გინეკოლოგიური ონკოლოგიური ოპერაციების დროს ქირურგი ხშირად ძალიან ვიწრო და რთულ ანატომიურ სივრცეში მუშაობს, სადაც მდებარეობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუტურები, როგორიცაა მსხხვილი სისხლძარღვები, ნერვები. ამიტომ ოპერაციის უსაფრთხოდ და ზუსტად ჩატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ სტრუქტურების მკაფიოდ დანახვა . 2D ლაპაროსკოპიის დროს ქირურგი ბრტყელ გამოსახულებას ხედავს და სიღრმის აღქმა ძირითადად გამოცდილებასა და ინსტრუმენტების მოძრაობაზეა დამოკიდებული. 3D ლაპაროსკოპია კი სივრცის სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნის, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად მოახდინოს მნიშვნელოვანი ანატომიური სტუქტურების იდენტიფიცირება და მეტი სიფრთხილით იმუშაოს.
ამგვარად, ოპერაცია კვლავ მინიმალურად ინვაზიური მეთოდით ტარდება, თუმცა 3D ხედვა ქირურგს უფრო მკაფიო სივრცით ორიენტაციას აძლევს და ჩარევის სიზუსტეს ზრდის.
რატომ არის 3D ლაპაროსკოპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ონკოლოგიაში
ონკოლოგიური ოპერაციის დროს ქირურგმა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა შეასრულოს: სიმსივნური ქსოვილი სრულად, ონკოლოგიური პრინციპების დაცვით ამოკვეთოს და, ამავე დროს, მაქსიმალურად დაიცვას მის გვერდით მდებარე სისხლძარღვები, ნერვები და საშარდე გზები.
ეს სტრუქტურები ხშირად ერთმანეთთან ძალიან ახლოს, მცირე ანატომიურ სივრცეშია განლაგებული. ამიტომ სიღრმის ზუსტად აღქმა და ქსოვილებს შორის საზღვრების მკაფიოდ დანახვა ოპერაციის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
3D ლაპაროსკოპიული სისტემა ქირურგს სივრცის სამგანზომილებიან გამოსახულებას აწვდის. ეს ეხმარება მას უკეთ შეაფასოს მანძილი ანატომიურ სტრუქტურებს შორის, უფრო ზუსტად იპოვოს საჭირო ფენა და განსაკუთრებული სიფრთხილით იმუშაოს მსხვილი სისხლძარღვების, ნერვების სიახლოვეს მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.
ლიმფური კვანძების ამოკვეთა — ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი
გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების დროს ხშირად საჭიროა ლიმფური კვანძების ამოკვეთა, როგორც მენჯის ასევე აორტო-კავალური სივრციდან.
ლიმფური კვანძების გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ სიმსივნის სტადია და სწორად დავგეგმოთ ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, იქნება ეს მედიკამენტოზური თუ სხივური თერაპია.
ამ კვანძების უმრავლესობა სმხვილი არტერიებისა და ვენების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, რომელთა დაზიანება სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს იწვევს,ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების ზედმიწევნით კარგი ვიზუალიზაცია.
3D ხედვა ქირურგს ეხმარება:
- უფრო ზუსტად გაარჩიოს ანატომიური სტრუქტურები( სისხლძარღვები, ნერვები, ლიმფური სადინრები)
- სწრაფად იპოვოს სწორი ანატომიური ფენა;
- უკეთ შეაფასოს ინსტრუმენტსა და სისხლძარღვებს შორის მანძილი;
- შეამციროს არაზუსტი მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული სისხლდენის ან ნერვის დაზიანების რისკი.
ნერვების შენარჩუნება და ფუნქციური შედეგები
გინეკოლოგიური ონკოლოგიური ოპერაციების დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმსივნის სრულად ამოკვეთა, არამედ იმ ნერვების დაცვაც, რომლებიც შარდის ბუშტის, ნაწლავისა და სქესობრივი ფუნქციის კონტროლში მონაწილეობენ.
ასეთ მიდგომას ნერვის შემნარჩუნებელი, ანუ nerve-sparing ტექნიკა ეწოდება. სიღრმის უკეთესი აღქმა ქირურგს საშუალებას აძლევს, ნერვების სიახლოვეს უფრო ზუსტად იმუშაოს და მათი დაზიანების რისკი მაქსიმალურად შეამციროს.
საშარდე გზების დაცვა
გინეკოლოგიურ ონკოლოგიურ ქირურგიაში ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრუქტურაა შარდსაწვეთი, რომელსაც შარდი თირკმლიდან შარდის ბუშტში გადააქვს.
შარდსაწვეთი საშვილოსნოსთან და მის სისხლძარღვებთან ძალიან ახლოს გადის. მისი დაზიანება შედარებით იშვიათი, თუმცა ცნობილი გართულებაა. ონკოლოგიური ოპერაციების დროს რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგან ამოსაკვეთი ქსოვილის მოცულობა ხშირად დიდია, ხოლო ანატომია შესაძლოა შეცვლილი იყოს სიმსივნის, შეხორცებების ან წინა ოპერაციების გამო.
3D ვიზუალიზაცია ქირურგს ეხმარება, ადრეულ ეტაპზე მკაფიოდ განსაზღვროს შარდსაწვეთის მდებარეობა და ოპერაციის განმავლობაში უსაფრთხოდ გამოყოს ირგვლივ მდებარე ქსოვილბიდან მისი დაზიანების თავიდან აცილების იზნით
რატომ არის გართულებების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ნებისმიერი ოპერაციული გართულება — სისხლდენა, ინფექცია, სისხლძარღვის, ნერვის ან საშარდე გზების დაზიანება — პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს ართულებს.
ონკოლოგიური პაციენტისთვის ამას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან გართულებამ შეიძლება შეაფერხოს შემდგომი მკურნალობის, მაგალითად, ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროულად დაწყება. შესაბამისად, ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარება მთლიანი სამკურნალო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლიმფური კვანძების ამოკვეთის შემდეგ ერთ-ერთი შესაძლო გართულებაა ლიმფოცისტა — ლიმფური სითხის დაგროვება, რომელიც დაზიანებული ლიმფური სადინარებიდან სითხის გაჟონვის შედეგად ვითარდება.
3D ტექნოლოგიის და თანამდევროვე ელექტროქირურგიის გამოყენება საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევამციროთ ლიმფოკისტების განვითარების შესაძლებლობა.
3D ტექნოლოგია — ქირურგის დამხმარე ინსტრუმენტი
3D ლაპაროსკოპია გინეკოლოგიურ ონკოლოგიაში მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე არ არის. ის ქირურგს ეხმარება რთულ ანატომიურ სივრცეში უფრო ზუსტად იმუშაოს, უკეთ დაიცვას სისხლძარღვები, ნერვები და საშარდე გზები და სრულფასოვნად და რადიკალურად შეასრულოს ოპერაცია.
ამასთან აღსანიშნავია რომ, ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს ქირურგის ცოდნასა და გამოცდილებას. მისი მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ გამოცდილ სპეციალისტს უფრო მკაფიო სივრცით ხედვას აძლევს და მინიმალურად ინვაზიური ქირურგიის უპირატესობების შენარჩუნებით ოპერაციის უსაფრთხო შესრულებაში ეხმარება.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.