ფილტვის კიბო

რა არის ფილტვის კიბო
 

  • ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, განპირობებული ფილტვის ქსოვილის გადაგვარებით, როცა ხდება მისი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა-გამრავლება;
  • ფილტვის კიბო მსოფლიოში სიხშირით მეორე სიმსივნური დაავადებაა ქალებსა და კაცებში,  კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის სტატისტიკით კი პირველ ადგილზეა.

ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90% თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. დაავადების რისკი იზრდება ყოველდღიურად მოწეული სიგარეტის რაოდენობისა და წლების მიხედვით. მეცნიერთა აზრით, ჩასუნთქული სიგარეტის კვამლი, რომელიც შეიცავს კანცეროგენებს, აზიანებს ბრონქისა და ფილტვის ამომფენ უჯრედებს და იწყება ფილტვის ქსოვილის გადაგვარება. 

თავდაპირველად, შესაძლოა ორგანიზმი ახერხებდეს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, თუმცა, დროთა განმავლობაში და სიგარეტის ხანგრძლივი მოხმარებისას, მატულობს ფილტვის უჯრედების დაზიანების შეუქცევადი  პროცესის ალბათობა სიმსივნური უჯრედის ჩამოყალიბებით.

ფილტვის კიბოს განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებია:

პასიური მწეველობა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი არამწეველია, მაგრამ  შეხება აქვს სიგარეტის კვამლთან, ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა იზრდება.

სხივური თერაპია

სხვა სიმსივნის მკურნალობის მიზნით ჩატარებული სხივური თერაპია ზრდის  ფილტვის კიბოს განვითარების  ალბათობას.

რადონის აირის ზემოქმედება

ნიადაგში, კლდესა და წყალში ურანის ბუნებრივი დაშლით წარმოიქმება რადიოაქტიური რადიუმი, რომელიც ორთქლდება და ხდება რა ჰაერის ნაწილი, ხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში. ჭარბი რაოდენობით რადონი შესაძლოა დაგროვდეს ნებისმიერ შენობაში, მათ შორის საცხოვრებელ სახლებშიც.

აზბესტი და სხვა კანცეროგენები

სამუშაო ადგილზე აზბესტისა და კიბოს გამომწვევი სხვა ნივთიერებების (დარიშხანი, ქრომი და ნიკელი) ზემოქმედებამ, შესაძლოა გაზარდოს ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით  მწეველებში.

ფილტვის კიბოს ოჯახური ანამნეზი

ადამიანს, რომლის მშობელს, და-ძმასა ან შვილს აქვს ფილტვის კიბო, თავადაც აქვს დაავადების განვითარების მომატებული რისკი.

ასაკთან ერთად ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობაც იზრდება. ფილტვის კიბოს მქონე 3-დან 2 პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა. 

არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ტიპი:

  • ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო - თითქმის ყოველთვის ქრონიკულ მწეველებში ვითარდება და უფრო იშვიათია, ვიდრე სიმსივნის არაწვრილუჯრედოვანი ფორმა. 
  • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო - აერთიანებს ფილტვის კიბოს შემდეგ ქვეტიპებს: ფილტვის ადენოკარცინომას, ფილტვის ბრტყეულუჯრედოვან და მსხვილუჯრედოვან კიბოს.  

ამ ტიპებს ახასიათებს სხვადასხვაგვარი ზრდა და, შესაბამისად, მკურნალობაც განსხვავებულია. უფრო მეტად გავრცელებულია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო. 

ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე თითქმის სიმპტომების გარეშეა. კლინიკურად საყურადღებო ჩივილები ვლინდება  უკვე  დაავადების გვიან სტადიაზე. ფილტვის კიბო პირველადი კერიდან შესაძლოა გავრცელდეს პლევრაზე, ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში, მაგალითად: მეორე ფილტვში, თავის ტვინში. სიმსივნის სხვა ორგანოებში გავრცელებით სახეზეა ფილტვის მეტასტაზირებული ფორმა.

სიმპტომები

ექიმთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს ნებისმიერი შემაწუხებელი ან ქრონიკული ჩივილის დროს.

