ქიმიოთერაპია

კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქიმიოთერაპიული დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპია ქიმიოთერაპიის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, პრაქტიკული გამოყენება, პაციენტსა და მის დაავადებაზე ორიენტირებული მიდგომა, რაც მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ემსახურება. ეს პრინციპი განაპირობებს კლინიკის წარმატებებსა და მოწინავეობას მედიცინის ამ დარგში.

"კონსილიუმ მედულაში" პაციენტის გამოკვლევები და მკურნალობა იგეგმება სამედიცინო ონკოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESMO) და აშშ-ის ეროვნული ონკოლოგიის ქსელის (NCCN) რეკომენდაციებისა და გზამკვლევების მიხედვით. ეს რეკომენდაციები მოიცავს ქიმიოთერაპიის მკურნალობის სიახლეებს, რასაც კლინიკის გამოცდილი კლინიკური ონკოლოგები წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში.

კლინიკაში დანერგილია Პაციენტის მართვის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობას გულისხმობს და პასუხობს სამედიცინო ონკოლოგიის მოდელის პრინციპებს. 

ქიმიოთერაპიის პროცედურა პაციენტებს უტარდებათ კლინიკის დღის სტაციონარში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. დღის სტაციონარში ქიმიოთერაპიის პროცედურებსა და პაციენტებზე ზრუნვას ახორციელებს სპეციალურად ონკოლოგიური საექთნო საქმის მიმართულებით მომზადებული მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი.

რა არის ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია კიბოს მკურნალობის წამლისმიერი მეთოდია, რომლის დროსაც კიბოს უჯრედების გასანადგურებლად სხვადასხვა პრეპარატი გამოიყენება.

იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ქიმიოთერაპია, უნდა ვიცოდეთ რა არის კიბოს უჯრედი. ადამიანის სხეულის უჯრედები იზრდება და იყოფა კონტროლირებადი გზით. თითოეულ უჯრედს თავისი ფუნქცია აქვს, ის ასრულებს თავის მოვალეობას  და  კუთვნილი სიცოცხლის ხანგრძლივობის გასვლის შემდეგ კვდება. ადამიანის სხეული მუდმივად თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან. 

ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით, უკვე კიბოდ გადაგვარებული უჯრედები: 

  • სწრაფად და უკონტროლოდ იზრდებიან და მრავლდებიან;
  • არიან „უხილავი“ იმუნური სისტემისთვის, ამიტომ იმუნურ სისტემას არ შეუძლია მათი განადგურება;
  • ახერხებენ გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, რაც ზრდის  სიმსივნეს მოცულობაში;
  • ჩნდება ახალი სისხლმომარაგება.
როგორ მუშაობს ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია აჩერებს ან ანელებს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას. თუმცა, მან შესაძლოა დააზიანოს ის ნორმალური უჯრედებიც, რომლებიც, ასევე, სწრაფად მრავლდებიან და იზრდებიან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს  პირის ღრუსა და ნაწლავის ლორწოვანი შრის ან თმის ფოლიკულის უჯრედები. ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გამო ვითარდება გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე.

რისთვის გამოიყენება ქიმიოთერაპია

კიბოს სახეობისა  და მისი ადგილობრივი ან შორეული გავრცელების შესაბამისად, ქიმიოთერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას:

  • კიბოს განკურნებისათვის - როდესაც ქიმიოთერაპია ანადგურებს კიბოს უჯრედებს და ის აღარ ვითარდება;
  • კიბოს კონტროლისათვის - როდესაც ქიმიოთერაპია ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას, ანელებს ზრდას ან კლავს მეტასტაზებს (კიბოს უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმის სხვა ნაწილებშია გავრცელებული);
  • კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად (პალიატიური ზრუნვა) - როდესაც ქიმიოთერაპია ამცირებს სიმსივნეს, რომელიც ტკივილს ან ზეწოლას იწვევდა.
როგორ გამოიყენება ქიმიოთერაპია?

ხშირად ქიმიოთერაპია გამოიყენება, როგორც კიბოს მკურნალობის ერთადერთი საშუალება. თუმცა, უფრო ხშირად ქიმიოთერაპია გამოიყენება კომბინაციაში ქირურგიულ, სხივურ, ტარგეტულ ან იმუნოთერაპიასთან ერთად. 

