წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია წარმოადგენს პროსტატის კიბოს დასადგენ ძირითად მეთოდს. ბიოფსია იგეგმება იმ პაციენტებთან, რომელთა რექტალური გასინჯვისას ისინჯება მკვრივი კვანძები. ასევე, თუ მომატებულია სისხლში პროსტატსპეციფიკური ანტიგენის დონე ან ვიზუალიზირდება სიმსივნური ტიპის უბნები ტრანსრექტალური ექოსკოპიით. ბიოფსია, ასევე, შესაძლოა დაიგეგმოს უროლოგის გადაწყვეტილებით, თუნდაც ერთი მაჩვენებლის ცვლილების შემთხვევაში.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
ბიოფსიის დღეს პაციენტს შეუძლია მიიღოს მსუბუქი საუზმე.
პროცედურის დაწყებამდე მას ჩაუტარდება გამწმენდი ოყნა და ანტიბაქტერიული თერაპია.
ბიოფსია ტარდება ტრანსრექტალურად (სწორი ნაწლავიდან), ვიზუალური კონტროლისათვის იდგმება ექოსკოპიური გადამწოდი. მასალის აღება პროსტატიდან ხდება ნემსით, რომელიც მოთავსებულია ავტომატურ პისტოლეტში. პროცედურის დაწყებამდე ხდება გაუტკივარება, სწორ ნაწლავში საანესთეზიო გელის შეყვანით. პაციენტის მოთხოვნით ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, შესაძლებელია პროცედურის ჩატარება ინტრავენური ანესთეზიით.
ბიოფსიის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს, პროცედურის შემდეგ 30 წუთში შესაძლებელია პაციენტის გაშვება ბინაზე შესაბამისი რეკომენდაციებით.
ბიოფსიის პასუხს (მორფოლოგიური დასკვნა) პაციენტი იღებს 7 სამუშაო დღეში.