დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" 2019 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანი შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
რას ითვალისწინებს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამა შაქრიანი (ტიპი I და ტიპი II) და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას ითვალისწინებს.
პაციენტს პროგრამის ფარგლებში შეუძლია მიიღოს შემდეგი სპეციალისტების კონსულტაცია:
- ენდოკრინოლოგი
- ნევროლოგი
- კარდიოლოგი
- ოფთალმოლოგი
- ანგიოლოგი
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი კვლევები მითითებული პერიოდულობით:
კვლევა | პერიოდულობა |
---|---|
გლუკოზის განსაზღვრა სისხლში | წელიწადში 6-ჯერ |
გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა | წელიწადში ერთხელ |
კრეატინინის განსაზღვრა სისხლში | წელიწადში ერთხელ |
მიკროალბუმინურიის კვლევა | წელიწადში ერთხელ |
სისხლის საერთო ანალიზი | წელიწადში ერთხელ |
შარდის საერთო ანალიზი | წელიწადში ერთხელ |
C-პეპტიდი | წელიწადში ერთხელ |
ჰომა – 2-ის ინდექსი | წელიწადში ერთხელ |
ე.კ.გ | წელიწადში ერთხელ |
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ კლინიკა "კონსილიუმ მედულას".
კლინიკაში გაიცემა ფორმა NIV-100/ა, რომელიც უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლთან ერთად. ამ დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზეც მოხდება პროგრამაში მონაწილეობის თანხმობის წერილის გაცემა. თანხმობის წერილი გაიცემა ყოველწლიურად.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 18+ ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე (როგორც ინსულინდამოკიდებულ, ასევე ინსულინდამოუკიდებელ):
- საქართველოს მოქალაქეებს
- საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 240 ლარისა წელიწადში.
ინსულინმომხმარებელი შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სერვისები სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება 70%-ით (პაციენტს უწევს მომსახურების მხოლოდ 30%-ის გადახდა).
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები რომლებიც არ მოიხმარენ ინსულინს და იმყოფებიან ტაბლეტირებულ მკურნალობაზე ფინანსდებიან 50%-ით. ასეთ შემთხვევაში, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს ოჯახის ექიმის მიერ გაცემული ფორმა # 100.
სახელმწიფო სრულად ფარავს გამოკვლევების ხარჯებს შემდეგი ჯგუფებისთვის:
- საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში;
- საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის;
- 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები);
- 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.
პროგრამით გათვალისწინებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე 18+ ასაკის პაციენტების ინსულინითა და მისი ანალოგებით უზრუნველყოფა.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა და უშაქრო დიაბეტი, პროგრამის ფარგლებში გადაეცემათ:
- ინსულინი და მისი ანალოგები;
- გლუკაგონი;
- შპრიც-კალმისტრები და შესაბამისი ნემსები.
უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებზე გაიცემა ადიურეზული ჰორმონი.
პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უფასოდ, თანადაფინანსების გარეშე.
პროგრამა შაქრიანი (ტიპი I და ტიპი II) და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას ითვალისწინებს.