სიმსუქნე თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მთავარი მაჩვენებელი კილოგრამებში იზომება, სინამდვილეში — ცხიმის რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი განაწილებაა.
რა არის „ცხიმის განაწილება”?
სხეულში ცხიმი ერთნაირად არ გროვდება. ზოგ ადამიანს ზედმეტი წონა ძირითადად მუცლის არეში უგროვდება, სხვებს — თეძოებსა და ბარძაყებზე. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ვიზუალური განსხვავებაა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს განაწილება განსაზღვრავს ჯანმრთელობის რისკების დიდ ნაწილს.
შეიძლება ორი ადამიანი ერთნაირი წონის იყოს, მაგრამ:
- ერთს ჰქონდეს მეტი მუცლის ცხიმი, რაც ნიშნავს, რომ მისი კარდიომეტაბოლური რისკი მაღალია, ეს კი ზრდის გულის დაავადების, დიაბეტის და ინსულტის რისკს.
- მეორეს ნაკლები მუცლის ცხიმი, რაც ნიშნავს, რომ მისი კარდიომეტაბოლური რისკი შედარებით დაბალია.
მუცლის ცხიმი — უხილავი რისკი
როდესაც ცხიმი ძირითადად მუცლის არეში გროვდება, ამას ცენტრალური ანუ აბდომინალურ სიმსუქნე ეწოდება. ამ ტიპის ცხიმი ხშირად „ვაშლის ფორმის“ სხეულთან ასოცირდება. მთავარი პრობლემა აღნაგობა არ არის — საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში დაგროვილი ცხიმი ე.წ. ვისცერული ცხიმია, რომელიც შინაგან ორგანოებს ფარავს.
ვისცერული ცხიმი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში და გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჰორმონულ ბალანსსა და ანთებით პროცესებზე, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
როგორ უნდა შეფასდეს თქვენი ინდივიდუალური რისკი?
დღეს კლინიკურ პრაქტიკაში უკვე შესაძლებელია სხეულის შემადგენლობის უფრო ზუსტად შეფასება, რისთვისაც რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ.
ყველაზე მარტივი პარამეტრი წელის გარშემოწერილობაა — ის ხშირად უფრო მეტს გვეუბნება ჯანმრთელობის რისკზე, ვიდრე მხოლოდ წონა. უფრო დეტალური და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება სხეულის კომპოზიციის რადიოლოგიური კვლევა — ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DEXA), რომელიც გვიჩვენებს ცხიმის რაოდენობას, მის განაწილებასა და კუნთოვან მასასთან შეფარდებას.
რატომ არის ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წონის კლების პროცესში?
წონის კლება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი „სწორი მიმართულებით“ იცვლება. ამ დროს, პირველ რიგში უნდა მცირდებოდეს ვისცერული (მუცლის) ცხიმი, რადგან სწორედ ის არის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი.
თუმცა ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით არასწორი დიეტის ან უკონტროლო შიმშილობის ფონზე, შეიძლება მოხდეს კუნთის მასის დაკარგვა. ეს უკვე არასასურველი პროცესია და შესაძლოა გამოიწვიოს სარკოპენია — მდგომარეობა, როდესაც კუნთის მასა და ძალა მცირდება. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სხეულის კომპოზიციის შეფასება, რათა წონის კლება იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხოც.
სხეულის შემადგენლობის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ:
- რეალურად იკლებს თუ არა ცხიმი (და განსაკუთრებით — ვისცერული ცხიმი)
- ხომ არ ხდება წონის კლება კუნთის ხარჯზე
ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ მულტიდისციპლინურ მიდგომას. რაც მოიცავს როგორც კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციას, ასევე სხეულის შემადგენლობის თანამედროვე კვლევის მეთოდს - მთლიანი სხეულის დენსიტომეტრიას (DEXA სკანირება). ეს კვლევა აქტიურად გამოიყენება როგორც საწყისი შეფასებისთვის, ასევე წონის კლების პროცესის მონიტორინგისთვის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
DEXA სკანირების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს:
- სხეულის ცხიმის საერთო და პროცენტული რაოდენობა
- კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობა
- კუნთოვანი მასის ბალანსის ანალიზი კიდურებს შორის
- ძვლის მინერალური შემცველობა
- სხეულის მასის ინდექსი
- ანდროიდული და გინოიდური ცხიმის განაწილება/ფარდობა
- ვისცერალური ცხიმის ანალიზი
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თითოეული პაციენტისთვის ვადგენთ მართვის ინდივიდუალურ გეგმას.
ჩვენი მიზანია, პაციენტმა მიიღოს არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ რეალურად შესრულებადი და შედეგზე ორიენტირებული გეგმა, რომელიც მოერგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.