უნდა ჩატარდეს.
გაიგეთ მეტი მამოლოგიური კვლევის შესახებ ბმულზე.
მამოგრაფია, რომელიც ტარდება სკრინინგის დროს ქალებში, რომელთაც დაავადების აშკარა სიმპტომები არ გააჩნიათ, განსხვავდება დიაგნოსტიკური მამოგრაფიისგან.
დიაგნოსტიკური მამოგრაფია უფრო სიღრმისეულია კვლევაა და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგისას მამოგრამაზე საეჭვო შედეგებია ნაპოვნი ან თუ თქვენ ან თქვენი ექიმი აღმოაჩენთ რაიმე პათოლოგიურ ნიშანს.
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს რეგულარულ სკრინინგში ჩართვა მოწოდებულია 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, თუ ოჯახში ძუძუს კიბოს ან სხვა სიმსივნური დაავადებების შემთხვევები ყოფილა, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ექიმმა უნდა შეაფასოს. შეფასების შედეგების მიხედვით, მამოგრაფიის ჩატარება შესაძლოა 40 წლამდეც იყოს რეკომენდებული.
რეკომენდაციები ძუძუს კიბოს მქონე ქალთათვის
ძუძუს კიბოს მქონე ქალებმა, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, უნდა გააგრძელონ დაავადების რეციდივის ადრეული გამოვლენის პრაქტიკა. ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციის შემდეგ რჩება ძუძუს ქსოვილის დიდი ნაწილი, რომელიც რეგულარულად უნდა შემოწმდეს. მასტექტომიის დროს ძუძუს ქსოვილის ყველა უჯრედის ამოღება შეუძლებელია, რაც ნიშნავს, რომ ძუძუს კიბოს განმეორების ან ხელახალი განვითარების რისკი არასდროს არის 0%-ის ტოლი.
ადრეული გამოვლენისთვის საჭირო სამი ნაბიჯი ძუძუს კიბოს გადარჩენილი ქალებისათვის იგივეა, მაგრამ სპეციფიკური.
1. იცნობდეთ საკუთარ ნორმას
თუ თქვენ გაიკეთეთ ძუძუს ოპერაცია, ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია ან მასტექტომია (სრული მოკვეთა) იმპლანტანტებით ან რეკონსტრუქციით, ან მის გარეშე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად დააკვირდეთ, როგორ გამოიყურება და როგორია თქვენი ძუძუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში - ეს დაგეხმარებათ დროულად შეამჩნიოთ ახალი ან უჩვეულო ცვლილება.
სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს:
- ზურგის ან კისრის უჩვეულო ან მუდმივი ტკივილი, რომელიც არ აიხსნება ტრავმით ან ვარჯიშით;
- ტკივილი ძვლებში;
- აუხსნელი ქოშინი;
- დაღლილობა ან სისუსტე (ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება);
- თავის ტკივილი ან გულყრა;
- კანის ფერის ცვლილება;
- განწყობის ცვლილება;
- მეტყველების გაძნელება;
- მხედველობის ცვლილებები;
- დისკომფორტი/ტკივილი მუცლის არეში.
2. პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან ძუძუს კიბოს მქონე ქალებისათვის
ძუძუს კიბოს გადარჩენილ ქალებს კვლავ სჭირდებათ, რეგულარულად გაიარონ კონსულტაცია მამოლოგთან და ჩაიტარონ გამოკვლევები. ვიზიტების განრიგს განსაზღვრავს ექიმი თავდაპირველი დიაგნოზის, ჩატარებული მკურნალობისა და ასაკის მიხედვით.
3. სკრინინგი ძუძუს კიბოს გადარჩენილი ქალებისათვის
ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა დაავადებას გადარჩენილ ქალებსაც შეუძლიათ.
თუ ძუძუს კიბოს წარმატებული მკურნალობის შემდეგ კვლავ გაქვთ ძუძუს ქსოვილი, მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ კვლევები, რომელთა რეგულარულობას თქვენი კლინიკური ონკოლოგი განსაზღვრავს.