რა არის კოლორექტული კიბო
კოლორექტული კიბო არის სიმსივნე, რომელიც მსხვილი და/ან სწორი ნაწლავიდან ვითარდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კოლორექტული კიბო საქართველოში გავრცელებით მესამე ადგილს იკავებს. კოლორექტული კიბო უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
სკრინინგი
კოლორექტული კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) თავს იჩენს 50+ ასაკის ადამიანებში.
თუ ხართ 50-70 წლის, უნდა ჩაერთოთ კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამაში. ხოლო, თუ გაქვთ დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები, საჭიროა სკრინინგის დაწყება 50 წლის ასაკამდე. შეგახსენებთ, რომ საწყის სტადიაზე კოლორექტული კიბოს განკურნება შესაძლებელია.
"კონსილიუმ მედულაში" კოლორექტული კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა უფასოა საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქალებისა და მამაკაცებისთვის, 50-იდან 70 წლის ასაკის ჩათვლით. გაიგეთ მეტი კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.
რა არის ნაწლავის სიმსივნის სიმპტომები
- გახანგრძლივებული ფაღარათი, ყაბზობა, განავლის კონსისტენციის ცვლილება, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა;
- სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი განავალი;
- მუდმივი დისკომფორტი მუცლის არეში, როგორიცაა სპაზმური ტკივილი და შებერილობა;
- დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის დაუცლელობის შეგრძნება;
- დაღლილობა ან სისუსტე;
- წონაში კლება აუხსნელი მიზეზით.
ნაწლავის სიმსივნის ადრეულ სტადიებზე ბევრი პაციენტი უსიმპტომოა. სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და ადგილმდებარეობაზე.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
თუ შეამჩნევთ მუდმივ შემაწუხებელ სიმპტომებს, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.
გაესაუბრეთ ექიმს სკრინინგის დაწყებასთან დაკავშირებით. გაიდლაინების მიხედვით ნაწლავის სიმსივნის სკრინინგის დაწყება რეკომენდებულია 50 წლიდან. შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ სკრინინგის ნაადრევი დაწყება, თუ გაქვთ დამატებითი რისკ-ფაქტორები, მაგალითად დატვირთული ანამნეზი მემკვიდრეობაში.
აცნობეთ მკურნალ ექიმს შემდეგი სიმპტომების არსებობის შესახებ:
- კუჭის ტკივილი, ხშირი ხანგრძლივი სპაზმები
- წონაში უმიზეზოდ კლება
შესაძლოა არსებული სიმპტომები არ იყოს კავშირში კიბოსთან, თუმცა მათი მიზეზის დასადგენად აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.
კოლორექტული კიბოს რისკ-ფაქტორები
ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება:
ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანში, თუმცა დაავადება გაცილებით ხშირად გვხვდება 50+ ასაკში. ბოლო წლებში ნაწლავის სიმსივნის სიხშირის მაჩვენებელი 50 წლამდე ასაკის ადამიანებში იზრდება.
თუ თქვენ უკვე გქონდათ დიაგნოსტირებული ნაწლავის სიმსივნე ან არასიმსივნური პოლიპი, ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკი უფრო მაღალია.
ნაწლავის ქრონიკული ანთება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, ზრდის ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.
ზოგიერთი გენური მუტაცია ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც საგრძნობლად ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ნაწლავის კიბოს მხოლოდ მცირე შემთხვევები უკავშირდება მემკვიდრულ გენურ მუტაციას. თანდაყოლილ სინდრომებს მიეკუთვნება: ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი და ლინჩის სინდრომი, რომელიც, ასევე, ცნობილია თანდაყოლილი არაპოლიპოზური კოლორექტული კიბოს სახელით.
თუ ოჯახის წევრს ჰქონდა ნაწლავის კიბო, დაავადების განვითარების რისკი იზრდება. Რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტია სისხლით ნათესავთა შორის ნაწლავის სიმსივნით დაავადებულის რიცხვი.
კოლორექტული კიბოს განვითარება დაკავშირებულია კვების რაციონში უჯრედისით ღარიბი და ცხიმიანი საკვების სიჭარბესთან. კვლევების მიხედვით, ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი იზრდება დამუშავებული წითელი ხორცის მოხმარებითაც.
ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. რეგულარულმა ფიზიკურმა აქტივობამ, შესაძლოა შეამციროს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.
პაციენტები დიაბეტით ან ინსულინრეზისტენტობით არიან ნაწლავის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
ჭარბი წონის მქონე ადამიანებს აქვთ ნაწლავის კიბოს განვითარების და ნაწლავის კიბოთი სიკვდილის უფრო მაღალი რისკი.
