ნაწოლების პრევენცია

რა არის ნაწოლი?

ნაწოლი არის კანის ის უბანი, რომელიც ზიანდება მუდმივი ზეწოლით ან წოლით გამოწვეული დაზიანებით.

ნაწოლი სხვადასხვა სიმძიმისაა: მსუბუქი ნაწოლი გამოხატულია კანზე სიწითლით ან მტკივნეული ადგილით კუდუსუნის ძვალზე, ქუსლებზე, იდაყვებზე, თეძოებზე ან დუნდულოებზე; თუმცა, შესაძლოა, განვითარდეს კანქვეშა ქსოვილების უფრო ღრმა დაზიანებაც.

ვის შეიძლება განუვითარდეს ნაწოლი?

ყველა ადამიანი არის ნაწოლების განვითარების რისკის ქვეშ, თუ ის:

  • დიდხანს არის მიჯაჭვული საწოლს ან სკამს და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება;
  • უტარდება ხანგრძლივი ოპერაცია;
  • დაკარგული ან დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა ტკივილის მიმართ,ინსულტის ან ნერვის დაზიანების გამო;
  • აქვს ტენიანი კანი შარდის ან განავლის შეუკავებლობის გამო;
  • არის დაავადებული დიაბეტით და დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა.

მიზეზები

  • ნაწოლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია კანის უბანზე ხანგრძლივი ზეწოლა.
  • ხანგრძლივად მწოლიარე მდგომარეობაში სხეულის წონამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის და სხვა ქსოვილების, უპირატესად ძვლოვანი უბნების, როგორიცაა: ქუსლები, თეძოები და იდაყვები, კომპრესია, სისხლის მიწოდების დარღვევა ამ ადგილებში და ქსოვილის დაზიანება.
  • ხახუნის ძალამ, სხეულის სრიალმა საწოლზე ან სკამზე, შეიძლება დააზიანოს კანის საფარველი ან წარმოქმნას კანის ნაოჭი, რაც ზრდის ნაწოლის განვითარების რისკს.
  • ნაწოლების განვითარების მიზეზია არასრულფასოვანი კვება და ნაწოლების ისტორია.
  • თუ სადრენაჟე მილები, თეთრეულის ნაკეცი მოქცეულია სხეულის რომელიმე ნაწილის ქვეშ, ამან შეიძლება განავითაროს ნაწოლი.

სად ვითარდება ნაწოლები?

ნაწოლები, ძირითადად, ვითარდება ძვლოვან უბნებზე, როგორიცაა ქუსლები, კუდუსუნი, თეძოები, ფეხის თითები, ყურები და იდაყვები.

პრევენცია

  • ზეწოლის შესამსუბუქებლად საუკეთესო გზაა აქტივობის შენარჩუნება და წოლის ან სკამზე ჯდომის დროს პოზიციის შეცვლა ყოველ 20 წუთში ერთხელ.
  • სთხოვეთ დახმარება მედდას, რათა რეგულარულად შეიცვალოთ პოზა.
  • მნიშვნელოვანია კანის და ზეწრების სიმშრალის შენარჩუნება. შარდის ან განავლის შეუკავებლობის შემთხვევაში, კანის დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს რეკომენდებული საფენები და კრემები.
  • კანი უნდა დაიბანოთ დამარბილებელი ეფექტის მქონე საპნით და, სიმშრალის შემთხვევაში, დაიტენიანოთ. არ ჩაიტაროთ სხეულის ძვლოვანი ნაწილების მასაჟი.
  • ზეწოლის და ხახუნის შესამცირებლად რეკომენდებულია სპეციალური აღჭურვილობა, როგორიცაა ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბები, ბალიშები და სხვ.

რა შემიძლია გავაკეთო?

თქვენ და თქვენმა მომვლელმა კანი უნდა შეამოწმოთ ყოველდღიურად, არის თუ არა მტკივნეული უბნები ან სიწითლე, გამოწვეული საწოლში წოლით ან სავარძელში ჯდომით.


აცნობეთ პერსონალს, თუ გაქვთ ტკივილის შეგრძნება ძვლოვან უბნებზე, სიწითლე, ბუშტუკები ან კანის დარღვეული სტრუქტურა.

მნიშვნელოვანია, იკვებოთ ბალანსირებულად, რათა შეამციროთ ნაწოლების განვითარების რისკი.

ჩვენ მოგაწვდით რჩევებს სწორი კვების რაციონის შესახებ.

გთხოვთ, პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდეთ საექთნო პერსონალს.