ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში მამოლოგმა ნინო გაბუნიამ საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, „კონსილიუმ მედულას“ მამოლოგმა, ზოგადმა ქირურგმა და ონკოქირურგმა, ნინო გაბუნიამ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა: 15 ოქტომბერს - BLOX-ში; 20 ოქტომბერს - Hilton Garden Inn-ში.

შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალების წახალისება, რომ შესაბამისი გამოკვლევები დროულად, სიმპტომების გამოვლენამდე ჩაიტარონ.

ნინო გაბუნიამ შეხვედრების მონაწილეებს გააცნო ძუძუს კიბოს გავრცელებული რისკ-ფაქტორები და სიმპტომები, ისაუბრა საკუთარი სხეულის მიმართ ყურადღების, რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვისა და სკრინინგში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები, როგორიცაა მამოლოგის კონსულტაცია, მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია.

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ „კონსილიუმ მედულას“ წლევანდელი გზავნილია:
„ერთი ნაბიჯით წინ — სიმპტომებზე ადრე.“

კლინიკა აგრძელებს საგანმანათლებლო შეხვედრებსა და საინფორმაციო აქტივობებს, რითაც ხელს უწყობს პრევენციის კულტურის გაძლიერებას და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.