ჰორმონოთერაპიის გზამკვლევი

ეს გზამკვლევი მოგაწვდით ინფორმაციას ჰორმოთერაპიის შესახებ. მასში იპოვით პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე. ასევე, გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ მკურნალობის პერიოდში საკუთარ თავზე იზრუნოთ.

ჰორმონოთერაპია (ენდოკრინული თერაპია) ონკოლოგიაში ნიშნავს ძირითადი დაავადების წამლისმიერ მკურნალობას. ჰორმონოთერაპია გამოიყენება კიბოს ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როცა ორგანიზმში გამოყოფილ რომელიმე ჰორმონს სიმსივნე იყენებს თავის სასარგებლოდ და იზრდება. ასეთ სიმსივნეებს ჰორმონდამოკიდებულს უწოდებენ. ჰორმონოთერაპიის პრეპარატი სწორედ ასეთი ჰორმონდამოკიდებული კიბოს უჯრედის ზრდას აჩერებს ან ანელებს.  

არსებობს ჰორმონოთერაპიის ორი ძირითადი ჯგუფი: ერთი, რომელიც ბლოკავს ან თრგუნავს  ორგანიზმის მიერ ჰორმონის გამომუშავებას; მეორე, რომელიც ცვლის უკვე გამომუშავებული ჰორმონის ქცევას. გამონაკლისს წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის  პრეპარატების გამოყენება ლიმფომების სამკურნალოდ. ჰორმონოთერაპიული პრეპარატები ონკოლოგიაში გამოიყენება როგორც ერთკომპონენტიანი მკურნალობისთვის, ასევე, ქირურგიულ, სხივურ ან ქიმიოთერაპიულ მკურნალობასთან კომბინაციაში. 

როგორ მუშაობს ჰორმონოთერაპია

ჰორმონოთერაპია გამოიყენება:

  • კიბოს სამკურნალოდ: როცა ის ამცირებს კიბოს განმეორებით განვითარების რისკს, აჩერებს ან ანელებს მის ზრდას.
  • კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად: პროსტატის კიბოს შემთხვევაში ის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად იმ პაციენტებში, ვისაც ვერ უტარდება ქირურგიული მკურნალობა ან რადიოთერაპია.

კომბინაციური მკურნალობის  შემთხვევაში, ჰორმონოთერაპია გამოიყენება:

  • სიმსივნის ზომის შესამცირებლად  ქირურგიულ ან  სხივურ მკურნალობამდე. ამას ნეოადიუვანტური თერაპია ეწოდება.
  • ძირითადი მკურნალობის შემდეგ, კიბოს განმეორებით  განვითარების რისკის შესამცირებლად. ამას ადიუვანტური თერაპია ეწოდება.
  • განმეორებით ადგილობრივად  განვითარებული ან  ორგანიზმის  სხვა ნაწილებში გავრცელებული კიბოს  უჯრედების გასანადგურებლად.
როგორ ხდება ჰორმონოთერაპიული პრეპარატების მიღება
  • ორალურად: ტაბლეტი, კაფსულა ან სითხე, რომლის მიღება ხდება პირის ღრუდან;
  • ინიექციით: პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ.

ჰორმონოთერაპიის ეფექტი მიიღება, აგრეთვე, როცა ხდება ამოკვეთა ან დასხივება  იმ ორგანოსი,  რომელიც ჰორმონებს გამოიმუშავებს. ქალების შემთხვევაში ეს ორგანო საკვერცხეებია, ხოლო კაცების შემთხვევაში - სათესლე ჯირკვლები.

გვერდითი მოვლენები
 

ჰორმონოთერაპია ბლოკავს თქვენი სხეულის ჰორმონების გამომუშავების უნარს ან ერევა ჰორმონების ქცევაში, ამიტომ მას არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია. თუ რა გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ყველა ადამიანი ამ ფაქტორებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ასევე, განსხვავებული გვერდითი მოვლენები ვითარდება ქალებისა და კაცების შემთხვევაში.

კაცების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • ალები
  • შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ
  • ძვლების დასუსტება
  • ფაღარათი
  • გულისრევა
  • ძუძუს  ზრდა
  • დაღლილობა
  • წონის მატება

ქალების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • ალები
  • საშოს სიმშრალე
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები (თუ არ მიუღწევიათ მენოპაუზის ასაკისთვის)
  • შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ
  • გულისრევა
  • ხასიათის ცვლილება
  • დაღლილობა

როგორ გავუმკლავდეთ გვერდით მოვლენებს?