ფილტვის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია: 

ქრონიკული ხველა

შესაძლოა პაციენტი უჩიოდეს ხველას, რომელიც გრძელდება სულ მცირე 8 კვირის განმავლობაში.

სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები

ფილტვის სიმსივნე ზეწოლით ახშობს აირგამტარ გზებს, რაც ხელსაყრელი პირობაა ინფიცირებისთვის და ხშირად ვითარდება ბრონქიტი, ფილტვის ანთება,აბსცესი და სხვა.

სისხლიანი ნახველი

ნახველში სისხლის მცირე რაოდენობაც კი, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

სუნთქვის უკმარისობა/ქოშინი

ფილტვის კიბომ შესაძლოა გამოიწვიოს აირგამტარი გზების შევიწროება, დახშობა, ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირება, რაც განაპირობებს პაციენტის სუნთქვის გაძნელებას.

ხმის ტემბრის ცვლილება

ქრონიკული ხველა ან სიმსივნე, რომელიც აწვება ან ჩაზრდილია  ხმოვან იოგებში,  იწვევს ხმის ჩახლეჩას.

ტკივილი გულმკერდის არეში

სიმსივნის  ზეწოლა ნერვზე იწვევს  ტკივილს გულმკერდის არეში, რაც ძლიერდება ჩასუნთქვის, ხველის ან სიცილის დროს.  

Პრევენცია

არ არსებობს ფილტვის კიბოსაგან გარანტირებულად დაცვა, თუმცა შესაძლოა რისკის შემცირება: თამბაქოს მოხმარებას -კატეგორიული უარი! 

ნუ მოწევთ!

თუკი არ ხართ მწეველი, ნუ დაიწყებთ მოწევას. აუხსენით თქვენს შვილებს, რომ მოწევა ვნებს ჯანმრთელობას და წარმოადგენს ფილტვის კიბოს მთავარ გამომწვევს. 

თუკი ხართ მწეველი, შეწყვიტეთ!

შეწყვიტეთ დღესვე! სიგარეტის თავის დანებება ამცირებს ფილტვის კიბოს რისკებს, იმის მიუხედავად რამდენი წელია ეწევით. დაიხმარეთ ექიმი, რომელიც საჭიროებისამებრ ამ პროცესში ჩართავს ფსიქოლოგს, ან დაგინიშნავთ ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიას. 

მოერიდეთ თამბაქოს კვამლს

თუკი ცხოვრობთ მწეველ ადამიანთან ერთად, ან თქვენს გარემოცვაში არიან მწეველები, მიუთითეთ თავის დანებებაზე, ან სთხოვეთ, მოწიოს გარეთ. 

შეამოწმეთ საცხოვრებელ სახლში რადონის დონე

მოერიდეთ კანცეროგენულ და ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს სამუშაო ადგილას.

მიირთვით ხილი და ბოსტნეული

იკვებეთ ჯანსაღად, არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე დიდი რაოდენობთ ვიტამინები. მედიკამენტების კვლევებით დასტურდება, რომ მწეველებში ბეტა-კაროტების მიღება ზრდის ფილტვის კიბოს რისკს. 

იყავით ფიზიკურად აქტიური

სკრინინგი

ჩაიტარეთ ფილტვის კიბოს სკრინინგი, თუ გაქვთ დაავადების განვითარების მაღალი რისკი. ასეთია:

  • ქრონიკული მწეველები (დღეში 20 ღერი სიგარეტი 30 წლის განმავლობაში); 
  • ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველები, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში;  
  • ადამიანები 55-74 წლის ასაკში. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" შესაძლებელია ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება. ფილტვის კიბოს სკრინინგით დაავადების ადრეულ სტადიაზე (სიმპტომების გამოვლინებამდე) დადგენა შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია, რაც პოტენციურად განმკურნავია. 

ფილტვის კიბოს სკრინინგში ერთადერთი რეკომენდებული გამოკვლევა დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიაა. აღნიშნული კვლევის დროს პაციენტი წევს მაგიდაზე და მოწყობილობა იყენებს გამოსხივების დაბალ დოზას ფილტვების გამოსახულების მისაღებად.

ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

 

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში "კონსილიუმ მედულა"

 

დიაგნოსტიკა

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკური კვლევებია:

  • რადიოლოგიური გამოკლვევები: ამ კვლევის დროს ხდება პაციენტის ფილტვებისა და შუასაყრის ორგანოების დეტალიზებული გამოსახულების მიღება. ასეთია:
    • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) 
    • Მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
    • Პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით (PET-CT)
    • გულმკერდის რენტგენოგრაფია

სადიაგნოსტიკო პროცედურებში, ასევე, შედის:

  • ბიოფსია - პროცედურა გულისხმობს ექიმის მიერ ნემსით ფილტვიდან სიმსივნური ქსოვილის მცირე ნაწილის აღებას;
  • ბრონქოსკოპია - ამ დროს წვრილი, კამერიანი მილით პირის ღრუდან ხდება სასუნთქი გზების დათვალიერება და, საჭიროებისამებრ,  ბიოფსიაც;
  • მედიასტონოსკოპია - განაკვეთი კეთდება კისრის ქვედა ნაწილში, ჭრილობიდან სპეციალური ენდოსკოპიური მოწყობილობით ხდება შუასყრის მიდამოს დათვალიერება და ბიოფსიური მასალის აღება;
  • ნახველის ციტოლოგიური შესწავლა;  
  • ბიოფსიური მასალის პათომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.                                                                                                                        

მკურნალობა

ფილტვის კიბოს მკურნალობის სახეებია:

  • ქირურგიული (როგორც კლასიკური, ასევე, ნაკლებინვაზიური ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით)
  • სხივური
  • წამლისმიერი (მოიცავს ქიმიო, იმუნო და ტარგეტული პრეპარატებით მკურნალობას)

Პრაქტიკაში ხშირად ხდება მათი კომბინაციის გამოყენება.

  • მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურები  ;
  • ინტერვენციული პულმონოლოგია;  
  • ინდივიდუალიზირებული ქიმიოთერაპია;  
  • ინოვაციური თერაპიები, როგორებიცაა იმუნოთერაპია და ეპიგენეტიკური მკურნალობა ; 
  • დამიზნებითი სხივური თერაპია.

ფილტვის კიბოს დიაგნოზისა და სტადიის დადგენის შემდეგ კლინიკური ონკოლოგის მიერ მოწვეული კონსილიუმი (ქირურგი, რადიოლოგი, მორფოლოგი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტიც) განიხილავს კონკრეტულ შემთხვევას და მულტიდისციპლინური მიდგომით დაიგეგმება მკურნალობა. 

ფილტვის კიბოს მკურნალობა განსხვავდება სიმსივნის ტიპისა და გავრცელების მიხედვით. ფილტვის არაწვრილუჯრედული ფორმის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ოპერაციულ ჩარევას, ქიმიო და იმუნურ თერაპიას, სხივურ თერაპიას ან ტარგეტულ მკურნალობას. ასევე, შესაძლებელია ამ მეთოდების კომბინაციაში გამოყენებაც.  რაც შეეხება ფილტვის წვრილუჯრედოვან ფორმას, მის სამკურნალოდ  უპირატესად გამოიყენება ქიმიო, იმუნო და სხივური მკურნალობა. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სიმსივნის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედიან: 

  • კლინიკური ონკოლოგები
  • პულმონოლოგები
  • მორფოლოგები
  • ქირურგები
  • რადიაციული ონკოლოგები
  • რადიოლოგები

მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი მუშაობა აუცილებელია მეტად ინდივიდუალიზირებული მკურნალობის შერჩევისათვის, ასევე, გვერდითი მოვლენების უკეთ მართვისა და მკურნალობის კომბინაციისათვის. მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, სიმსივნის გავრცელებასა და მის ტიპს.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა უარი თქვას მკურნალობაზე. მაგალითად, თუ ფიქრობს, რომ გვერდითი მოვლენები აჭარბებს მკურნალობის ეფექტურობას. ასეთ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამხმარე მედიკამენტები და სიმპტომური მკურნალობა. 

ჩვენი ექიმები