კიბოს სამკურნალო ტრადიციული ქიმიოპრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და არც ისე სახარბიელო შედეგების გამო, იმუნოონკოლოგიაში დაწყებულია და გრძელდება ისეთი მედიკამენტების ძიება, რომლებიც გაცილებით ეფექტური იქნება მკურნალობის თვალსაზრისით და ნაკლებსაზიანო გვერდითი მოვლენების მხრივ. სწორედ ასეთია ტარგეტული პრეპარატები, რომელთა პრაქტიკული გამოყენება მსოფლიოში სულ 30 წელს ითვლის.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" 2004 წლიდან დღემდე მიმდინარე კლინიკურმა კვლევებმა ტარგეტული პრეპარატების გამოყენებით განაპირობა კლინიკის მზადყოფნა ტარგეტული თერაპიის ჩასატარებლად, რასაც წარმატებით უძღვებიან გამოცდილი კლინიკური ონკოლოგები.
"კონსილიუმ მედულაში" პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის მართვა იგეგმება სამედიცინო ონკოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESMO) და აშშ-ის ეროვნული ონკოლოგიის ქსელის (NCCN) რეკომენდაციებისა და გზამკვლევების მიხედვით, რაც ხშირად მოიცავს ტარგეტული მკურნალობისადმი პერსონალიზირებულ მიდგომას. კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დამკვიდრებულია Პაციენტის მართვის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობას გულისხმობს და პასუხობს სამედიცინო ონკოლოგიის მოდელის პრინციპებს.
ტარგეტული თერაპიის პროცედურა პაციენტებს უტარდებათ კლინიკის დღის სტაციონარში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. დღის სტაციონარში პროცედურებსა და პაციენტებზე ზრუნვას ახორციელებს სპეციალურად ონკოლოგიური საექთნო საქმის მიმართულებით მომზადებული მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი.
ტარგეტული თერაპია ონკოლოგიაში არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც გამოყენებული სამკურნალო საშუალებები ამოიცნობს და ზემოქმედებას ახდენს იმ სპეციფიკურ მოლეკულებზე, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს უჯრედის ზრდასა და გავრცელებაში. ამგვარი მოლეკულები წარმოიქმნება კიბოს უჯრედის ზედაპირზე (უფრო მცირე რაოდენობით, ნორმალურ უჯრედებზეც) და უჯრედის შიგნითაც.
დღეისათვის ცნობილია ტარგეტული პრეპარატების ორი ჯგუფი: მონოკლონური ანტისხეულები (სახელწოდების დაბოლოებით „-მაბი’’) და დაბალმოლეკულური ნაერთები (დაბოლოებით „-იბი“).
მონოკლონური ანტისხეულები მოქმედებს კიბოს უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებზე ან უჯრედგარე არსებულ ზრდის ფაქტორებზე. დაბალმოლეკულურ ნაერთებს უნარი აქვს, შეაღწიოს უჯრედში და იქ მოახდინოს მოლეკულისშიდა მექანიზმების ბლოკირება. ტარგეტული თერაპიის ზოგი პრეპარატი ისე „მონიშნავს“ სიმსივნურ უჯრედს, რომ ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ ამოიცნოს და გაანადგუროს იგი. ზოგი პრეპარატი კი თვით იმუნური სისტემის გაძლიერებაზე მუშაობს, ასე ებრძვის და ამარცხებს კიბოს უჯრედს. ტარგეტული თერაპიის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიისათვის (მკურნალობა ერთი ჯგუფის მედიკამენტით), ასევე, მკურნალობის სხვა მეთოდებთან, ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და სხივური მკურნალობების კომბინაციაში.
იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ტარგეტული თერაპია, უნდა ვიცოდეთ, რა არის კიბოს უჯრედი. ადამიანის სხეულის უჯრედები იზრდება და იყოფა კონტროლირებადი გზით. თითოეულ უჯრედს თავისი ფუნქცია აქვს, ის ასრულებს თავის საქმეს და სიცოცხლის ბუნებრივი ხანგრძლივობის დასრულების შემდეგ კვდება. ადამიანის სხეული მუდმივად თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან.
