საკვერცხის კიბო

რა არის საკვერცხის კიბო
 

საკვერცხის კიბო ქალის რეპროდუქციული ორგანოების ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც სიმსივნური პროცესი ვითარდება საკვერცხეებში, ფალოპის მილებში ან პერიტონიუმში.

არსებობს საკვერცხის კიბოს 3 ძირითადი ტიპი: ეპითელური, გერმინოგენული და სტრომული. საწყის ეტაპზე დაავადება ძირითადად ასიმპტომურად მიმდინარეობს. სიმპტომების განვითარების დროს დაავადება უმეტეს შემთხვევაში გავრცელებულია მენჯისა და მუცლის ღრუში. გვიან სტადიაზე მისი მკურნალობა რთულია, ადრეული სტადიის საკვერცხის კიბო კი, რომლის დროსაც დაავადება მხოლოდ საკვერცხით შემოიფარგლება, ექვემდებარება ქირურგიულ და ქიმიოთერაპიულ მკურნალობას.

ფაქტები საკვერცხის კიბოს შესახებ
 

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Საქართველოში საკვერცხის კიბო მეოთხეა ქალებში სიმსივნური დაავადებების სიხშირით;
  • საკვერცხის კიბოს ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები 36-46%-მდეა. ზოგადად, გადარჩენადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სიმსივნურ დაავადებებს, მაგალითად, ძუძუს კიბოს, სადაც ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი 95%-ს უახლოვდება;
  • კვლევამ World Ovarian Cancer Coalition Every Woman Study™ აჩვენა, რომ ქალების ორ მესამედზე მეტს არ სმენია საკვერცხის კიბოზე. პაციენტების უმრავლესობამ დიაგნოზის დასმამდე არაფერი იცოდა ამ დაავადების შესახებ; საკვერცხის კიბოსა და მის სიმპტომებზე ცნობიერების ამაღლება ქალებსა და ექიმებში აუცილებელია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დაგვიანებული დიაგნოსტირება. მათი ინფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს მარტივი რუტინული სკრინინგული ტესტი საკვერცხის კიბოს აღმოსაჩენად.

საკვერცხის კიბოს რისკ-ფაქტორები

ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს საკვერცხის კიბოს რისკი:

შუახნის ასაკი

საკვერცხის კიბო უფრო ხშირად ვლინდება 50-60 წლის ასაკში.

საკვერცხის კიბოს ოჯახური ისტორია

ქალებს, რომლებსაც ჰყავთ საკვერცხის კიბოთი დაავადებული ორი ან მეტი ახლო ნათესავი (დედა, და, დეიდა, ბებია), აქვთ დაავადების განვითარების მომატებული რისკი.

ესტროგენის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია

განსაკუთრებით ხანგრძლივად და მაღალი დოზებით გამოყენებისას დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

მენსტრუაციის დაწყებისა და დამთავრების ასაკი

მენსტრუაციის ადრეულ ან გვიან ასაკში დაწყებამ, შესაძლოა, გაზარდოს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი.

თანდაყოლილი გენეტიკური მუტაციების არსებობა

 BRCA1 და BRCA2 მუტაციები, რომლის დროსაც, იზრდება საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი.

როგორ შევამციროთ საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი

იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება საკვერცხის კიბოს განვითარების რისკების შესამცირებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილმა ზომებმა შეიძლება შეამციროს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი, დაავადების 100%-ით პრევენცია შეუძლებელია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რისკები, შედეგები და პოტენციური გვერდითი მოვლენები, რომლებიც პრევენციულ ზომებს შეიძლება მოჰყვეს.

ჰისტერექტომია და/ან ფალოპის მილების ამოკვეთა

საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ამოკვეთა მნიშვნელოვნად ამცირებს საკვერცხის კიბოს განვითარების შესაძლებლობას. თუმცა, დაავადების უფრო იშვიათი ფორმა შეიძლება განვითარდეს პერიტონეალური ღრუს გარსში.

ორსულობა და მეძუძურობა

ცნობილია, რომ ოვულატორული ციკლების მაღალი სიხშირე ზრდის საკვერცხის კიბოს რისკს და პირიქით, ციკლების შემცირებული რაოდენობა (მაგალითად ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი) ამცირებს რისკს.

კონტრაცეპტული აბები

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება თითქმის ანახევრებს საკვერცხის კიბოს რისკს ხუთი და მეტი წლის მანძილზე მიღების შემთხვევაში.