ქიმიოთერაპიას შეუძლია:

  • შეამციროს სიმსივნე ოპერაციამდე ან სხივური თერაპიის დაწყებამდე. ეს ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიაა;
  • გაანადგუროს კიბოს უჯრედები, რომლებიც შესაძლოა დარჩენ ორგანიზმში ოპერაციის ან სხივური თერაპიის შემდგომ. ეს ადიუვანტური ქიმიოთერაპიაა;
  • დაეხმაროს სხივურ თერაპიას ან იმუნოთერაპიას, რათა მათ უკეთ იმუშაონ;
  • გაანადგუროს კიბოს უჯრედები, რომლებიც ხელახლა გაჩნდა (რეციდივი), ან გავრცელდა ორგანიზმის სხვა ნაწილებში (მეტასტაზი).
როგორ ხდება პრეპარატის შერჩევა ქიმიოთერაპიისთვის

კონკრეტული მედიკამენტის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • კიბოს სახეობაზე: ზოგი მედიკამენტი გამოიყენება კიბოს სხვადასხვა, ზოგი კი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სახეობისთვის;
  • ჩაუტარებია თუ არა პაციენტს ქიმიოთერაპია ადრე;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა თანმხლებ დაავადებაზე, როგორიცაა, დიაბეტი, გულის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები.
როგორ ხდება ქიმიოპრეპარატის მიწოდება ორგანიზმში
  • ინიექცია: პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ;
  • ინტრაარტერიული (IA): პრეპარატის შეყვანა ხდება იმ არტერიაში, რომელიც კიბოს კვებავს;
  • ინტრაპერიტონეალური (IP): პრეპარატის შეყვანა ხდება პერიტონეუმის ღრუში. პერიტონეუმის ღრუს ორგანოებია: კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი, ელენთა.
  • ინტრავენური (IV): პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში;
  • ადგილობრივი გამოყენების (Topical): მედიკამენტს აქვს კრემის ფორმა, რომელიც უნდა იქნას დატანილი კანზე;
  • ორალური: ტაბლეტი, კაფსულა ან სითხე, რომლის მიღება ხდება პირის ღრუდან.
რამდენად ხშირად ტარდება ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიით მკურნალობის რეჟიმი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • რა სახეობის კიბოა და რამდენად გავრცელებულია ის;
  • რა არის მკურნალობის მიზანი;
  • როგორია ქიმიოთერაპიის სქემა;
  • როგორი იქნება პაციენტის ორგანიზმის რეაქცია, რომელიც ქიმიოთერაპიას მოჰყვება.

როგორც წესი, ქიმიოთერაპია ციკლებად ტარდება. ციკლი არის ქიმიოთერაპიით მკურნალობის პერიოდი, რომელსაც დასვენების პერიოდი მოსდევს. მაგალითად, თუ ქიმიოთერაპიით მკურნალობა ერთი კვირა გაგრძელდა, რასაც მოჰყვა სამკვირიანი დასვენება, ეს ოთხი კვირა შეადგენს ერთ ციკლს. დასვენების პერიოდში ორგანიზმი უზრუნველყოფს ახალი, ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნას.

ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები და როგორ გავუმკლავდეთ მათ

ქიმიოთერაპიას, როგორც წესი, თან ახლავს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, თმის ცვენა, პირის ღრუს წყლულები, ტკივილი და სხვა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქიმიოთერაპია კიბოს უჯრედებთან ერთად, ჯანმრთელ  უჯრედებსაც აზიანებს. 

გვერდითი მოვლენები ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება ქიმიოთერაპიის დამთავრებისთანავე. თუმცა, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს, რომლის გაქრობას რამდენიმე თვე ან წელი  დასჭირდეს, ზოგიერთი კი, შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი თქვენს შემთხვევაში, თქვენი კლინიკური ონკოლოგი მოგაწვდით.

ქიმიოთერაპიის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებისა და მათი შემსუბუქების გზების შესახებ შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ჩვენ მიერ მომზადებულ ქიმიოთერაპიის გზამკვლევში.