საქართველოში პირველად კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა საკვერცხის კიბოს ჰიპერთერმული ინტრაპერიტონეალური ქიმიოთერაპია - HIPEC.
ოპერაციის მიმდინარეობისას 43 ˚c -ზე გაცხელებული ქიმიოთერაპიული პრეპარატი პირდაპირ ზემოქმედებს მეტასტაზებით დაზიანებულ ქსოვილზე, რაც იწვევს სიმსივნური უჯრედის ცილის დენატურაციას და სიმსივნური წარმონაქმნის გადაგვარებას.
HIPEC-ის პირველი პროცედურა ჩაუტარდა 68 წლის ქალს, რომელსაც საკვერცხის კიბოს დიაგნოზი აქვს. პაციენტს უკვე ამოკვეთილი ქონდა საშვილოსნო, საკვერცხე და ბადექონი და, ასევე, ჩატარებული ქიმიოთერაპიის 14 კურსი. დიაგნოსტიკისას აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები გავრცელებული იყო პერიტონეუმში და ღვიძლის კაფსულაში.
"კონსილიუმ მედულას" ქირურგებმა დავით ყარსიმაშვილმა და ზურაბ ზედგინიძემ შეასრულეს პერიტონეუმექტომია, ასევე, ამოკვეთეს მეტასტაზები ღვიძლის კაფსულიდან. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
HIPEC-ის დანერგვაში დიდი წვლილი მიუძღვის კლინიკის პარტნიორს, იტალიელ პროფესორს ჯანლუიჯი მელოტის. პროცედურაში იტალიელ ტექნიკოსთა გუნდი მონაწილეობდა.