მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მეშვეობით მიიღება ორგანოთა და ქსოვილთა დეტალური შრეობრივი გამოსახულება ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების გამოყენებით. კვლევისას რენტგენის სხივები არ გამოიყენება. MRI განსაკუთრებით ინფორმატიულია რბილი ქსოვილების — თავის ტვინის, ზურგის ტვინის, სახსრების, კუნთებისა და შინაგანი ორგანოების — შესაფასებლად.

რადიოლოგი დეტალურად ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ანატომიურ ცვლილებებს და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის შემდეგ წერს შესაბამის დასკვნას.

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია Siemens Healthineers-ის 2026 წლის 1.5 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით MAGNETOM Flow.Plus. აპარატი ჰელიუმისგან დამოუკიდებელი DryCool ტექნოლოგიით მუშაობს: მაგნიტი ჰერმეტულად დახურულია და ჰელიუმის შევსებას არ საჭიროებს. ეს აპარატის სტაბილურ, უწყვეტ მუშაობას უწყობს ხელს, იმავდროულად კი, ამცირებს ენერგიის მოხმარებას.

კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • თავის ტვინის, კისრის, ხერხემლის, სახსრების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ღრუს MRI კვლევა, როგორც უკონტრასტოდ, ასევე ინტრავენური კონტრასტირებით;
  • MR ანგიოგრაფია.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

როგორ მოვემზადოთ გამოკვლევისთვის

MRI გამოკვლევების უმეტესობისთვის პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. სასურველია:

  • მუცლის ღრუს კვლევისას ან კონტრასტის გამოყენების შემთხვევაში არ მიიღოთ საკვები კვლევის ჩატარებამდე 4–6 საათით ადრე;
  • კლინიკაში მოხვიდეთ სამკაულის გარეშე, რადგან კვლევის ოთახში ლითონის ნივთების შეტანა დაუშვებელია;
  • არ ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომელიც შეიცავს მეტალის ელემენტებს;
  • წინასწარ აცნობოთ პერსონალს, თუ გაქვთ კარდიოსტიმულატორი, იმპლანტი ან სხეულში ლითონის სხვა ობიექტი, ასევე თუ გაქვთ დახურული სივრცის შიში.

სპეციალურ მომზადებას საჭიროებენ მხოლოდ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ დაქვეითებული თირკმლის ფუნქციები და, იმავდროულად, კვლევის წარმოებისთვის ესაჭიროებათ ინტრავენური კონტრასტირება. ასეთ შემთხვევაში eGFR კალკულატორის საშუალებით მოწმდება თირკმლის ფუნქცია და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მომზადება ხდება კლინიკაში შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით.

როგორ ტარდება MRI გამოკვლევა

MRI გამოკვლევის დროს პაციენტი წვება მაგიდაზე, რომელიც გვირაბის მსგავს აპარატში შედის. აპარატი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების მეშვეობით ასკანირებს სხეულს, მიღებულ სიგნალებს კი ამუშავებს სპეციალური მძლავრი კომპიუტერი. კვლევის დროს აპარატი ხმამაღალ, რიტმულ ხმებს გამოსცემს, რაც ნორმალურია. ხმის შესამცირებლად პაციენტს ყურსასმენებს ან ყურის საცობებს აწვდიან. გამოსახულების სიზუსტისთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კვლევისას არ იმოძრაოს.

გამოკვლევის დაწყებამდე ჩვენი სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას დანიშნული კვლევის შესახებ: გაგაცნობენ ინფორმაციას გამოკვლევის მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ, კონტრასტის გამოყენების შემთხვევაში კი მოგაწვდიან ინფორმაციას მოსალოდნელი შესაძლო შეგრძნებებისა და გართულებების შესახებ.

MRI გამოკვლევა, კვლევის ტიპის მიხედვით, საშუალოდ 20–45 წთ გრძელდება. კონტრასტული ან რამდენიმე მიდამოს კვლევა შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
 

დასხივება MRI გამოკვლევის დროს

MRI გამოკვლევისას რენტგენის სხივები არ გამოიყენება, შესაბამისად, პაციენტი დასხივებას არ იღებს.

ვისთვის არ არის რეკომენდებული MRI გამოკვლევა

MRI გამოკვლევა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ:

  • MRI-თან შეუთავსებელი კარდიოსტიმულატორი ან დეფიბრილატორი;
  • ზოგიერთი ტიპის ლითონის იმპლანტი, ანევრიზმის კლიპი ან კოხლეარული იმპლანტი;
  • ლითონის ნამსხვრევები სხეულში, განსაკუთრებით თვალში.

იმპლანტის არსებობა ყოველთვის არ არის კვლევის დაბრკოლება, რადგან თანამედროვე იმპლანტების დიდი ნაწილი MRI-თან თავსებადია. გადაწყვეტილებას ექიმი იმპლანტის ტიპის შეფასების შემდეგ იღებს.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში MRI გამოკვლევა არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კვლევის სარგებელი აშკარად აჭარბებს შესაძლო რისკს. ორსულობის დროს კონტრასტის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები.

დახურული სივრცის შიშის მქონე პაციენტებმა ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობონ ექიმს.