როდის უნდა მივმართოთ პულმონოლოგს

ხშირად, ფილტვებისა და სასუნთქი გზების პრობლემებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. ხველა, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება უმეტესად სხვა მიზეზებს მიეწერება, მაშინ როდესაც ეს სიმპტომები შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის აუცილებელი დავგეგმოთ ვიზიტი პულმონოლოგთან. 

პულმონოლოგია დარგია, რომელიც სწავლობს სასუნთქი სისტემის დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს. ეს ნიშნავს, რომ ის უზრუნველყოფს  ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას და ფუნქციონირებას - სიცოცხლე სუნთქვის გარეშე შეუძლებელია. პულმონოლოგი ექიმია, რომელიც სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში სპეციალიზდება. მისი კომპეტენცია მოიცავს დაავადებათა საკმაოდ ფართო სპექტრს, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ინტერსტიციული დაავადებები, ფილვის ფიბროზი, ძილის აპნოე და სხვა. ფილტვების შემოწმება აუცილებელია დაავადების პირველივე სიმპტომების დროს. 

მოკლედ განვიხილოდ ძირითადი სიმპტომები:

ხველა, რომელიც 4 კვირაზე მეტხანს გრძლედება არის გახანგრძლივებული, თუ ხველა ღამით ძლიერდება და ადგილი აქვს ნახველის გამოყოფას, ეს უკვე სიგნალია, რომელსაც სხეული გვიგზავნის. ხველა შეიძლება იყოს ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ვირუსული ინფექციის გართულების ნიშანი, ის ხშირად უკავშირდება ალერგიას, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, თუმცა ზოგჯერ უფრო სიღრმისეულ მიზეზებზე მიუთითებს. თუ ხველა არ წყდება, ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, აუცილებელია საფუძვლიანი კვლევა. 

სუნთქვის გაძნელება, ქოშინი - თუ სუნთქვის გაძნელება თან ახლავს მცირე ფიზიკურ დატვირთვას ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება, ეს საყურადღებო სიმპტომია. ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს ასთმის, ფქოდის ან ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ნიშანი. ასევე შესაძლოა წარმოადგენდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  პრობლემებით გამოწვეულ სიმპტომს. აქაც მიზეზის დასადგენად საჭიროა საფუძვლიანი შეფასება, რომელიც მოიცავს ფიზიკალურ გამოკვლევას, ფილტვების ფუნქციურ ტესტებს,  ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ კვლევებს. 

საყურადღებოა ტკივილი გულმკერდის არეში. ცნობილია, რომ ფილტვის ქსოვილის დაზიანებას არ ახლავს ტკივილი, მაგრამ როდესაც ყოველი ღრმა ჩასუნთქვა დისკომფორტს ან მწვავე ტკივილს იწვევს, სხეული გვანიშნებს რომ ყურადღება სჭირდება. ასეთი ტკივილი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს პლევრიტთან, კუნთების და ნერვული ქსოვილის გაღიზიანებასთან ან ტრავმასთან, თუმცა შესაძლოა უფრო სერიოზულ მდგომარეობაზეც მიუთითებდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფასება თუ ტკივილს თან ახლავს ქოშინი, ტემპერატურა და საერთო სისუსტე. 

მნიშვნელოვანია ისეთი ნიშნებიც, როგორიცაა ხმის ტემბრის შეცვლა, უმიზეზო წონაში კლება, სისუსტე, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, ხშირი რესპირატორული დაავადებები, ჭარბი ძილიანობა, ხმამაღალი ხვრინვა, რასაც აპნოე ეწოდება. 

პულმონოლოგთან ვიზიტი საჭიროა არა მხოლოდ სიმპტომების არსებობისას. არსებობს ადამიანთა რისკ-ჯგუფი, ვისთვისაც რეკომენდებულია პერიოდული შემოწმება. ესენი არიან: მწეველები და ყოფილი მწეველები, ადამიანები რომლებიც მუშაობენ მტვერთან, ქიმიურ ნივთიერებებთან ან დაბინძურებულ გარემოში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები - გულის დაავადებები, დიაბეტი და ა.შ., ალერგიული ფონის მქონე ადამიანები, ფილტვების დაავადებების ოჯახური ანამნეზის მქონე პირები. 

ფილტვების დაავადებების დიდი ნაწილი, ადრეულ ეტაპზე უკეთ იკურნება და კონტროლდება. დროული დიაგნოსტიკა ხელს უშლის დაავადების გართულებას, ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების რისკს, ამიტომ არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები ძალიან ეფექტურია. კლინიკა კონსილიუმ მედულა სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის და შესაბამისი მკურნალობის საშუალებას იძლევა: გულმკერდის რენტგენოლოგია, გულმკერდის დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია, სპირომეტრია, ბრონქოსკოპია, ლარინგოსკოპია, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. 


გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.