მწეველებში იზრდება ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკი.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
სხვა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპია მუცლის ან მენჯის არეში ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორია.
კოლორექტული კიბოს პრევენცია
ცხოვრების სტილის ცვლილებამ, შესაძლოა, შეამციროს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.
ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ბოჭკოებსა და ანტიოქსიდანტებს, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს კიბოს პრევენციაში. მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, რათა მიიღოთ ბუნებრივი საკვებით მაქსიმალური სარგებელი.
ალკოჰოლის მიღება დასაშვებია ზომიერად: ქალებში არ არის რეკომენდებული ერთ, ხოლო კაცებში 2 ჭიქაზე მეტი ალკოჰოლის მიღება.
მკურნალ ექიმთან კონსულტაციით შეარჩიეთ, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის რომელი გზაა თქვენთვის მეტად მისაღები.
ყოველდღიურად ივარჯიშეთ სულ მცირე 30 წუთი.
თუ თქვენი წონა მისაღებია, შეეცადეთ შეინარჩუნოთ იგი ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით. თუ გესაჭიროებათ წონის კორექცია, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, როგორ და რა მოიმოქმედოთ. Წონაში დასაკლებად თანდათანობით გაზარდეთ ვარჯიშის ხანგრძლივობა და შეამცირეთ საკვებით მიღებული კალორიების რაოდენობა.
კოლორექტული კიბოს მკურნალობა კლინიკაში "კონსილიუმ მედულა"
უკვე წლებია, რაც კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებს მკურნალობას თანამედროვე გაიდლაინებით სთავაზობს. Მოწოდებულია კიბოს მკურნალობის ქირურგიული, მედიკამენტური და სხივური მკურნალობა ან მათი კომბინაცია. ნაწლავის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაგეგმვა კლინიკაში ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, კონსილიუმის წესით.
კონსილიუმში მონაწილეობენ:
- მუცლის ღრუს ქირურგი;
- კლინიკური ონკოლოგი;
- რადიოლოგი;
- პათომორფოლოგი;
- გასტროენტეროლოგი;
- საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები: ზოგადი ქირურგი, ონკოგინეკოლოგი, უროლოგი და სხვა.
მკურნალობა
ქირურგიული ჩარევის მიზანია პირველადი სიმსივნის ამოკვეთა. გვიან სტადიაზე ოპერაცია ტარდება მეტასტაზების ამოკვეთის მიზნით.
ქირურგიული ოპერაციის მასშტაბი Პირველადი სიმსივნის მოცილების მიზნით დამოკიდებულია მის ადგილობრივ გავრცელებაზე. განიხილება ოპერაციის შემდეგი ვარიანტები:
- სიმსივნის მარტივი მოკვეთა (ექსციზიო): როცა პათოლოგიური წარმონაქმნი მოიკვეთება ნაწლავის სანათურის შიდა ზედაპირული შრიდან;
- პოლიპექტომია: თუ კიბო განვითარდა პოლიპისგან, მოიკვეთება პოლიპი სრულად;
- სეგმენტური რეზექცია: მოიკვეთება ნაწლავის ის ნაწილი, სადაც არის სიმსივნური დაზიანება, ხოლო დარჩენილი თავისუფალი ბოლოები შეერთდება და აღდგება ნაწლავის მთლიანობა;
- სტანდარტული რეზექცია-სიმსივნის ანატომიური მდებარეობის მიხედვით ოპერაციის შემდეგი ვარიანტებია:
- მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია: როცა სიმსივნე ასწვრივ კოლინჯშია, ამოიკვეთება ასწვრივი კოლინჯი სრულად;
- მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია: როცა სიმსივნე დასწვრივ კოლინჯშია, ამოიკვეთება დასწვრივი კოლინჯი მთლიანად;
- სიგმოიდექტომია: როცა სიმსივნე სიგმოიდურ ნაწლავშია, ამოიკვეთება სიგმოიდური ნაწლავი მთლიანად.
დღეისთვის სტანდარტულ რეზექციას ეძლევა უპირატესობა სეგმენტურ რეზექციასთან შედარებით.
- გაფართოებული ჰემიკოლექტომია: როცა პროცესი ვრცელდება განივ კოლინჯზე, ამოიკვეთება ასწვრივი კოლინჯი განივის ნაწილთან ერთად ან დასწვრივი კოლინჯი განივის დაზიანებულ ნაწილთან ერთად და შესაბამისად ტარდება მარჯვენამხრივი ან მარცხენამხრივი გაფართოებული ჰემიკოლექტომია. ამ ოპერაციის დროს სტადირების დაზუსტებისთვის აუცილებელია 12 ლიმფური კვანძის ამოკვეთა და, სიმსივნის გავრცელების შემთხვევაში, მეზობელი ორგანოს მეტასტაზირებული ნაწილის მოკვეთა. ნაწლავის სისხლმომარაგების თავისებურების გათვალისწინებით ოპერაციის საზღვრები შეიძლება მეტადაც გაფართოვდეს.
