Რატომ არის მნიშვნელოვანი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ადრეულად აღმოჩენის შემთხვევაში, კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია უმეტეს შემთხვევებში. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო გზა კი რეგულარული სკრინინგია. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას წლები სჭირდება, დაავადებას წინ უსწრებს ე. წ. კიბოსწინარე პროცესები, რომელთა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საფუძველი.
ცნობილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომა ვირუსთან ასოცირებული დაავადებაა. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ავთვისებიანი დაავადებების 70% ვირუსის 16 და 18 ტიპითაა გამოწვეული. Საგულისხმოა, რომ თუ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას 15-20 წელი სჭირდება ნორმალური იმუნოსისტემის შემთხვევაში, არანამკურნალები პაპილომა ვირუსის დროს ეს ვადა 5-10 წელია.
2018 წლის მონაცემებით საშვილოსნოს კიბოთი გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა 90% დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში დაფიქსირდა, რაც იმ ქვეყნებში სკრინინგის დეფიციტით აიხსნება: გვიანი დიაგნოსტიკა, მკურნალობის მწირი არჩევანი არასაიმედო შედეგით. საქართველოში მოქმედი სკრინინგის უფასო პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების სავალალო შედეგს.
ვის შეუძლია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვა
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
Რას მოიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:
- Pap ტესტი (25-29 წლის ქალებისთვის)
- HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი) გამოკვლევა (30-60 წლის ქალებისთვის)
- გინეკოლოგის კონსულტაცია
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში: კოლპოსკოპია
- საჭიროების შემთხვევაში: კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიურიკვლევა
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა ხდება ყელის ლორწოვანის ნაცხის ციტოლოგიური კვლევით, ე.წ. Pap ტესტით და კოლპოსკოპიით (ყელის დათვალიერება ნათურიანი ბინოკულარული მიკროსკოპით).
ტესტის დადებითი პასუხი ავთვისებიანი სიმსივნის სავარაუდო არსებობაზე ან მისი განვითარების რისკზე მიუთითებს, ავლენს კიბოსწინარე მდგომარეობას და ინფექციებს, რომელსაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა შეუძლია. იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა არ დაფიქსირდეს საკვლევ მასალაში ატიპიური უჯრედების სიმცირის გამო.
- სკრინინგის ჩატარებისთვის საუკეთესო დრო მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდია
- დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს
- თუ სქესობრივი კონტაქტის დროს გამოიყენეთ დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი, მომდევნო 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენს ტესტის შედეგზე.
Ჩაერთეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამაში!
Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02