თავის ტკივილი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად პირველადი და მეორადი თავის ტკივილის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს.
პირველადი თავის ტკივილები
პირველადია თავის ტკივილი, რომელიც დამოუკიდებელი მიზეზით ვითარდება და სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული. პირველადი თავის ტკივილების ჯგუფს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი, შაკიკი, კლასტერული ტიპის თავის ტკივილი.
მეორადი თავის ტკივილები
მეორადი თავის ტკივილი სხვა დაავადების გამოვლინებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს სიცხემ, ინფექციამ, მედიკამენტის ზედოზირებამ, სტრესმა, ემოციურმა კონფლიქტმა, მაღალმა არტერიულმა წნევამ, ფსიქიატრიულმა დარღვევებმა, ტრავმამ, ინსულტმა, სიმსივნემ.
სიხშირე
თავის ტკივილის შეტევების სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგიერთს თვეში თავის ტკივილიანი 15 დღე აქვს. ზოგიერთ თავის ტკივილს განმეორებადობა, ან კვირაობით და თვეობით გახანგრძლივება ახასიათებს. ტკივილის ინტენსივობა ცვალებადია. თავის ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, სინათლის და ხმაურის აუტანლობა.
მექანიზმი
თავის ტკივილს ნერვული დაბოლოებების - ე.წ. რეცეპტორების გაღიზიანება იწვევს, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას შიგნით და გარეთ: მსხვილი სისხლძარღვების კედლებში, ვენურ სინუსებში, ტვინის მაგარ გარსში, ძვლისსაზრდელაზე, კუნთებსა და მყესებში, კანქვეშა ქსოვილში, თვალში, ცხვირის დანამატ ღრუებსა და ლორწოვანში. თავის ქალადან გამოდიან მგრძნობიარე ნერვები (მაგ. სამწვერა), რომელთა გაღიზიანება, ასევე, იწვევს ძლიერ ტკივილს.
გაღიზიანების შემდეგ ეს რეცეპტორები ნერვული ბოჭკოების გავლით აგზავნიან სიგნალს თავის ტვინში, სადაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება და აღქმა ტკივილის სახით.
განსაკუთრებით საყურადღებოა:
- ტკივილის ხასიათის ცვლილება, როდესაც თავის ტკივილი განსხვავდება ადრე არსებული ტკივილებისგან;
- ტკივილის დროში გახანგრძლივება;
- თავის უეცარი, მწვავე ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდობა (დაჭიმულობა, როდესაც თავის დახრა მტკივნეული და შეუძლებელია);
- თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება;
- თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების არევა, სისუსტე ან/და მხედველობის გაორება;
- თავის ტრავმის შემდეგ აღმოცენებული ტკივილი;
- თავის ტკივილი და სხეულის რომელიმე ნაწილში სისუსტე ან მგრძნობელობის დაქვეითება-ეს შესაძლოა ინსულტზე მიანიშნებდეს;
- კრუნჩხვებთან დაკავშირებული თავის ტკივილი;
- მუდმივი ტკივილის აღმოცენება, როცა მანამდე ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდა, განსაკუთრებით 50+ ასაკის ადამიანებში;
- თავის ტკივილის აღმოცენება შიდსის ან სიმსივნის ისტორიის მქონე პაციენტებში.
ამ სიმპტომების დროს ექიმთან დროული ვიზიტი აუცილებელია.
როგორ ისმება დიაგნოზი
ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმს ეხმარება თავის ტკივილის „დღიური“. პაციენტმა დღიურში უნდა ჩაინიშნოს თავის ტკივილის დაწყების თარიღი და დრო, აღწეროს მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა, ასევე, ჰქონდა თუ არა მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის, სუნების მიმართ, უძღოდა თუ არა ფიზიკური აქტივობა ტკივილს, მიიღო თუ არა მედიკამენტი და რომელი, მედიკამენტის ეფექტურობა და სხვა მახასიათებლები.
ნევროლოგიაში მიღებულია ტკივილის თვითშეფასების კითხვარები. ყველაზე გავრცელებული და მარტივი თვითშეფასების ათბალიანი შკალაა, სადაც "0" ტკივილის არქონას, ხოლო "10" წარმოუდგენლად ძლიერ ტკივილს აღნიშნავს.
შეფასებისთვის, ასევე, გამოიყენება სხვადასხვა ნეიროფსიქოლოგიური კითხვარები (მაგ. ბეკის დეპრესიის შკალა, GAD-7 და სხვა).
ზოგადი და ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა გამოკვლევებიც: სისხლისა და შარდის ანალიზები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში, თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრამა და სხვა.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დანერგილია თავის ტკივილის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.