წინასაოპერაციო კვლევები

ოპერაციისათვის თქვენი მზაობის განსასაზღვრად აუცილებელია ჩატარ­დეს წინასაოპერაციო გამოკვლევები. კვლევების ჩამონათვალი დამოკიდე­ბულია დიაგნოზზე და ოპერაციული ჩარევის მასშტაბზე. თქვენთვის საჭირო წინასაოპერაციო კვლევების ჩამონათვალს მოგაწვდით თქვენი ექიმი ან ექიმის ასისტენტი.

წინასაოპერაციო გამოკვლევები, როგორც წესი, მოიცავს:

  • თერაპევტის და ანესთეზიოლოგის კონსულტაციას;
  • კლინიკო­-ლაბორატორიულ კვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი, გლუ­კოზის განსაზღვრა, კოაგულოგრამა, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, შარ­დის ანალიზი, ჰეპატიტის, აივ ინფექციის და სიფილისის დიაგნოსტიკა და ა.შ.);
  • ინსტრუმენტულ (ელექტროკარდიოგრამა და სხვა) კვლევებს;
  • ახალი კორონავირუსის (COVID­-19) დაავადების გათვალისწინებით, კლინიკის შიდა პროტოკოლის თანახმად, ჩაგიტარდებათ დამატებითი კვლევები, რომელსაც დაგინიშნავთ მკურნალი ექიმი და/ან თერაპევტი (პჯრ (PCR) კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია და სხვა. აღნიშნუ­ლი დამატებითი კვლევები არ ანაზღაურდება. დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან კლინიკის რეგისტრატურაში.

წინასაოპერაციო კვლევებისთვის აუცილებელია წინასწარ და­გეგმოთ თქვენი ვიზიტი კლინიკაში. ამისათვის, უნდა დარეკოთ კლინიკის საინფორმაციო ცენტრში (032) 212 20 02. ანალიზებზე ჩაწერისას შეგიძლიათ, ასევე, წინასწარ ჩაეწეროთ თერაპევტის კონსულტაციაზეც (ანალიზების ჩაბარებიდან მეორე დღეს).

თუ თქვენთვის სხვადასხვა დღეს კლინიკაში მოსვლა რთულია (ჯერ წინასაოპერაციო ანალიზების ჩასაბარებლად და შემდეგ თერაპევტის და ანესთეზიოლოგის კონსულტაციაზე), აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრს. ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან ყველა ვიზიტის ერთ დღეს დაგეგმვაში. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძ­ლოა მოგიწიოთ კლინიკაში დიდი ხნის განმავლობაში დაყოვნება, რადგან თერაპევტი და ანესთეზიოლოგი ვერ გაგიწევენ კონსულტაციას ანალიზების პასუხების გარეშე.

წინასაოპერაციო კვლევების, თერაპევტთან და ანესთეზიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევები, რის შესახებ გადაწყვეტილებას თერაპევტი, ანესთეზიოლოგი და თქვენი მკურნალი ექიმი ერთობლივად მიიღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ წინასაოპერაციო კვლევების ჩატარების შემდეგ თქვე­ნი ზოგადი მდგომარეობა დაგეგმილ ოპერაციულ ჩარევასთან შესაბამი­სად შეფასდება, თერაპევტთან ვიზიტის შემდეგ გაივლით კონსულტაციას ანესთეზიოლოგთან. ანესთეზიოლოგი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომა­რეობას, გაგაცნობთ ოპერაციის დროს გამოყენებული ნარკოზის ტიპს და ინფორმირებული თანხმობის ტექსტს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით მოცემულ ტექსტს. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია, ჩვენი ანესთეზიოლოგი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმა­ციას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ამის შემდეგ, თუ თქვენთვის ყველა პირობა მი­საღები იქნება, ხელს მოაწერთ ინფორმირებულ თანხმობაზე.

ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურის გავლის შემდეგ თქვენი წინასაოპერაციო მომზადება დასრულებულად ითვლება და უკვე მზად ხართ ოპერა­ციისათვის. ოპერაციის დღეს დანიშნავს ექიმი, რის შესახებაც ტელეფონით ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი, უმცროსი ექიმი ან საინფორმაციო ცენტ­რის მენეჯერი.

როგორ მოვემზადოთ წინასაოპერაციო კვლევებისათვის
 

  1. თუ იტარებთ ლაბორატორიულ კვლევებს, დილით არ მიიღოთ საკვები (კლინიკაში უნდა მობრძანდეთ უზმოდ);
  2. შარდის მოგროვებისთვის მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
  • დილის შარდი აუცილებელია შეგროვდეს სასქესო ორგანოების სა­ფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ (ჰიგიენური პროცედურების დაუცვე­ლობამ შესაძლოა მოგვცეს ცდომილება ანალიზში);
  • შეაგროვეთ შარდის შუა პორცია სპეციალურ კონტეინერში (შარდის კონტეინერის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში);
  • შეგროვებული შარდი მოიტანეთ კლინიკის ლაბორატორიაში შეგროვებიდან მაქსიმუმ 2 (ორ) საათში (წინააღმდეგ შემთხვევაში ლაბორატორია არ იქნება პასუხისმგებელი ანალიზის სიზუსტეზე);
  • ანალიზის წინა დღეს ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. ასევე, არ მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც ფერს უცვლის შარდს (მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი);
  • არ შეიძლება ანალიზის ჩაბარება მენსტრუალური ციკლის დროს.