Covid-19 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დამატებით რისკებს უკავშირდება. ამიტომ, ის რეკომენდაციები, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის გაიცემა, ორმაგად მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთა და მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის. თავდაცვის მიზნით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება და ვირუსით დასნებოვნების რისკის შემცირება.
სრულფასოვნად მართული შაქრიანი დიაბეტი Covid-19-ით ინფიცირებისათვის დამატებით რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს.
რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი
შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა. ხანგრძლივად მიმდინარე, არაკომპენსირებული ჰიპერგლიკემია (გლუკოზის მაღალი დონე სისხლში) მრავალ სხვა გართულებასთან ერთად, შესაძლოა იმუნური პასუხის დისფუნქციის გამომწვევიც გახდეს. ასეთ დროს კი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიმართ, მათ შორის, კორონავირუსის მიმართაც.
სრულფასოვნად მართული შაქრიანი დიაბეტი Covid-19-ით ინფიცირებისათვის დამატებით რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს, ხოლო არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან ერთად, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და სიმსუქნე, ითვლება განსაკუთრებით საშიშ თანმხლებ მდგომარეობად Covid-19-ის ინფექციის დროს.
ამიტომ, პანდემიის დროს მნიშვნელოვანია, დიაბეტის მქონე პაციენტები დაუკავშირდნენ თავის მკურნალ ექიმს, მისი რეკომენდაციით ჩაიტარონ სათანადო გამოკვლევები და სრულფასოვნად მართონ მიმდინარე დაავადება.
როგორ შევამციროთ კორონავირუსით დასნებოვნების რისკი
- დიაბეტის მქონე პაციენტებმა მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაიცვან ყველა ის ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც გაიცემა კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
- დამატებით, თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, სასურველია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებაც:
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გლუკოზის დონის კონტროლს. რეგულარული მონიტორინგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გლუკოზის დაბალი ან მაღალი დონით გამოწვეული გართულებები;
- თუ თქვენ აღგენიშნებათ ვირუსის სიმპტომები (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება) აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. პროდუქტიული ხველა ან ხველა ნახველით, შესაძლოა ინფექციის ნიშანი იყოს, ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ სათანადო მკურნალობა;
- ნებისმიერი ინფექცია სისხლში გლუკოზის დონეს მაღლა წევს, რაც ზრდის თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებას წყალზე. ამიტომ მიიღეთ საკმარისი ოდენობით სითხე;
- თქვენ მუდმივად უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ შესაძლოა მოგიწიოთ იზოლაციაში გადასვლა. დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ როგორც დიაბეტის მართვისთვის საჭირო, ასევე მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ყველა სხვა მედიკამენტის რამდენიმე კვირიანი მარაგი;
- თუ თქვენ მარტო ცხოვრობთ, წინასწარ სთხოვეთ დახმარება ახლობელს, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ იმ შემთხვევაში, თუ ავად გახდით. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ინფორმაცია თქვენი დიაბეტით დაავადების შესახებ;
- დაიცავით რეჟიმი, მოერიდეთ ზედმეტ მუშაობას და გადაღლას, ეცადეთ ღამით კარგად გამოიძინოთ;
- ჯანსაღი კვება დიაბეტის მართვაში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. შეეცადეთ მაქსიმალურად მკაცრად დაიცვათ კვების ჯანსაღი რეჟიმი, მიჰყვეთ მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას, რაც ხელს შუწყობის გლუკოზის დონის სტაბილურობას და გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეულის, ხილის და უცხიმო ცილების (თევზი, ხორცი, კვერცხი, რძე, ლობიო) მიღებას. მოერიდეთ შაქრის, ნახშირწყლების და ცხიმების მიღებას, ასევე შემწვარ საკვებს;
- შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ნებისმიერი სახის კონტაქტი სხვა პირებთან;
- თუ თქვენი ოჯახის წევრს, რომელთანაც ერთად ცხოვრობთ, კორონავირუსი დაუდასტურდა, ის აუცილებლად უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. სასურველია ასეთ დროს დიაბეტით დაავადებული ოჯახის წევრიც თვითიზოლაციაში გადავიყვანოთ.
თუ დიაბეტის მქონე პირს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა, მან აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, ზედმიწევნით შეასრულოს მიღებული დანიშნულება და რეგულარულად აკონტროლოს გლუკოზის დონე სისხლში.
გსურთ ჩაერთოთ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში? დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი კლინიკაში “კონსილიუმ მედულა”, შეავსეთ დაჯავშნის ფორმა ან დაგვიკავშრდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.