- ტოტალური მეზორექტალური ამოკვეთა: როცა სწორი ნაწლავის სიმსივნის დროს ამოიკვეთება სწორი ნაწლავი სრულად ჯორჯალთან და ლოკალურ ლიმფურ კვანძებთან ერთად.
Მსხვილი ნაწლავის რომელიმე ნაწილის ამოკვეთის შემდეგ იმავე ოპერაციის დროს კეთდება ნაწლავის თავისუფლად დარჩენილი სანათურების შეერთება და ნაწლავის გამავლობის აღდგენა. ტოტალური მეზორექტალური ამოკვეთის შემთხვევაში ნაწლავის სანათური უერთდება ანალურ ხვრელს და ხდება კოლოანალური შერთულის ფორმირება. ზოგჯერ ეს ოპერაცია ერთდროულად ვერ კეთდება და ამიტომ ხდება წვრილი ან მსხვილი ნაწლავის სანათურის დროებითი გამოტანა მუცლის კედელზე. ამ ოპერაციების - ილეოსტომია ან კოლოსტომია- შედეგია ილეოსტომა ან კოლოსტომა, რაც ნაწლავის დაცლას ემსახურება. Სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კიბოს დროს ეს მდგომარეობა მუდმივია.
რიგ შემთხვევებში ქირურგიული მკურნალობა ტარდება სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
კოლორექტული სიმსივნეების ქირურგიულ პრაქტიკაში ათეული წლებია რაც დაინერგა ენდოსკოპიური მიკროქირურგიის გამოყენება. ენდოსკოპიისა და ლაპაროსკოპიის აპარატები ტექნოლოგიურად ისეა მოწყობილი, რომ მათი საშუალებით ხდება სიმსივნური წარმონაქმნისა და თვით ნაწლავის ამოკვეთა პაციენტისთვის ნაკლებტრავმული ოპერაცით. ასეთებია:
- ტრანსანალური ენდოსკოპური მიკროქირურგია, როცა აპარატის ოპტიკური ნაწილი ანალური ხვრელიდან იდგმევა სწორ ნაწლავში და ხდება წარმონაქმნის ამოკვეთა;
- კოლონოსკოპიის აპარატის გამოყენებით შესაძლებელია ჭრილობის გარეშე მსხვილი ნაწლავის სანათურიდან პოლიპებისა და სხვა წარმონაქმნების ამოკვეთა;
- ლაპაროსკოპიული ქირურგია, როცა მუცლის წინა კედლის 3-5 მცირე ზომის ჭრილობიდან მუცლის ღრუში იდგმება აპარატის მილები გამანათებლით და სპეციალური ინსტრუმენტებით, ხდება ნაწლავის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა შერთულის დადებით.
ასეთი ოპერაციების შემდგომი პერიოდი გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს და გამოჯანმრთელებაც უფრო სწრაფია.
ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობის წინ ან შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ქიმიოთერაპია:
- ნეოადიუვანტური-ოპერაციამდე სიმსავნის ზომაში შემცირების მიზნით დანიშნული ქიმიოთერაპია;
- ადიუვანტური - ოპერაციის შემდეგი ქიმიოთერაპია, რითაც მცირდება რეციდივის რისკი.
ტარგეტული თერაპია გულისხმობს მკურნალობას ისეთი მედიკამენტით, რომელიც ანადგურებს უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებს.
ინიშნება ოპერაციამდე ან მის შემდეგ, გამოიყენება მაიონიზებელი გამოსხივება.
დაკვირვების პერიოდი
მკურნალობის დასრულების შემდეგ იწყება დაკვირვების პერიოდი. მკურნალი ექიმი გეგმავს პაციენტის საკონტროლო ვიზიტებს, რათა:
- დროულად გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა;
- გეგმიური კვლევებით დროულად შეფასდეს დაავადების პროგრესირება და დაიწყოს მიზანმიმართული მკურნალობა;
- პაციენტს დროულად მიეწოდოს საჭირო ინფორმაცია, გაეწიოს მორალური მხარდაჭერა და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის კონსულტაცია.
ცხოვრების ჩვეული რიტმი
პაციენტს სჭირდება ოჯახის წევრებისა და მკურნალი ექიმის თანადგომა დიაგნოზისა და მკურნალობის არასრულფასოვნობის შიშის დასაძლევად. საჭიროა პაციენტის სრულად ინფორმირება მისი დაავადებისა და მდგომარეობის შესახებ. საჭიროებისამებრ, მკურნალობაში უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვაც.