პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი

პოდაგრა მეტაბოლური დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში შარდმჟავის დონის მომატებით (ჰიპერურიკემიით) და სახსრებსა და მიმდებარე ქსოვილებში შარდმჟავა კრისტალების ჩალაგებით. პოდაგრა იწვევს მწვავე ანთებითი ართრიტის შეტევებს, ტოფუსების (შარდმჟავა კრისტალების გროვების) წარმოქმნას სახსრების გარშემო და სახსრის შესაძლო დაშლას (დესტრუქციას). პოდაგრის დროს ხშირია თირკმელების დაზიანება და შარდმჟავა უროლითიაზი (კენჭების წარმოქმნა). 

პოდაგრა ვითარდება ორგანიზმში მეტაბოლური დარღვევების დროს, კერძოდ,  განპირობებულია პურინული ცვლის დარღვევით, ხასიათდება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებით და ურატების დაგროვებით სახსრებსა და მიმდებარე ქსოვილებში. შარდმჟავა პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტია. 

ჯანმრთელ ორგანიზმში შარდმჟავას ცვლა დინამიკური პროცესია, დაბალანსებულია მისი წარმოქმნა და თირკმელების მეშვეობით გამოყოფა. შესაბამისად, შარდმჟავას დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მისი ჭარბი რაოდენობით პროდუქცია, ასევე, თირკმლით მისი გამოყოფის შემცირება ანუ ჰიპოექსკრეცია. ასევე, გვხვდება ამ ორივე მექანიზმის ერთობლივად მიმდინარე პროცესებიც. როდესაც სისხლში შარდმჟავას კონცენტრაცია ხანგრძლივად იმატებს, ვითარდება კრისტალური ურატების ჩალაგება ძვლის სახსროვან ნაწილში, მყესებში, ხრტილში, თირკმელებში, სისხლძარღვებში და სხვა სისტემებში. წარმოიქმნება მრავლობითი კვანძები, ანუ ტოფუსები და ვითარდება მწვავე ანთებითი პროცესი.

პოდაგრა ძირითადად უვითარდებათ 30-50 წლის ასაკის მამაკაცებს, თუმცა შეიძლება ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკშიც ჩამოყალიბდეს, უფრო იშვიათად გვხვდება ქალებში. მამაკაცებში მისი გავრცელების სიხშირე 80-90%-ია.

დაავადებისას ყველაზე ხშირად ზიანდება პერიფერიული სახსრები: ტერფის ცერა თითი (პოდაგრა), ტერფი, კოჭი, მუხლი, მტევნის თითები, მაჯები და იდაყვები, თუმცა, შეიძლება ნებისმიერი სახსარი დაზიანდეს.

პოდაგრისათვის დამახასიათბელია მწვავედ დაწყებული სახსრების ძლიერი ტკივილი, რომელიც იწყება ღამის საათებში და თან ახლავს შეშუპება, გამონაჟონი, სიმხურვალე, ერითემა (სიწითლე) და პროცესში ჩართული სახსრების ტკივილი.

ჩვეულებრივ შეტევა რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება, შემდეგ თანდათანობით ცხრება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება. ტიპურ შემთხვევებში შეტევებს შორის პერიოდში პაციენტს არანაირი ჩივილი არ აღენიშნება, მაგრამ უმკურნალებელ პაციენტში ყოველი მომდევნო შეტევა უფრო მძიმედ მიმდინარეობს და შეტევებს შორის პერიოდიც მცირდება; ყალიბდება ქრონიკული პოდაგრული ართრიტი, რომელსაც ახასიათებს ტოფუსების წარმოქმნა პრაქტიკულად სხეულის ნებისმიერ ნაწილში და შინაგან ორგანოში. შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე ხშირად ზიანდება თირკმელი, რაც უმთავრესად ვლინდება შარდ-კენჭოვანი დაავადების და ნეფრიტის სახით, ასევე, შესაძლოა განვითარდეს თირკმლის უკმარისობა. 

პოდაგრის განვითარების რისკ-ფაქტორები

პოდაგრის განვითარების რისკ-ფაქტორებია: 

  • პურინების შემცველი საკვები, როგორიცაა: წითელი ხორცი, ხორცის ნახარშები, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტები, გულ-ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით ლუდი;
  • ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;
  • გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა: თიაზიდური შარდმდენები, დაბალი დოზით ასპირინი, კოფეინის შემცველი პრეპარატები;
  • ასაკი და სქესი: ხშირია მამაკაცებში 30-50 წლის ასაკში და ქალებში მენოპაუზის პერიოდში;
  • ოპერაციული ჩარევა ან ტრავმა;
  • პოდაგრის ოჯახური ისტორია.
პოდაგრის დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდები
  • სისხლის ანალიზი
  • შარდმჟავას და კრეატინინის დონის განსაზღვრა
  • ართროცენტეზი სინოვიური სითხის ანალიზისთვის
  • ექოსკოპია
  • რენტგენოგრაფია 
  • CT ან MRT კვლევა რბილი ქსოვილისა და ძვლის შესამოწმებლად

მკურნალობა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დანერგილია პოდაგრის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და მიდგომები. პოდაგრის მკურნალობას კლინიკის მაღალკვალიფიციურ რევმატოლოგთა გუნდი ახორციელებს. 

პაციენტის მკურნალობა მოიცავს დიეტოთერაპიას, პურინებით მდიდარი საკვების და ალკოჰოლის მოხმარების გამორიცხვას.

მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის ანამნეზის, თანმხლები დაავადებების და მდგომარეობის გათვალისწინებით. 

ჩვენი ექიმები