ელექტრონეირომიოგრაფია პერიფერიული ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციური კვლევაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნერვების, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის (ნეიროგრაფია) და კუნთების (მიოგრაფია) ნეიროფიზიოლოგიური შესწავლა.
კვლევის მიზანია კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული ბოჭკოების ბიოელექტრული აქტივობის რეგისტრაცია და ანალიზი, რის საფუძველზეც ფასდება ნერვისა და კუნთის მდგომარეობა, შესაძლო დაზიანების ხასიათი და ხარისხი.
ნეიროგრაფიით შეისწავლება პერიფერიული ნერვის მოტორული და სენსორული ბოჭკოების გამტარებლობა. პერიფერიული ნერვის გამოკვლევა ხდება ელექტრული სტიმულაციით პერიფერიული ნერვის სტანდარტულ სასტიმულაციო წერტილებში. ელექტრონეირომიოგრაფია კვლევის შეუცვლელი მეთოდია ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორებიცაა: ნეიროპათია (გვირაბული, კომპრესიული, ტრავმული, ტოქსინებით გამოწვეული, ინფექციური და სხვ.), მიასთენია გრავისი, მიოზიტი, მიოპათია, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ელექტრონეირომიოგრაფიით შესაძლებელია დაზიანებული ნერვების აღდგენის პროგნოზირება.
კვლევა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, ის სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის. კვლევის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩასატარებელი გამოკვლევის ტიპზე და საშუალოდ შეადგენს 1-1.5 საათს.
თითოეული ნერვი განსაზღვრულ უბანს აინერვირებს და კონკრეტულ ფუნქციას უზრუნველყოფს. ნებისმიერი ნერვის დაზიანება იწვევს მის საინერვაციო არეში მგრძნობელობის ან მოტორული ფუნქციის ცვლილებებს. მაგალითად, თუ პაციენტს უჭირს ან საერთოდ ვერ ახერხებს პირველი და მეორე თითების მოხრას ან პირველ, მეორე და მესამე თითებს შორის მგრძნობელობა შეცვლილია, ეს შუათანა ნერვის დაზიანების ნიშანია.
მნიშვნელოვანია პერიფერიული ნერვების დაზიანების დროული დიაგნოსტიკა, ვინაიდან პაციენტებში ხშირია უნებლიე ტრავმები მგრძნობელობის უქონლობის გამო, ასევე, ტროფიკული წყლულები: როდესაც ქსოვილების ინერვაცია მოშლილია, ირღვევა სისხლძარღვების ინერვაციაც, რასაც საბოლოოდ ნეიროგენული ტროფიკული წყლულების ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
ელექტრომიოგრაფია ჩონჩხის კუნთების ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაციაა, რომელიც ტარდება სპეციალური ნემსების გამოყენებით. გამოსაკვლევად ერთჯერადი ნემსისებური ელექტროდი შეჰყავთ კუნთში, ამ დროს მისი მოდუნებისა და დაჭიმვის შედეგად წარმოქმნილი ბიოელექტრული პოტენციალი აისახება ეკრანზე, ხდება სიგნალის დამუშავება და შეფასება.
გამოკვლევის დაწყებამდე
ელექტროდიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ხდება ანამნეზის შეკრება, რათა განისაზღვროს, თუ რა ტიპის კვლევა ჩაუტარდეს პაციენტს. ანამნეზი და ფიზიკალური გასინჯვა არ მოიცავს პაციენტის სრულყოფილ კონსულტაციას, თუმცა კვლევის დაწყებამდე აუცილებელია შემდეგი საკითხების გარკვევა:
- რა სიმპტომები აქვს პაციენტს;
- სიმპტომების ხანგრძლივობა;
- ანამნეზში ქრონიკული დაავადებების არსებობა (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვ.);
- გამოხატულია თუ არა კუნთების ატროფია;
- როგორია კუნთების ტონუსი (ნორმალური, მომატებული, დაქვეითებული);
- ვლინდება თუ არა სისუსტე, როგორია სისუსტის ხარისხი;
- როგორია მყეს-ძვალთა რეფლექსები;
- დარღვეულია თუ არა მგრძნობელობა, თუ დარღვეულია, რომელ დერმატომს შეესაბამება დაზიანება.
ელექტრონეირომიოგრაფიის ჩატარების უკუჩვენებები:
- ეპილეფსია;
- კარდიოსტიმულატორის არსებობა;
- ფსიქიკური დაავადებები;
- ორსულობა (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში);
- მიოგრაფია სიფრთხილით ტარდება იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტს.