კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ გინეკოლოგმა თამარ ჭითანავამ 3D ლაპაროსკოპიის გამოყენებით წარმატებით ჩაატარა მოცულობითი და კომპლექსური გინეკოლოგიური ოპერაცია.
ქირურგიული ჩარევა მოიცავდა რადიკალურ ლაპაროსკოპიულ ჰისტერექტომიას, თეძოსა და აორტის ლიმფური კვანძების ერთ ბლოკად დისექციას და ბადექონის ამოკვეთას.
მსგავსი მოცულობის ოპერაციის დროს ქირურგი ვიწრო და რთულ ანატომიურ სივრცეში მუშაობს, სადაც სისხლძარღვები, ნერვები და საშარდე გზები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნური ქსოვილი ონკოლოგიური პრინციპების დაცვით სრულად ამოიკვეთოს და, ამავე დროს, მაქსიმალურად იყოს დაცული მის გარშემო არსებული მნიშვნელოვანი სტრუქტურები.
3D ლაპაროსკოპიული სისტემა ქირურგს სამგანზომილებიან გამოსახულებას აწვდის და სიღრმის უკეთ აღქმის შესაძლებლობას აძლევს. ეს ეხმარება მას უფრო ზუსტად შეაფასოს ქსოვილებს შორის მანძილი, უკეთ განსაზღვროს საჭირო ანატომიური ფენა და განსაკუთრებული სიფრთხილით იმუშაოს სისხლძარღვების, ნერვებისა და საშარდე გზების სიახლოვეს.
ოპერაცია მინიმალურად ინვაზიური მეთოდით ჩატარდა. 3D ხედვის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპლექსური ჩარევების დროს, როდესაც ოპერაციის სიზუსტე და ქირურგის სივრცითი ორიენტაცია პაციენტის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.