ბრონქოსკოპია

ბრონქოსკოპია ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერება, ბრონქებისა და ფილტვების სანაცია, ბრონქიდან და ფილტვიდან ბიოფსიური მასალის აღება, უცხო სხეულის ამოღება სასუნთქი გზებიდან.

ენდოსკოპია ნაკლებად ინვაზიური ინსტრუმენტალური კვლევაა, რომლის დროსაც ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევა ოპტიკური ხელსაწყოებით ხდება. პროცედურის დროს ექიმი სპეციალური აპარატის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებს. საჭიროების შემთხვევაში აკეთებს ორგანოს კედლის მცირე ზომის მასალის აღებას (ბიოფსიას) შემდგომი ციტოლოგიური ან/და პათომორფოლოგიური კვლევისთვის.

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია Olympus-ის ფირმის ვიდეო ენდოსკოპიური თანამედროვე სისტემით. პროცედურასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირების მიზნით ენდოსკოპიური კვლევები ტარდება გაუტკივარებით და სედაციის (ზედაპირული ძილის) პირობებში.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის
 

ბრონქოსკოპიის კვლევის წინა დღის შუაღამიდან უნდა შეწყვიტოთ საკვებისა და სასმელის მიღება. თუ თქვენ რეგულარულად იღებთ რაიმე პრეპარატს, კითხეთ ექიმს, შეიძლება თუ არა მისი მიღება კვლევამდე. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ დამატებითი ინსტრუქციები კვლევისთვის მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ ტარდება ბრონქოსკოპია?
 

კვლევის დაწყებამდე თქვენ მოგიწევთ კბილების პროთეზის, ლინზების, სათვალის, სმენის აპარატის მოხსნა. კვლევის დღეს სასურველია ჩაიცვათ მოხერხებული ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

კვლევის დაწყებამდე ხდება ადგილობრივი ანალგეზია (გაუტკივარება) ლიდოკაინის შესხურებით ყელში.

გაუტკივარების შემდეგ ექიმს შეჰყავს რბილი და მოქნილი მილი პირის ღრუში და ატარებს კვლევას. მილის ბოლოში განთავსებულია მცირე ზომის ნათურა და კამერა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება გამოკვლევა.

ბრონქოკოპიის პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება. თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, თქვენ ერთ საათამდე დროით დარჩებით კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

პროცედურის დასრულების შემდეგ შესაძლოა გქონდეთ უმნიშვნელო ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა ან ხველა. თბილი წყლის ყლუპებად დალევა ან გამოვლება დაგეხმარებათ ამ დისკომფორტის მოხსნაში.

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ ბრონქოსკოპიის შემდეგ დაგიფიქსირდებათ შემდეგი მოვლენები:

  • სიცხე 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში
  • სუნთქვის გაძნელება
  • მზარდი ტკივილი მკერდის არეში
  • სისხლიანი ნახველი