საკვერცხის კიბოს სიმპტომები
 

საკვერცხის კიბოს სიმპტომები ხშირად ერევათ სხვა ნოზოლოგიების, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის დაავადებათა ჩივილებში, რაც ზოგჯერ არასწორ დიაგნოსტირებას იწვევს. პაციენტთა უმეტესობას საკვერცხის კიბო უკვე გავრცელებული დაავადებისას უდგინდება, რაც მკურნალობას ართულებს.

თუ ქალს აქვს მსგავსი სიმპტომები და ეჭვი საკვერცხის კიბოზე, აუცილებელია სასწრაფოდ დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი.

საკვერცხის კიბოს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • შებერილობა
  • მუცლის ზომაში ზრდა
  • დანაყრების შეგრძნება საკვების მცირე ულუფით
  • ტკივილი მენჯისა და მუცლის არეში
  • საშარდე სისტემის სიმპტომები 

იშვიათად შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა:

  • ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, ყაბზობა
  • ანორმალური სისხლდენა (ყველა სახის პოსტმენოპაუზური სისხლდენა უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ)
  • ძლიერი სისუსტე

საკვერცხის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის გზები

საკვერცხის კიბოს სკრინინგი, რაც გულისხმობს დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას მანამ, ვიდრე პაციენტს ჯერ არ აქვს დაავადებასთან ასოცირებული სიმპტომები, არ არსებობს. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი კვლევები: მენჯის ღრუს ფიზიკალური გასინჯვა, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა და CA-125 ონკომარკერის განსაზღვრა სისხლში.

მენჯის ღრუს ორგანოების ბიმანუალური გასინჯვა

მენჯის ღრუს ორგანოების ბიმანუალური  გასინჯვისას ექიმი ამოწმებს საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფორმას, ზომას და კონსისტენციას. ამგვარი გამოკვლევით შესაძლებელია მოცულობითი წარმონაქმნის არსებობის დადგენა. თუმცა, ქალების უმრავლესობაში საკვერცხის კიბოს ადრეული სტადიის დადგენა მენჯის ღრუს ფიზიკალური გასინჯვით თითქმის შეუძლებელია.

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევით ექიმმა შეიძლება ნახოს, არის თუ არა საკვერცხეზე რაიმე წარმონაქმნი, თუმცა ვერ ხდება დიფერენცირება, არსებული წარმონაქმნი კეთილთვისებიანია თუ ავთვსიებიანი. სკრინინგის მიზნით ჩატარებული კვლევისას აღმოჩენილი წარმონაქმნები ხშირ შემთხვევაში არ არის კიბო.

CA-125 ტესტი

CA-125 ტესტით ისაზღვრება სისხლში სპეციალური ცილის, CA-125-ის დონე. საკვერცხის კიბოს მქონე ქალებში CA-125 ხშირ შემთხვევაში მომატებულია. CA-125 გამოიყენება, როგორც ონკომარკერი. თუმცა, CA-125-ის დონის განსაზღვრა არ გამოიყენება სკრინინგისთვის, რადგან ეს მარკერი შესაძლებელია მომატებული იყოს ისეთი, უფრო ხშირი პათოლოგიების დროსაც, როგორიცაა ენდომეტრიოზი ან მენჯის ღრუს ორგანოების ანთება (მაგალითად, ტუბერკულოზი). ასევე, CA-125 არ არის მომატებული საკვერცხის კიბოს მქონე ყველა პაციენტში. თუ ქალს არ აქვს დადგენილი საკვერცხის კიბო და გამოკვლევებით გამოვლინდა CA-125-ის მატება, ექიმმა უნდა გადაამოწმოს ტესტი და დამატებით დანიშნოს ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა.

ამიტომ, საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის:

  • იმ შემთხვევაში თუ გაქვთ დაავადების რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • იმ შემთხვევაში, თუ ხართ დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში, დროულად დაგეგმეთ ვიზიტი გინეკოლოგთან და მიჰყევით მის რეკომენდაციებს.

 

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში „კონსილიუმ მედულა“

 

დიაგნოსტიკა
 

რუტინული სკრინინგ-ტესტი საკვერცხის კიბოს ზუსტი დიაგნოსტირებისთვის არ არსებობს. საშვილოსნოს ყელის სკრინინგის დროს გამოყენებული პაპ-ტესტი ვერ გამოავლენს საკვერცხის კიბოს. ამიტომ მნიშვნელოვანია საკვერცხის კიბოს სიმპტომების ცოდნა. თუ ქალი საკვერცხის კიბოს ნიშნებსა და სიმპტომებს შენიშნავს, სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების ეტაპები მოიცავს:

  • გინეკოლოგის კონსულტაციას;
  • ტრანსვაგინალურ და მენჯის ღრუს ულტრაბგერით კვლევას;
  • საჭიროების შემთხვევაში, CA-125-ის განსაზღვრას სისხლში.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ან პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET სკანირება), როგორც დიაგნოსტიკური პროცესის ნაწილი. საკვერცხის კიბოს საბოლოო დიაგნოსტირებისთვის ტარდება ბიოფსია.