კიბოს უჯრედი, ნორმალურისაგან განსხვავებით:
- სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება და მრავლდება;
- არის „უხილავი“ იმუნური სისტემისთვის, ამიტომ იმუნურ სისტემას არ შეუძლია მისი განადგურება;
- ახერხებს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, რაც წარმოქმნის სიმსივნეს;
- ქმნის ახალ სისხლძარღვებს, რომელიც კვებავს მას.
ტარგეტული თერაპია არ უტევს ყველა სწრაფად მზარდ უჯრედს. ტარგეტული თერაპია განასხვავებს კიბოს უჯრედებს, ამოიცნობს რა მათ ჯანმრთელი უჯრედებისაგან განსხვავებულ ქცევას.
ტარგეტულ თერაპიას შეუძლია:
- შეაჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა, გაყოფა და გამრავლება;
- შეამოკლოს კიბოს უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა;
- შეაჩეროს სიმსივნის სისხლმომარაგება;
- დაეხმაროს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების განადგურებაში;
- მიაწოდოს უჯრედებისთვის მომაკვდინებელი ნივთიერებები კიბოს უჯრედებს;
- გამოიწვიოს კიბოს უჯრედების შიმშილი, მათთვის საჭირო საკვები ნივთიერებების არმიწოდების გზით;
ტარგეტული თერაპია არ მუშაობს კიბოს ყველა სახეობაზე, კიბოს ზოგიერთი ტიპი მკურნალობის ამ მეთოდს არ ექვემდებარება. ამიტომ ტარგეტულ თერაპიას წინ უსწრებს სიმსივნის მოლეკულური გამოკვლევა. თქვენი კლინიკური ონკოლოგი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენადაა შესაძლებელი ტარგეტული თერაპიის გამოყენება თქვენს შემთხვევაში.
- ინიექცია: პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ;
- ინტრავენური (IV): პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში;
- ორალური: ტაბლეტი, კაფსულა ან სითხე, მიღება ხდება პირის ღრუდან;
კინაზას ინჰიბიტორები: ეს მცირე ზომის მოლეკულის შემცველი მედიკამენტებია, დაბალმოლეკულური ნაერთები, რომელიც იოლად აღწევს უჯრედში და იწვევს კიბოს უჯრედშიდა მექანიზმის ბლოკირებას მოლეკულურ დონეზე. ეს მედიკამენტები გამოდის ტაბლეტირებული ფორმით და მიიღება ორალურად.
მონოკლონური ანტისხეულები: ეს მედიკამენტები დიდი ზომის მოლეკულებისგან შედგება, ამიტომ მათი შეღწევა კიბოს უჯრედში ვერ ხერხდება. ამის ნაცვლად, ისინი ემაგრებიან კიბოს უჯრედის ზედაპირზე არსებულ სამიზნე მოლეკულებს, ხდებიან „ხილული“ ორგანიზმის იმუნური სისტემისთვის და იმუნური პასუხის შედეგად კიბოს უჯრედები ნადგურდება. ეს მედიკამენტები მიიღება კანქვეშა, კუნთშიდა ან ინტრავენური ინიექციის გზით. უკვე მიმდინარეობს მედიკამენტის კაფსულირებული ფორმის კლინიკური კვლევებიც.
ტარგეტული თერაპია ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელ უჯრედებს, ვიდრე ეს, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს ხდება. ამიტომ გვერდითი მოვლენებიც ნაკლებია. გვერდითი მოვლენები განსხვავებულია ტარგეტული თერაპიისთვის გამოყენებული მედიკამენტის მიხედვით; ასევე, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.
დეტალური ინფორმაცია ტარგეტული თერაპიის, მისი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებისა და მათი შემსუბუქების გზების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენ მიერ მომზადებულ ტარგეტული თერაპიის გზამკვლევში.