„კონსილიუმ მედულას“ ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, გიორგი მიკუჩაძემ და იოსებ მურმანიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს მხრისა და მუხლის ართროსკოპიის საერთაშორისო პრაქტიკულ მასტერკლასში, რომელიც ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედაში ჩატარდა.
მასტერკლასს ხელმძღვანელობდა დოქტორი მარკას ფიოდოროვასი (Markas Fiodorovas) — ლიეტუვის ართროსკოპიისა და სპორტული ტრავმის ასოციაციის პრეზიდენტი და ბალტიის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ართროსკოპისტი.
მასტერკლასი პრაქტიკულ ფორმატში ჩატარდა. მონაწილეები ყოველდღიურად უშუალოდ ერთვებოდნენ რთული კლინიკური შემთხვევების მართვაში და ჯამში ათზე მეტ ართროსკოპიულ ოპერაციაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული იყო მხრისა და მუხლის ართროსკოპიული პათოლოგიების თანამედროვე ქირურგიული მართვა. მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ოპერაციულ ტექნიკებს, ახალ იმპლანტებს, ქირურგიულ ნიუანსებსა და იმ პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც დღეს წამყვან ევროპულ ცენტრებში გამოიყენება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოპერაციის დაგეგმვას, ქირურგიული ტექნიკის დახვეწას, რთულ კლინიკურ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღებასა და პოსტოპერაციულ მართვას. მასტერკლასის ფარგლებში ექიმებმა მენტორის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული რეკომენდაციებიც გაიზიარეს.
მასტერკლასზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება „კონსილიუმ მედულას“ ორთოპედ-ტრავმატოლოგებს შესაძლებლობას მისცემს, პაციენტებს შესთავაზონ კიდევ უფრო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ართროსკოპიული მკურნალობა.