თუ გაქვთ ალები
  • ჩაიცვით რამდენიმე სამოსი, რათა შეძლოთ გაიხადოთ, როცა დაგცხებათ;
  • იყავით აქტიური, იარეთ, ირბინეთ, ივარჯიშეთ ყოველდღიურად;
  • შეამცირეთ სტრესი, დაკავდით იმ საქმიანობით, რომელიც გეხმარებათ რელაქსაციაში.
თუ შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ გიქმნით პრობლემებს

მეუღლეს ან პარტნიორს გულწრფელად დაელაპარაკეთ, გაუზიარეთ თქვენი შეგრძნებები და ემოციები, შეინარჩუნეთ მასთან სიახლოვე. გაესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, საჭიროების შემთხვევაში ის კონსილიუმში შესაბამის სპეციალისტს ჩართავს.

თუ გაწუხებთ საშოს სიმშრალე

არსებობს მრავალი საშუალება, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას,  უზრუნველყოფს უმტკივნეულო სქესობრივ აქტს და დაგიცავთ ინფექციისგან. გაესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას.

თუ გაქვთ გულისრევა
  • იკვებეთ ხშირად. დღეში სამჯერ კვების ნაცვლად, უმჯობესია 5-6-ჯერ, უფრო პატარა ულუფებით იკვებოთ, შუალედებში კი წაიხემსოთ.
  • მოერიდეთ იმ საკვებსა და სასმელს, რომელიც მძაფრი სუნით გამოირჩევა, როგორიცაა ყავა, ნიორი, ხახვი, თევზი, ტყემალი. ასევე, მოერიდეთ ადგილს, სადაც საჭმელი მზადდება. 
  • მოწუწნეთ გაყინული ხილი ან უშაქრო კანფეტები: შესაძლოა გულისრევის შეგრძნება გაყინული ხილის ან უშაქრო, მენთოლიანი ან სხვა მყარი კანფეტების წუწვნამ შეგიმსუბუქოთ. 
  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები: გულისრევის შეგრძნებისას დაგეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები, ისუნთქეთ ნელა და ღრმად, სასურველია გახვიდეთ სუფთა ჰაერზე.
  • გადაიტანეთ ყურადღება: გულისრევის შეგრძნებას, ასევე, შეგიმსუბუქებთ ყურადღების გადატანა, ამ დროს ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მოუსმინეთ მუსიკას ან უყურეთ რაიმე ფილმს. 
თუ გაქვთ ფაღარათი
  • ჭამეთ ხშირად და ცოტა: ნაკლები ულუფების ჭამა 5-6-ჯერ დღეში ბევრ ადამიანს ეხმარება ფაღარათის დროს.
  • მიიღეთ ნატრიუმით და კალიუმით მდიდარი საკვები: ფაღარათის დროს თქვენი ორგანიზმი კარგავს იონებს, ამიტომ მათი შევსება მნიშვნელოვანია. ნატრიუმით და კალიუმით მდიდარი საკვებია: ბანანი, ფორთოხალი, ატამი, გარგარი, მოხარშული კარტოფილის პიურე. 
  • მიიღეთ 8-12 ჭიქა სითხე ყოველდღე: შეგიძლიათ დალიოთ წყალი, თხელი ბულიონი, გაზგასული მინერალური წყალი. სითხე მიიღეთ ნელა, სასურველია სითხე იყოს ოთახის ტემპერატურის.
  • მიირთვით საკვები, რომელიც ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს, ასეთია: ბანანი, თეთრი ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, მაწონი. 
  • არ მიიღოთ: 
    • ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი სასმელი;
    • ლუდი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელი;
    • რძე და რძის პროდუქტები: ნაყინი, რძიანი კოქტეილი, ყველი, არაჟანი;
    • ცხარე საკვები;
    • ცხიმიანი და შემწვარი საკვები, მაგალითად ბურგერი და შემწვარი კარტოფილი;
    • კოფეინის შემცველი საკვები და სასმელი, როგორიცაა ყავა, ჩაი, კოლა, შოკოლადი;
    • საკვები და სასმელი, რომელიც იწვევს გაზების დაგროვებას, როგორიცაა : ლობიო, კომბოსტო, ბროკოლი, სოიოს პროდუქტები, გაზიანი სასმელი.
  • იყავით ფრთხილი ტუალეტის დროს: არ გამოიყენოთ ტუალეტის ქაღალდი, უმჯობესია გამოიყენოთ ბავშვის სველი ჰიგიენური ხელსახოცები ან დაიბანოთ. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი ან რექტალური სისხლდენა, ასევე, თუ გაქვთ ბუასილი.
  • აცნობეთ ექიმს თუ ძლიერი ფაღარათი 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ან თუ მას ერთვის ტკივილი და კრუნჩხვა. 
თუ აღნიშნავთ მოძრაობის გაძნელებას
  • გაფრთხილდით, რომ არ დაეცეთ;
  • იარეთ ნელა;
  • კიბეებზე ხელი მოკიდეთ მოაჯირს;
  • დარწმუნდით, რომ სახლში არცერთი ხალიჩა არ სრიალებს;
  • ყოველთვის ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი, რეზინის ძირით, რომელიც მოხერხებულია და არ სრიალებს;
  • თუ სიარულის დროს გიჭირთ წინასწორობის შენარჩუნება, იარეთ ხელჯოხით.
თუ გაქვთ დაღლილობა
  • განიტვირთეთ: განტვირთვაში დაგეხმარებათ ლოცვა, მედიტაცია, იოგა და სხვა სტრესის დაძლევისაკენ მიმართული აქტივობები.
  • მიიღეთ საკმარისი სითხე: ყოველდღე დალიეთ 8 ჭიქა სითხე (წყალი, უგაზო მინერალური წყალი ან წვენი).
  • იკვებეთ კარგად: კარგი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესია ჭამოთ დღეში 5-6-ჯერ უფრო მცირე ულუფებით, ვიდრე დღეში 3-ჯერ. 
  • დაისვენეთ დღის მანძილზე და დაიძინეთ ღამით: დღისით დასვენება, ან ცოტა ხნით დაძინება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ისინი უკეთ გრძნობენ თავს, როცა დღისით 10-15 წუთით ჩათვლემენ, ვიდრე მაშინ, როცა დიდი ხნით იძინებენ. დღისით ეცადეთ არ დაიძინოთ ერთ საათზე მეტხანს, რაც დაგეხმარებათ უკეთ დაიძინოთ ღამით. ღამით აუცილებელია მინიმუმ 8 საათი გეძინოთ.
  • იყავით აქტიური: ვარჯიში და სხვა აქტივობები დაგეხმარებათ დაღლილობასთან გამკლავებაში. შეგიძლიათ გაისეირნოთ, გააკეთოთ იოგას ვარჯიშები ან სხვა ისეთი აქტივობები, რომელიც ძალიან არ დაგტვირთავთ. ეცადეთ ივარჯიშოთ იმ დროს, როცა თავს ყველაზე აქტიურად გრძნობთ. დაეკითხეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, კიდევ როგორ შეიძლება იყოთ აქტიური ჰორმონოთერაპიის  დროს. 
  • არ დაიტვირთოთ ზედმეტად: როცა დაღლილობა გაწუხებთ, თავს ძალას ნუ დაატანთ და ნუ ეცდებით, გააკეთოთ იმდენივე საქმე, რასაც ჩვეულებრივ აკეთებდით. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ და მიიღეთ დახმარება ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან. გადააბარეთ სხვას ის საქმეები, რომელთა შესრულებაც ყველაზე მეტად გიჭირთ და გღლით.
თუ წონაში იმატებთ

თუ წონაში იმატებთ, გაესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს, საჭიროების შემთხვევაში ის თქვენს კონსილიუმში შესაბამის სპეციალისტს ჩართავს.

"კონსილიუმ მედულაში" თქვენი მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალისტისაგან შემდგარი გუნდია ჩართული. გახსოვდეთ, თქვენ ამ გუნდის ცენტრალური წევრი ხართ და თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯეროვნად იზრუნოთ საკუთარ თავზე, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები, იკვებოთ სრულფასოვნად, იყოთ აქტიური, დაისვენოთ და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.