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების გამოყენებულ ტესტებსა და პროცედურებს შორისაა:

  • მცირე მენჯის გამოკვლევა;
  • რადიოლოგიური კვლევები;
  • სისხლის ანალიზები;
  • დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია.

მკურნალობა

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ საკვერცხის კიბოს მკურნალობა მიმდინარეობს უახლესი გაიდლაინების და აპარატურის გამოყენებით.

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ გინეკოლოგი, ონკოქირურგი, კლინიკური ონკოლოგი და პათომორფოლოგი მუშაობენ ერთ გუნდად, კონსილიუმის პრინციპით და არჩევენ პაციენტზე პერსონალურად მორგებულ მკურნალობის გეგმას.

ყველა პაციენტის ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით, ინიშნება შემდეგი ტიპის მკურნალობა:

  • დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია დაავადების მორფოლოგიური ვერიფიკაციის მიზნით;
  • ქირურგიული მკურნალობა ლაპაროტომიით ან  ღია წესით;
  • HIPEC ინტრაოპერაციული ჰიპერთერმული ქიმიოთერაპია;
  • პოსტოპერაციულად ინტრაპერიტონეალური პორტის იმპლანტაცია;
  • ინოვაციური თერაპიული მკურნალობა ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით.
ქირურგიული მკურნალობა

საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ ჩატარებულ ოპერაციათა რიცხვს მიეკუთვნება:

  • ადრეულ სტადიაზე და სიმსივნის ტიპის გათვალისწინებით, ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია (შვილოსნობის შენარჩუნების მიზნით);
  • ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ხდება ორივე საკვერცხის ამოკვეთა. გარკვეული მორფოლოგიური ქვეტიპების დროს, როდესაც სიმსივნე ლოკალიზებულია ორივე საკვერცხეზე, შესაძლებელია ჩატარდეს ოპერაცია, რომლის დროსაც ამოიკვეთება ორივე საკვერცხე და ორივე ფალოპის მილი. პაციენტს უნარჩუნდება საშვილოსნო და შეეძლება დაორსულება ინ ვიტრო განაყოფიერებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დაავადება სცდება საკვერცხეებს, ან თუ პაციენტს არ აქვს შვილის ყოლის სურვილი, ქირურგი ამოკვეთს ორივე საკვერცხეს და ფალოპის მილებს, საშვილოსნოს, გვერდზე არსებულ ლიმფურ კვანძებს, მუცლის ღრუში არსებულ ცხიმოვან ქსოვილს (ბადექონს) და პერიტონიუმის ფურცლის დაზიანებულ ნაწილს;
  • თუ დაავადება გავრცელებულია, შესაძლოა ექიმმა პაციენტს ურჩიოს მკურნალობის დაწყება ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით და შემდეგ დაიგეგმოს ქირურგიული ჩარევა, რათა მოხდეს სიმსივნური ქსოვილების მაქსიმალურად ამოკვეთა.
ქიმიოთერაპიული მკურნალობა

ქიმიოთერაპიული პრეპარატები წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც კლავს სწრაფად მზარდ უჯრედებს ორგანიზმში, მათ შორის სიმსივნურ უჯრედებსაც. ქიმიოთერაპიული წამლების მიღება შესაძლებელია ინიექციით ან ტაბლეტირებული სახით. ზოგჯერ, პრეპარატი შეჰყავთ პირდაპირ მუცლის ღრუში (ინტრაპერიტონეალური ქიმიოთერაპია).

ქიმიოთერაპია შეიძლება დაინიშნოს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რათა ორგანიზმში დარჩენილი სიმსივნური უჯრედები განადგურდეს. ქიმიოთერაპიის გამოყენება, ასევე, შესაძლებელია ოპერაციამდე.

ტარგეტული თერაპია

ტარგეტული (დამიზნებითი) თერაპია გულისხმობს იმ პრეპარატების გამოყენებას, რომელიც მოქმედებს კიბოს უჯრედებში სპეციფიკურ სამიზნეებზე. ტარგეტული თერაპია ძირითადად გამოიყენება მაშინ, როცა პირველი ხაზის მკურნალობის შემდეგ სიმსივნე კვლავ იჩენს თავს, ან ოპერაციული მკურნალობის შემდგომ ორგანიზმში არის რეზიდუალური (ნარჩენი) სიმსივნური ქსოვილი. ასევე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნური უჯრედები რეზისტენტულია მკურნალობისადმი. 

ჩვენი ექიმები